შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

კოლექტივში კოლექტიურად ამბოხებულები

10.10.2012 13:34

რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, რომ ადამიანის აზროვნებას, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, გარკვულწილად, სტატუსები განსაზღვრავს. ხოლო როცა პროტესტი გიჩნდება და პრობლემაზე ხმამაღლა საუბრობ, ე.ი.  მისი დაფიქსირების სითამამეც გყოფნის.

ასე, მაგალითად, ბაღში სიარულისას, როცა საქმე ძილზე მიდგება, ბავშვების ნაწილი, აღმზრდელთაგან გაფრთხილების, მუქარის თუ სხვა ზომების მიუხედავად, ჯიუტად თვალებდაჭყეტილი წევს. სკოლაში პრობლემა უფრო მასწავლებლებს, სისტემას, სწავლის მეთოდს უკავშირდება. აი, სტუდენტობის დროს კი, უნივერსიტეტში ფეხის შედგმისთანავე რწმუნდები, რომ შენ მოხვედი და, სამყაროს თუ არა, არჩეულ პროფესიას მაინც გადაარჩენ.

სტუდენტობისას ადვილად გამოთქვამ პროტესტს, აკრიტიკებ ყველას და ყველაფერს, არავის უწევ ანგარიშს, გიზიდავს საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებთან კამათი და მათი გაქილიკება... იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ხარ.

უნივერსტიტეტის დასრულების შემდეგ კი, უმეტესად, სისტემაში ექცევი. სისტემაში, რომელიც პროფესიების მიუხედავად, ერთი პრინციპით მოქმედებს და შენს სილაღესაც, ცენზურასთან ერთად, თვითცენზურა ეპატრონება. მიზეზი მარტივია - შიში. გეშინია სამსახურის, სტატუსის, საზოგადოებრივი მდგომარეობის, თუ რეპუტაციის დაკარგვის. ამიტომ, ყლაპავ ბევრ რამეს და აკეთებ იმას, რასაც გეუბნებიან. ამასობაში, დროსთან ერთად, შენი შემოქმედებითობა კვდება და ხელოსანი ხდები. 

სამუშაოსთან შინაგანი კონფლიქტის დროს, გამოსავლის ძებნის მექანიზმი ირთვება. არსებობს რამდენიმე ვარიანტი: ან რჩები სამსახურში და იმედი გაქვს, რომ რამე სასიკეთოდ შეიცვლება, ან სირაქლემას პოზას ირგებ და საერთო ფერხულში ისე ებმები, ანდაც, ტოვებ სამსახურს და სხვაგან გადადიხარ.

სამსახურის დატოვების რამდენიმე ფორმა არსებობს. მათ შორის, ყველაზე მშვიდობიანი, კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელზე, განცხადების დაწერაა, მაგრამ თუ რეზონანსის გამოწვევა გინდა, ხმამაღალი პროტესტი რეკომენდირებულია.

ალბათ, მე არ ვარ ერთადერთი, რომელმაც, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჟურნალისტთა ნაწილის მიერ, საკუთარი ხელმძღვანელობისადმი გამოთქმულ პრეტენზიებს სკეპტიკურად შეხედა. ვერაფრით გავარკვიე, რატომ აეხილათ თვალი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკაზე არჩევნების შემდეგ, რატომ მოუნდათ საკუთარი უფლებებისა და მედიის პრინციპების დაცვისთვის ბრძოლა, რატომ გადაწყვიტეს, რომ „პირველი“ ხალხის ინტერესებს არ ითვალისწინებდა და მთავარი: მანამდე სად იყვნენ?

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვახო სანაია და მისი გუნდი გაათავისუფლეს, ასევე, სამსახურიდან წამოვიდა ერთ-ერთი წამყვანი, ნინო თოლორდავა. თუმცა, უკვე საღამოს, თავად თოლორდავასგან ვერაფრით გავიგეთ, დატოვა თუ არა მან სამსახური?! მის გაურკვეველ საუბარს რომ თავი დავანებოთ, ვერ ვხვდები, როდესაც ოთხი წლის განმავლობაში, ისე კითხულობდა ტექსტებს, რომ წინააღმდეგობა არ უჩნდებოდა, უცებ რატომ იგრძნო უხერხულობა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპოზიციაში უდგას საკუთარ ხალხს?“

ვერ ვხვდები, რატომ იყო საჭირო პირველი ოქტომბერი, რომ ჟურნალისტებს, წლების მანძილზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გატარებული პოლიტიკა დაენახათ, რატომ არ გამოხატეს პროტესტი თუნდაც ბოლოს, პატიმრების წამების ამსახველი კადრების „პირველისეული“ გაშუქების გამო? რატომ არ აპროტესტებდნენ ხელმძღვანელობასთან იმას, რომ, ბოლო დროს ჩატარებული სხვადასხვა მონიტორინგის შედეგებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, თითქმის, ყველა კერძო ტელევიზიაზე მიკერძოებული აღმოჩნდა? არხი, რომელიც ცუდად კი არა, საერთოდ არ აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე გარკვეულ ფაქტებს.

მახსოვს, ცოტა ხნის წინ, ეკა კვესიტაძემ, „კავკასიის“ ეთერში დაახლოებით ასეთი რაღაც თქვა - მე მარტო ჩემს გადაცემას ვაკეთებ და ახალი ამბების რედაქცია როგორ მუშაობს, არ ვინტერესდებიო. მოგვიანებით, თითქმის, იგივე გაიმეორა ვახო სანაიამაც. რა თქმა უნდა, ყველა თავის გადაცემაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ როგორ შეიძლება, როდესაც ჟურნალისტი გქვია, არ გაინტერესებდეს რა გადის შენი არხის ეთერში, მით უმეტეს, მაშინ, როცა შოუსა და გასართობ გადაცემას არ აკეთებ და, მისი ფორმატიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, შენს ფუნქციებშიც შედის, რომ იცოდე, რას და როგორ აშუქებს შენი არხი, თუნდაც იმიტომ, რომ, თუ გიჩნდება, პროტესტი, თავის დროზე გამოთქვა?

წარსულს რომ თავი დავანებოთ, ბოლო პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, უამრავი მნიშვნელოვანი ამბის არგაშუქების შემდეგ, გულწრფელი აღიარება საინფორმაციოს წამყვანის მხრიდან, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლაა, რომ არსებობს „პარტიული დავალებები“ და ა.შ. ცოტა არ იყოს, „ჩაშვების ინსტიტუტს“ მაგონებს და ვითარება იმდენად ოდიოზურია, რომ ვფიქრობ, სჯობდა, ისევ ტექსტები ეკითხა. დარწმუნებით მაინც გვეცოდინებოდა, რომ  „პირველ არხზე“ მუშაობს და სამსახური არ დაუტოვებია.

 

P.S. ერთი თხოვნა მაქვს გია ჭანტურიასთან: როდესაც ლაპარაკობს BBC-სა და ეუთოს მონიტორების დასკვნაზე, რომ პირველ არხს ყველაზე დაბალანსებული, მიუკერძოებელი და კარგი საინფორმაციო გამოშვება აქვს, მაჩვენოს ის მონიტორები - თვალებში მინდა, ჩავხედო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test