შემოგვიერთდი

ქართული ჟურნალისტიკის ხუთი მონსტრი

02.11.2012 09:21

საქართველოში კარგი ჟურნალისტი ცოტაა, ცუდი - ბევრი. კარგში, რა თქმა უნდა, ტელეგენურობას და პოპულარული ტელეშოუების წამყვანობას არ ვგულისხმობ. ისევე როგორც ცუდში არ იგულისხმება პროვოკაციული შეკითხვებით რესპონდენტის წყობიდან გამოყვანის უნარი (ეს საერთოდ არ არის ჟურნალისტიკა). დეფინიცური დაყოფა უფრო მეტად პროფესიონალიზმის მიხედვით ხდება. შესაბამისად, მეც სწორედ იმ რამდენიმე დაბრკოლებაზე მინდა ვისაუბრო, რომელიც პროფესიით ჟურნალისტს პროფესიონალ ჟურნალისტამდე აშორებს:

ა) სიზარმაცე  - ბოლო პერიოდში ბევრი ისეთი საინფორმაციო სააგენტო გამოჩნდა, რომელიც რეიტინგის გაზრდას სკანდალური სათაურის მქონე სტატიებით ცდილობს. თუმცა, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, ღმერთის მეტმა, ალბათ, არავინ იცის. ჟურნალისტური „ანდაზაა“ ერთი: დედა თუ გეტყვის „მიყვარხარ“ - გადაამოწმეო. უტრირებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ისე უნდა ხდებოდეს მაინცდამაინც, როგორც ჩვენთან არის: წამოიძახებს ვიღაც რაღაცას და „ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვებით“ აჟიტირებული ჟურნალისტები მის სიტყვებს მაშინვე გადაუმოწმებლად აქვეყნებენ. მერე რა, რომ ამ ამბის გავრცელება შეიძლება ინფორმატორის ინტერესებში შედიოდეს და რომ მისი სანდოობისთვის მინიმუმ ორი წყაროა საჭირო. სამაგიეროდ, ეპითეტია ბევრი: „სარწმუნო ანონიმური პირი“, „სანდო წყარო“, ან სულაც „ადამიანი, რომელმაც ვინაობის დამალვა გვთხოვა“... და თუ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, თამამად შეიძლება „სარწმუნო პირის“ არაკომპეტენტურობას დაბრალდეს. გასაგებია, რომ წყაროს კონფიდენციალურობაც ერთ-ერთი ღირებულებაა, მაგრამ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება რომ არ უნდა იყოს მთლად გადაუჭრელი პრობლემა, ესეც ფაქტია.

ბ) სწორხაზოვნება - კონფერენციებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე ხდება ხოლმე ასე. როგორც კი გამომსვლელი შეკითხვების დასმას ითხოვს, მაშინვე მთელი დარბაზი ისუსება. როგორც წესი, ამ გაჭირვების ჟამს ყოველთვის გამოჩნდება ერთი გმირი, რომელიც შეკითხვის დასმას გაბედავს, მაგრამ საკუთარი სიმამაცით აღფრთოვანებული პასუხს ყურს საერთოდ აღარ უგდებს და თავის პერიოდული დაქნევითაც კმაყოფილდება. ანალოგიურად იქცევა ხშირ შემთხვევაში ქართველი ჟურნალისტიც - რესპონდენტს მომზადებულ შეკითხვებს უსვამს, მაგრამ პასუხებს ყურადღებით ნაკლებად უსმენს და ნაკლებადვე ცდილობს მათგან გამომდინარე შეკითხვებიც მოაფიქრდეს. ხომ არავინ აძალებს და თავი ზედმეტად რატომ უნდა აიტკივოს?

გ) არაკომპეტენტურობა - ქართველი ჟურნალისტი ხშირად ეყრდნობა ლეგენდებს, მეზობლის მონათხრობს და ახლობლის ბიძაშვილის სანდო ინფორმაციას. ლეგენდებია, მაგალითად, „ტყეები და მდინარეები გაგვიყიდეს“, „მთელი საქართველო ჩინელებმა დაისაკუთრეს, კაცო“, „ბენზინის ბიზნესს მთლიანად სააკაშვილის ოჯახი აკონტროლებს“ და მსგავსი. რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, ყველაფერი ეს მართალი იყოს, მაგრამ საშუალო სტატისტიკურ ქართველ ჟურნალისტს მისი დასაბუთება რომ სთხოვო - ერთადერთი მყარი არგუმენტი „ეს ხომ ყველამ ისედაც იცის“ იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დროდადრო ქართველი ჟურნალისტი შეკითხვის დასმისას ეყრდნობა სახალხო ჭეშმარიტებებს და არგუმენტების მოსაძებნად თავს ნაკლებად იწუხებს. შეკითხვების შებრუნება ხომ მარტო ბენდუქიძეს უყვარს და მაგასთან თუ შერცხვა, რა მოხდა ახლა - ერთხელ ბენდუქიძესთან ვინ არ შერცხვენილა...

დ) ზოგადი განათლების დეფიციტი - ვის, ვის და ჟურნალისტს ელემენტარული განათლება ნამდვილად მოეთხოვება. მან შეიძლება არ იცოდეს ივანე ბერიტაშვილის მოღვაწეობის დეტალები, მაგრამ ათწლეულების წინ გარდაცვლილ მეცნიერს ინტერვიუს ასაღებად არ უნდა ეძებდეს. შეიძლება არ იცოდეს, რომელ წელს მოხდა კრწანისის ბრძოლა, მაგრამ მის კადრებისთვის ტელევიზიის არქივს არ უნდა მიაკითხოს. შეიძლება არ იცოდეს, რომ მართკუთხა სამკუთხედში კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ რაღაცის 1,5-ჯერ გაზრდა 12 %-იან ზრდაზე მეტია... სულ მინიმუმ, მრავალფეროვანი ლექსიკისათვის არის განათლება საჭირო, პირდაპირი ჩართვების დროს ელემენტარული ტავტოლოგიები რომ ავირიდოთ თავიდან. თუმცა, ჟურნალისტიკა ხომ ისედაც ისეთი დატვირთული პროფესიაა  და სად არის წიგნების კითხვის დრო.

ე) არაობიექტურობა - ჟურნალისტიკაში არაფერი ჩანს იმაზე ცუდად, ვიდრე ჟურნალისტის ცინიზმი და აშკარა მიკერძოება. დღეს ჟურნალისტისაგან ობიექტურობა უკვე ისეთი უჩვეულოა, რომ ლამისაა პულიცერის პრემიის ღირსად შევრაცხოთ. არადა, ეს დაახლოებით იგივეა, ავტობუსის მძღოლი რომ განვადიდოთ მოძრაობის წესების ცოდნის გამო, ან გამყიდველს კალკულატორის გამოყენების უნარი შევუქოთ. ამგვარი არაობიექტურობა კი ხშირად ჟურნალისტურ არაეთიკურობაშიც გადადის და შესაბამისად, „ფეისბუქის“ საზოგადოებას საშუალებას აძლევს გულში დაფარული ბილწი ლექსიკა მაინცდამაინც ამ ჟურნალისტის მიმართ გაასაჯაროვოს...

მოკლედ, პრობლემა იმდენია, შეიძლება ანბანის ოცდაცამეტივე ასო არც ეყოს. ზოგი გამოსავალს ახალი თაობის მოსვლაში ხედავს, ზოგი - ძველის წასვლაში, ზოგიც უბრალოდ ჩემსავით აკრიტიკებს. თუმცა, ყველაზე რეალისტური და თვითმანუგეშებელი გამოსავალი ამ შემთხვევაში, ალბათ, ერთია - უნდა დავუშვათ შეცდომები იმისათვის, რომ ვისწავლოთ და შეცდომები აღარ დავუშვათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test