შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ჟურნალისტებისთვის არაორგანიზებული მთავრობის პირველი სხდომა

01.11.2012 07:13

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალი მთავრობისადმი დიდი ინტერესი არსებობს. ასეთ დროს კი, ჟურნალისტების მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა მედიისთვის ახალი მთავრობის პირველ სხდომასაც, თუმცა ჟურნალისტთა დიდ ნაწილს ამ სხდომის გაშუქებისას პრობლემები შეექმნა.

მიუხედავად მასმედიისათვის მიცემული დაპირებისა, 31 ოქტომბერს, პირველი მთავრობის სხდომის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტები, კანცელარიის მეთორმეტე სართულზე, სადაც მთავრობის სხდომა ტარდებოდა, არ აგვიშვეს. ჩვენ მესამე სართულზე დაგვტოვეს, სხდომის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე კი ზემოთ მიკროფონები და ჩამწერები აიტანეს, შემდეგ - ოპერატორებს უხმეს.

მთავრობის სხდომათა დარბაზი, კანცელარიის მეთორმეტე სართულზეა განთავსებული. ჟურნალისტები და თანამშრომლები შენობაში მესამე სართულიდან ხვდებიან, პირველი სართულით კი ის ადამიანები სარგებლობენ, რომლებიც კანცელარიაში მანქანით მოდიან. დარბაზიდან მასალის ლოდინისას, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ სხდომაზე მოსული მინისტრების ჩაწერა, მესამე სართულის ფოეიში (სადაც ჟურნალისტები ვიყავით და საიდანაც მინისტრების ნაწილი შემოდიოდა) თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ ჩამწერი მოწყობილობები არ გვქონდა თან.

ამასთან, ჟურნალისტთა ნაწილი, რომლებიც მაღალჩინოსნებს პირველ სართულზე ელოდა, კომენტარების აღების შემდეგ, პრემიერის კომენტარის გარეშე დარჩა - ჩამწერებისა და კამერების შეგზავნა, სხდომაზე ფიზიკურად ვერ მოასწრეს. გაუმართლათ იმათ, ვინც გადაღებაზე ორი კამერით იყო მოსული.

მუშაობის ამ პირობებით უამრავი ჟურნალისტი აღშოფოთდა. სიტუაციის გამამართლებელი ერთადერთი არგუმენტი კი, კანცელარიის მხრიდან ის იყო, რომ მთავრობა ლაგდება, რომ საორგანიზაციო საკითხები გადასაწყვეტია, რომ ცოტა ხანში იმსჯელებენ, თუ როგორი ფორმით მიეცემათ ჟურნალისტებს ინფორმაცია და მუშაობის საშუალება. თუმცა ვერავინ გავიგეთ, რა პრობლემას წარმოადგენდა სხდომათა დარბაზთან ლოდინის უფლება მოეცათ, სადაც ყველა ჟურნალისტს რესპოდენტის ჩაწერის თანაბარი პირობები ექნებოდა.

ჟურნალისტების გარდა, მუშაობის ნორმალური საშუალება არც ოპერატორებს ჰქონდათ. ისინი სხდომათა დარბაზში მაშინ შეუშვეს, როცა პრემიერმა მისასალმებელი სიტყვა დაიწყო, დასრულების შემდეგ კი, კადრების გადასაღებად, იმდენად ცოტა დრო მისცეს, რომ მასალის აკრეფა ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ.

ამის პარალელურად, უკმაყოფილო ჟურნალისტებს პრესსამსახურის წარმომადგენელი გვიხსნიდა, რომ სინქრონების თავიდან ჩაწერა არ იყო პრობლემა. მათი თქმით, მინისტრები სხდომის დასრულებისთანავე, სასურველ საკითხებზე მაინც მოგვცემდნენ კომენტარს. თუმცა,  რამდენად შეიძლება ეწოდოს ორი-სამი საათით დაგვიანებულ ამბავს ნიუსი მაშინ, როცა სხვა მედიასაშუალებას უკვე გადაცემული აქვს, ამაზე არაფერი უთქვამთ.

უკმაყოფილების შემდეგ, გადაწყდა, რომ სხდომის დასრულებისთანავე ბრიფინგი გაიმართებოდა. ასეც მოხდა, თუმცა ზოგადი სიტუაცია არ შეცვლილა.

შესაძლოა, რამდენიმე კვირაში მასმედიის საკითხი კანცელარიაში მართლაც მოგვარდეს, თუმცა პირველივე სხდომის ასეთი არაორგანიზებულობა თავისთავად იწვევს უნდობლობას. საუბარი იმაზე კი არ არის, რომელ სართულზე გამოგვიყოფენ ოთახს, არამედ იმაზე, რომ მუშაობის ნორმალური პირობები შეიქმნას. თუკი ასე გაგრძელდა,  ჟურნალისტების მუშაობას აზრი ისევე არ ექნება, როგორც წინა პრემიერის დროს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ დროის გასვლასთან ერთად, მთავრობის წევრებს, ჟურნალისტებთან გამოჩენისა და კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი უქრებათ.     

 

P.S. ჟურნალისტების პირველი აღშფოთება, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, კანცელარიაში მასმედიისთვის დაწესებულმა აკრძალვებმა გამოიწვია. ახალი ნორმების მიხედვით, მათ სხდომათა დარბაზთან მინისტრების ლოდინი აეკრძალათ. მოსაცდელად გამოიყო ცალკე ოთახი, მაგრამ ლოდინს, ფაქტობრივად, აზრი არ ჰქონდა: ჟურნალისტებს მინისტრებისგან კომენტარის აღების საშუალება არ ეძლეოდათ, სხდომათა დარბაზში გადაღებულ მასალას კი, პრემიერის აპარატი ტელევიზიებს თავად აწვდიდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test