შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

რესპონდენტისგან დაპრესილი ჟურნალისტები - შედეგი თუ დამსახურება?

22.10.2012 14:53
ჟურნალისტები VS კახა ბენდუქიძე (photo: )

ჟურნალისტები VS კახა ბენდუქიძე

როდესაც ჟურნალისტი რესპონდენტს ინტერვიუზე უთანხმდება, ეს ნიშნავს, რომ თემაზე გარკვეული მოკვლევა უკვე ჩატარებული აქვს, საკითხში, მეტ-ნაკლებად, გარკვეულია და კონკრეტული კითხვები აწუხებს. ინტერვიუს შეთანხმებისას, ორივე მხარე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას - კითხვები და პასუხები ადეკვატური უნდა იყოს.

ეს თეორიულად, ჩვენს პრაქტიკაში კი იშვიათია შემთხვევა, როდესაც მასმედიის წარმომადგენლები, რესპონდენტთან შესახვედრად, სიღრმისეულად ემზადებიან. ზედაპირულ ჟურნალისტურ ნაშრომს, რომელსაც, სამწუხაროდ, უხვად ვქმნით, დიდი კირკიტი არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, არსებობენ რესპონდენტები, რომელთან ინტერვიუზეც, მისი ხასიათისა თუ ჟურნალისტებთან დამოკიდებულების გამო, საფუძვლიანი მომზადება იმიტომ გვჭირდება, რომ შეხვედრიდან, მინიმუმ, საკუთარ თავთან შერცხვენილები არ წამოვიდეთ.

ერთ-ერთ ასეთ რესპონდენტად, საქართველოში, დიდი ხანია, კახა ბენდუქიძე მიიჩნევა. მისი მონაწილეობით გასულ გადაცემებზე ლეგენდები დადის და როცა  მასთან კითხვების დასასმელად მიდიხარ, იცი, სად „ჰყოფ“ თავს. საზოგადოებრივი მდგომარეობის მიუხედავად, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს, როგორც ჟურნალისტს, შორიდან შეხედო: გარკვეულ მასალებს გაეცნო, რაღაცებში ფაქტებით დარწმუნდე, რაღაცებში გადარწმუნდე და ერთხელ მაინც შექმნა პრეცედენტი, როცა ასეთ რესპონდენტთან ინტერვიუ საზოგადოების ცნობიერებაში „უვიცი ჟურნალისტის“ მითს დაამსხვრევს.

ის, რომ ბენდუქიძესთან შეხვედრები ძირითადად, მასმედიის წარმომადგენლების შეურაცხყოფით მთავრდება, ორივე მხარის ბრალია. ჟურნალისტებისგან ხშირად გვესმის თავის მართლება, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი უზრდელი და არაეთიკურია და მათ კითხვის ნორმალურად დასმის საშუალება არ აქვთ, თუმცა, არ მახსენდება შემთხვევა, როცა ბენდუქიძე შეკითხვას უგულვებელჰყოფს. მთავარი პრობლემა, უფრო ჩვენს არაკომპეტენტურობაში მდგომარეობს. არაკომპეტენტურობაში, რომელზეც რესპონდენტები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. მაგალითად, ზოგი მშვიდად გიხსნის საქმის არსს (მიუხედავად იმისა, რომ ვერ იგებ და მაინც შენსას განაგრძობ), ზოგი არ იმჩნევს, ზოგად პასუხს გცემს და ცდილობს, დაიჯეროს, რომ კითხვა არასწორად გაიგო, კახა ბენდუქიძის რეაქციები კი სხვებს არ ჰგავს და, სამწუხაროდ, ხშირად სამართლიანია.

მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა როგორ დაუსვა გარემოს შესახებ ერთ-ერთ კანონზე კითხვა იურიდიული კომიტეტის წევრს. რესპონდენტმა თემა არ იცოდა და ზოგადად უპასუხა. ისიც მახსოვს, კოლეგის გამო უხერხულად რომ ვიგრძენი თავი. დაახლოებით, მსგავსი ემოცია მქონდა შაბათის „პრეს-პრესში“ რამდენიმე კითხვის მოსმენისას, რომლებზეც რესპონდენტმა პირდაპირ განაცხადა, ამ თემის კურსში არ ვარ და ნუ ცდილობთ, იაფფასიანი ხერხები გამოიყენოთო.

https://www.youtube.com/watch?v=KzgUuoo4DMk&feature=youtube_gdata_player

გადაცემა „პრეს-პრესი“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შედგა: სამწუხაროდ, ზუსტად ისე, როგორც მოსალოდნელი იყო - ჟურნალისტებმა და რესპონდენტებმა როლები გაცვალეს. შეცდომა წამყვანმაც დაუშვა. გადაცემის სადავეები, რამდენიმე კითხვის შემდეგ, მთლიანად რესპონდენტს გადააბარა და იმ დასჯილი ბავშვის როლი მოირგო, რომელმაც გაკვეთილი არ მოამზადა.

მწვავე კითხვების, სწორი შენიშვნებისა და ჟურნალისტური კლასის ნაცვლად, ჩვენ ეთერში მივიღეთ ერთი კაცის შოუ, რომელმაც საზოგადოებას კითხვებზე პასუხი არ გასცა, თუმცა ქართული მასმედიის არაერთ კრიტიკოსს მოფხანა გული (ალბათ, ბევრ მათგანს, იქ წარმოდგენილი ზოგიერთი ჟურნალისტის გამო, კიდეც დასწყვიტა). საინტერესო ისაა, რომ ბენდუქიძის დამცინავ რეპლიკებზე, თავად ჟურნალისტებსაც ეცინებოდათ და სულაც არ ჩანდა, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ქცევით შეურაცხყოფილები ჩანდნენ. მოდი, გულწრფელად ვთქვათ, რომ მისი შენიშვნების დიდი ნაწილი (ბუნებრივია, მიმართვის ფორმებს არ ვგულისხმობ), წინა შემთხვევების მსგავსად, ამჯერადაც სავსებით სამართლიანი იყო.

სტუდენტებისა და ახალი თაობის ჟურანლისტებისათვის, იდეაში, „პრეს-პრესი“ კარგი მაგალითი უნდა იყოს იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეს ჟურნალისტი რესპონდენტად საკუთარ გადაცემაში, როგორ არ უნდა დასვას კითხვები თემაზე, რომელიც, მინიმუმ, გაუაზრებელი აქვს, რა დონეზე უნდა სცემდეს პატივს საკუთარ თავს, რომ შეხვედრაზე მოუმზადებელი არ მივიდეს, როგორ არ უნდა დახარჯოს ძვირფასი დრო არაფრისმომცემ თემებზე მაშინ, როცა სხვა, საინტერესო საკითხების ამოტრიალება შეუძლია...

„პრეს-პრესმა“ ამჯერად ჟურნალისტები დაპრესა. საინტერესოა, ეს შედეგი იყო თუ დამსახურება?!

P.S. კახა ბენდუქიძე ერთი საათის განმავლობაში, ეთერში აგრარული უნივერსიტეტის მაისურით იჯდა და საკუთარი უნივერსიტეტის ირიბი რეკლამა აკეთა. ვითომ არაფერი, მაგრამ არხისათვის, რომელიც რეკლამაში ფულს იღებს, წესით, საყურადღებო დეტალი უნდა იყოს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test