შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

დაინახე შიშველი

19.10.2012 09:13

პირველად ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა დიდი, პიკანტური ბანერები, მერე - ჯერ კიდევ განუვითარებელ სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საიტებზე. ინტრიგა ჩამოვარდა, თუმცა არავინ იცოდა, თამამი და კრეატიული რეკლამა რას ნიშნავდა.
გავიდა დრო. სლოგანი - "დაინახე შიშველი", ახალი ტელევიზიის აღმოჩნდა. არხმა მაყურებლის გაოცება ნამდვილად მოახერხა, თუმცა, უფრო საკუთარი ჟურნალისტური სტანდარტებით, ვიდრე ფაქტების სიშიშვლით. ოფიციალურად, არხის მფლობელი ლია დოლიძე იყო, თუმცა კულუარებში საუბრობდნენ, რომ ფაქტობრივი მესაკუთრე სინამდვილეში გურამ დონაძე გახლდათ.

რამდენიმე წლით ადრე კი, ეთერში გავიდა არხი, რომელმაც მაყურებელთა ყურადღება მაშინვე მიიპყრო. გადიოდა ახალი თემატიკის, საინტერესო გადაცემები, გამოჩნდნენ ახალი სახეები და, რაც ყველაზე მთავარია, არხის საინფორმაციო პოლიტიკა, სხვებისაგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იყო. ეს ყველაფერი კი, შემდეგ, რეიტინგზეც აისახა. დამოუკიდებელი მედიის შექმნა და მისი შენარჩუნება, მით უმეტეს, ჩვენნაირი ქვეყნებისათვის, ძალიან რთულია. მართალია, "იმედის" პირველ მფლობელს, როგორც ამბობდა, ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკური ვითარების დაძაბვასთან ერთად, მაშინ, როცა ის აქტიურ პოლიტიკაში ცხადად ჩაერთო, არხის რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა.

აქედან მოყოლებული, უფრო ცხადად დაიწყო შეჯიბრი სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების მქონე არხებს შორის. მაგალითად, როცა ერთი, ქარხნებში ყურძენზე დაწესებული დაბალი ფასებით გამწარებული გლეხის მიერ, ვაზის აჩეხვის კადრს აჩვენებდა, მეორე ამ ადამიანს ეთერში იწვევდა და ვიგებდით, რომ მას თურმე არაფერი აუჩეხავს. ერთ არც ისე მშვენიერ დღეს კი, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. პარალელურად, ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმი შეიჭრა. არხი დროებით დაიხურა.

მომხდარი აქტიურად ჟურნალისტების დიდ ნაწილს არ გაუპროტესტებია. არ მახსენდება „იმედელებისათვის“ მხარდამჭერი არცერთი აქცია.

დაიწყო ისტორიის მეორე ნაწილი.

„იმედის“ ზოგიერთი ჟურნალისტი სხვაგან გადავიდა. ნაწილმა, ტელევიზიას არ უღალატა და დარჩა. არხი რამდენიმე თვის შემდეგ, ეთერში ისევ გავიდა, თუმცა სხვა მფლობელით და რადიკალურად შეცვლილი საეთერო პოლიტიკით. აქ დარჩენილი ჟურნალისტები, ისინი, რომლებიც, სპეცრაზმის შეჭრის დროს ტელევიზიაში იმყოფებოდნენ, შენობაში გამოკეტეს და საკმაოდ მძიმე შოკიც მიიღეს, ძალიან ადვილად გადაერთვნენ ახალ რიტორიკაზე.

მერე იყო მოდელირებული ქრონიკა, რომელიც ახალ „იმედს“ რიგითი გადაცემასავით შერჩა, მერე საინფორმაციო გამოშვების პრიორიტეტები - უცხოეთში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფები, მერე სერიალები და ტოქ-შოუები. „იმედი“ თანდათანობით დაემსგავსა იმ არხს, რომლითაც დავიწყე ამ ბლოგის წერა.  

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან პირველივე დღეებში, ქვეყანაში, მედიაგარემოზე მკვეთრად არაფერი შეცვლილა. ჩალის ფასად ჯერ ყიდულობენ და მერე ყიდიან არხებს, ჩამოწერეს მილიონობით დავალიანება,  ორ დღეში, რეალ TV-iს საინფორმაციო სამსახური დაიხურა. კულუარებში უფრო და უფრო ხშირად ალაპარაკდნენ „იმედის“ დახურვაზეც, თუმცა, ბევრისთვის გასაკვირად, არხი ძველ მფლობელებს დაუბრუნდა.

ადამიანის თვითგადარჩენის ინსტიქტს საზღვარი არ აქვს. როგორ მოიქცა ჟურნალისტთა ნაწილი? შენობაში შესულ ძველ მფლობელებს ფოიეში ტაშით შეხვდნენ. ისე, როგორც განმათავისუფლებელს ხვდებიან. ისე, თითქოს წლების განმავლობაში „პიზდეც“ სიუჟეტებს ძალით ამზადებინებდნენ, ისე, თითქოს თავად არ ჰქონდათ ჩართული თვითცენზურა, ისე, თითქოს, სხვა მედიასაშუალებაში გადასვლის შანსი წაართვეს...

როდესაც ასეთ ადამიანებს უყურებ, ძნელია, თავი კარგად იგრძნო. ისინი რაღაცით ჰგვანან იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში მიდიან, ბრუნდებიან, მერე ისევ მიდიან და ა.შ. როდესაც ხედავ, რომ ისინი უპრობლემოდ  იცვლიან ღირებულებებს, გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ მათ პრინციპები არ გააჩნიათ. ასეთი ადამიანები საქმეში სანდონი არ არიან. ადამიანური მომენტების მიუხედავად, პირადად მე, „იმედის“ უკლებლივ ყველა ძველ თანამშრომლს გავათავისუფლებდი, პირველ რიგში კი მათ, ვინც ძველ ახალ მფლობელებს ტაშისკვრით შეხვდნენ.

ადამიანური კუთხით, გული მწყდება იმ უამრავი ჟურნალისტის გამო, რომელიც სამსახურის გარეშე რჩება (სამართლებრივი დავის მოგების შემთხვევში, ჩხარტიშვილის ერთი „მზე“ სად დაიტევს „რეალ- TV-სა და „იმედის“ ამდენ თანამშრომელს, წარმოდგენა არ მაქვს). ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ყველაფერი ვიცოდით,  მაინც „შიშველი სიმართლე“ დაგვანახა: ტელევიზიების დიდი ნაწილი ხელისუფლების ხარჯზე არსებობდა.

გარდა იმისა, რომ საინფორმაციოები დაიხურა, აქციათა ფასები საეჭვოდ სწრაფად დაეცა. ვინ იფიქრებდა რომ რომელიმე ტელევიზიის 100%-იანი წილი იმაზე იაფი ეღირებოდა, ვიდრე ერთოთახიანი ბინა ქალაქის გარეუბნებში. „რეალ ტვ“-ს ახალი მფლობელი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საერთაშორისო კავშირ „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აღმოჩნდა. ტელეკომპანია 30 000 დოლარად ისე გაიყიდა, რომ მაყურებლისათვის შიშველი სიმართლის ჩვენება ვერ მოასწრო. ალბათ, ბევრი ამ სლოგანში ირონიას ხედავს, თუმცა მგონია, არხის მესვეურები სიშიშვლის ჩვენებას, არაეთიკურობის გამო  მოერიდნენ. ეთიკური ნორმების დაცვაც ხომ ჟურნალისტიკის ერთ-ერთი სტანდარტია?!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test