შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

5 წლით დაგვიანებული ეთერი

08.11.2012 13:09

ტელეკომპანია „იმედი“ძველ მფლობელებს, რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა. გამოცხადდა რეორგანიზაცია, შეწყდა საინფორმაციო გამოშვებები. დაითხოვეს ჟურნალისტები...

ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ "იმედი“ და პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. 2007 წლის 7 ნოემბერს არხი ყველასათვის ცნობილი მოვლენების გამო დახურეს და მფლობელებს ჩამოართვეს. აქედან მისი არსებობის მეორე ეტაპი იწყება: მოდელირებული „ქრონიკით“, არაადეკვატური საინფორმაციო გამოშვებებით, საპნის ოპერებით, თუ უგემოვნო გასართობი შოუებით. ძველი მფლობელებისათვის დაბრუნების შემდეგ „ძველი იმედი“, ძველ სახეებთან ერთად ეთერში სიმბოლურად, 2012 წლის 7 ნოემბრის ღამეს გავიდა.

არსებობს თემები, რომლებზეც კითხვები ყველას აწუხებს. არის შემთხვევები, როდესაც მათზე საუბრის საშუალება არ გვეძლევა, ან სპეციალურად ვარიდებთ თავს. თუმცა დგება დრო, როცა  პასუხის გაცემის აუცილებლობა ჩნდება და ჩვენც, ამდენი ხნის სიჩუმის შემდეგ, ძველ, კეთილ დროს, თავის მართლების რეჟიმში ვიხსენებთ.

ასეთ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს თემები, რომლებთან დაკავშირებული ემოციებიც ადამიანებს მივიწყებული აქვთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ემოციების გახსენებასთან ერთად, თემის განსხვავებულ ჭრილში დანახვაც არის საჭირო. ბოლოსდაბოლოს, 5 წელი საკმარისი დროა იმისათვის, რომ მაშინ მოვლენების ეპიცენტრში მყოფმა ადამიანმა მომხდართან დაკავშირებით, გარკვეული თეორია საკუთარ თავში მაინც ჩამოაყალიბოს.

„იმედი“ ღია ეთერში „ღია ეთერით“ დაბრუნდა. მაუწყებლობა გაგრძელდა იქ, სადაც შეწყდა. თუმცა, 3 ტელევიზიით გასული პირდაპირი ეთერი, პათოსით უფრო "მარადიული ხსოვნისათვის" დამახასიათებელ მოსაგონარს ჰგავდა, ვიდრე  გადაცემას, სადაც მოვლენის განსხვავებულ ხედვას გვთავაზობენ.

გადაცემის ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, 5 წლით უკან დავბრუნდით. თემა ძველი და მტკივნეულია, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ნეკროლოგის მაგივრად, საკითხის სიღრმისეული ანალიზი გაკეთებულიყო და საზოგადოებას თავი იმ რეალითი შოუს მაყურებლად არ ეგრძნო, სადაც წრეში მსხდომი ადამიანები საკუთარ ისტორიებს სინანულით ჰყვებიან?!

არ ვიცი, ორმაგი სტანდარტების გარდა სხვა რა შესატყვისი შეიძლება მოეძებნოს იმ ჟურნალისტების საუბარს, პათოსს თუ "აღიარებას", რაც გუშინ მოვისმინეთ. ისინი საუბრობდნენ საერთო ღირებულებებზე, რომლებსაც 7 ნოემბერს იცავდნენ, პრინციპებზე, რომლებიც მათთვის ყველაზე მაღლა იდგა, თუმცა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ დიდმა ნაწილმა ისინი სწრაფად დაივიწყა: ზოგიერთი მათგანი მალევე გადავიდა კონკურენტ არხზე, ზოგი გასართობ და კულტურულ თემებს ამოეფარა (ალბათ, არც დაუშვიათ, რომ ირიბად, გაცილებით პოლიტიზირებული სიუჟეტების კეთება შეიძლება, ვიდრე პირდაპირ), ზოგი საჯარო სამსახურში წავიდა (იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც ხელკეტები და შეურაცხყოფა არ დაიშურა მისთვის), ზოგი კი დარჩა და ახალ იდეოლოგიაზე უმტკივნეულოდ გადაეწყო...

ეს ადამიანები ისხდნენ და იხსენებდნენ წარსულს. ხუთი წლის დაგვიანებით საუბრობდნენ შეურაცხყოფაზე, დამცირებასა და თავისი უფლებების შელახვაზე. ვერც გაამტყუნებ: 2007-ში უკანონობაზე სასაუბროდ არ ეცალათ - ზემოთ ნახსენებ სამსახურებს ეძებდნენ.

გუშინდელი "ღია ეთერი", ქართული საზოგადოების დამახასიათებელი კარგი მაგალითი იყო. ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტები სწრაფი და უმტკივნეულო ტრანსფორმაციის უნარით, ახალი პროკურატურის ობიექტურობაში საეჭვოდ სწრაფად დარწმუნებულები, თავის მართლების რეჟიმში და ა.შ. სამწუხაროა, რომ ორმაგი სტანდარტები ჩვენთან ძირეულ პრობლემად არ აღიქმება. არ არის უხერხული, როცა ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადადიხარ და პირიქით. არც ისაა უხერხული, რომ ერთი სამსახურის შიდა ამბებზე საჯაროდ საუბრის შემდეგ, ზოგიერთს გმირად ნათლავენ და უპრობლემოდ იღებენ სხვაგან, საჭიროების შემთხვევაში კი არც უკან დაბრუნების პრობლემა არსებობს.

არ არსებობს პრობლემა, სამაგიეროდ, არსებობს არგუმენტები. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი მნიშვნელობა აქვს, სად იმუშავებს და მათთვის მთავარია, საქმე აკეთონ. მიკვირს დამსაქმებლისაც, როცა სამსახურში ასეთი ადამიანები აჰყავთ. არ მესმის, როგორ შეიძლება ისინი საქმესა და პირად ურთიერთობებში, სანდოები იყვნენ?!

მაშინ, როდესაც ძველ ახალ ეთერში ხედავ ჟურნალისტს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში საზოგადოებრივ-სოციალურ თემაზე გადაცემას აკეთებდა, რომელსაც აქვს ჟურნალი, სადაც ყოფილი სამთავრობო ელიტის შოუ-ბიზნესური ამბები შუქდებოდა, რომელიც სიტუაციის შეცვლის შემდეგ, თავის საზოგადოებრივ ტოქ-შოუში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე ალაპარაკდა და შემდეგ ისევ "იმედზე" გამოჩნდა, ცოტა არ იყოს, უნდობლობის გრძნობას იწვევს. სამართლიანობის პრინციპი არამხოლოდ იმ ძველი ჟურნალისტების გაშვებას გულისხმობს, რომლებიც ბოლო ხუთი წელი საოცრებებს აკეთებდნენ, არამედ, ასეთი შემთხვევების გადახედვასაც მოითხოვს. შერჩევითი სამართალი კი არასწორი მიდგომაა.

გადაცემას რომ დავუბრუნდეთ, გულდასაწყვეტია, რომ საბოლოოდ ეს ემოციადაკარგული ეთერი გამოვიდა. ეთერი, სადაც ახალი არაფერი თქმულა, არ გამოკვეთილა საინტერესო დეტალები, არ დასმულა კონკრეტული კითხვები.

P.S. ორიოდე სიტყვა "იმედზე" - ძველი მფლობელების დაბრუნების შემდგომ. ძველი ლოგოს გარდა, ეთერში დაბრუნდა ძველი სერიალები და გადაცემები... როდესაც ამ არხს ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს. რომ უკან ვბრუნდებით. ახალმა "იმედმა" (როგორც ამბობენ) ახალი სიტყვა უნდა თქვას და ძალიან ცუდი იქნება, თუ შვიდი ნოემბრის თემატიკაზე ძველ სერიალებსა და მუსიკალურ ტოქ-შოუებზე ისე ჩაიციკლებიან, როგორც ქართველი გულშემატკივარი, რომელიც ქართული ფეხბურთის გენიის დამამტკიცებელ საბუთად სიამაყით იხსენებს, როგორ მოიგო "თბილისის დინამომ" 1981 წელს თასების თასი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test