შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

სოლიდარობა უმუშევრებს?!

16.11.2012 09:47

განვითარებად ქვეყნებში ყველაფერი ეფემერულია: მშვიდობა, ცხოვრების დონე, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და, აქედან გამომდინარე, სამსახურიც. აქ, სადაც არ უნდა იყო დასაქმებული,  ყოველ მეორე დღეს შიშით ხვდები: არ იცი, კვლავ გექნება თუ არა სტაბილური შემოსავალი.

სხვა სფეროების მსგავსად, არც ჟურნალისტიკაში არსებობს გარანტიები. თავის დროზე პირველი შოკი, ძველი "მეცხრე არხის" მოულოდნელად დახურვამ გამოიწვია. სამსახურში ჩვეულებისამებრ გამოცხადებულმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ტელევიზია დაიხურა. პირველი აპრილის მიუხედავად, ინფორმაცია ხუმრობა არ ყოფილა.

კულუარებში გამოთქმული სინანულის გარდა, კოლეგებისადმი სოლიდარობა ღიად ბევრს არ გამოუხატავს. ყოფლი “მეცხრე არხელები” სხვადასხვა მედიასაშუალებებში გადანაწილდნენ და ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა. ისევე, როგორც „იმედის“ მოვლენების დროს, თითქოს, ხუთი წელია არაფერი მომხდარა.

2007 წლიდან  ჟურნალისტიკაში ახალი ერა დაიწყო. გამოჩნდა ახალი ტელევიზიები  გაიხსნა ძველი. რიგ საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელევიზიებს შეეცვალათ მფლობელები, რის შემდეგაც მუშაობა რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიით დაიწყეს. ახალ ტელევიზიებში ახალი სახეები და საინფორმაციოების კეთების თავისებური სტილიც გამოჩნდა. თითქოს ამდენი ტელევიზია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, პრაქტიკის გასავლელად შექმნეს. არადა, აქ უკვე გამოცდილი კადრები მუშაობდნენ.

თითოეულ ჩვენგანს ახსოვს ჟურნალისტები, რომლებიც პროვოკაციებს არ ერიდებოდნენ, ჟურნალისტები, რომლებიც არაეთიკურ სტატიებს წერდნენ, ჟურნალისტები, რომლებიც საზოგადოების გაოცებასა და აღშფოთებას იწვევდნენ. მაშინ ყველა ვთანხმდებოდით, რომ ეს არ შეიძლებოდა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, ცვლილებების პირველი ტალღა მედიას შეეხო და ამ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა. წესით, ეს, როგორც სხვებისთვის, მათთვისაც მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რადგან კულუარებში ყველამ იცოდა, თუ რა ფინანსებით არსებობდნენ. თუმცა, ცოტა არასასიამოვნო იყო უამრავი ადამიანის, განსაკუთრებით, ჟურნალსიტების ნახვა, რომლებსაც ამ ხალხის უმუშევრად დარჩენა გაუხარდა.

პრინციპში, რა არის ამაში გასაკვირი? მათ დაიმსახურეს ის, რაც მიიღეს. თუმცა, რამდენ ჩვენგანს უფიქრია, ვინ მუშაობდა ამ მედიასაშუალებებში?

მაგალითად, ყოველწლიურად, უმაღლესი განათლების მისაღებად, რეგიონიდან თბილისში უამრავი სტუდენტი ჩამოდის. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ (და მანამდეც) ბევრი მათგანი, ცდილობს დედაქალაქში დამკვიდრებას. მათ სჭირდებათ სამსახური, სჭირდებათ ხელფასი, სჭირდებათ არგუმენტები, რათა უკან დაბრუნება არ მოუწიოთ. გარდა ამისა, მათ იმდენად უნდათ პრაქტიკული ცოდნის მიღება, რომ ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, სად მიდიან. რა თქმა უნდა, ეს მათ არ ამართლებს, თუმცა ფიქრობენ, რომ ერთხელ, ან ორჯერ გააკეთებენ მასალას, ისწავლიან, როგორ გამოიყენონ თეორია პრაქტიკაში და შემდეგ წავლენ. ამასობაში კი სისტემა ითრევს და წასასვლელი გზებიც იკეტება.

ერთხელ, ერთმა ადამიანმა მითხრა, კინოკრიტიკოსები, ლიტერატურის კრიტიკოსები და სხვები, ხელმოცარული ხალხია, რომლებსაც არ შეუძლიათ კინოს გადაღება, ან წიგნის დაწერა და ამ დანაკლისს სხვისი გაკეთებულის კრიტიკით ივსებენო. არ დავეთანხმე, თუმცა დავფიქრდი. კრიტიკა ყოველთვის ადვილია, თუმცა მაშინ, როდესაც კოლეგები ამბობენ, რომ "რეალ TV”-ზე, „იმედსა“ და სხვა არხებზე მომუშავეები ჟურნალისტთა სახელს არცხვენდნენ, რომელი მათგანი დაფიქრებულა, რას აკეთებს მათზე მეტს? ზოგადად, ტელევიზია, ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა და ისეთი პატარა ბაზრის პირობებში, როგორიც საქართველოა, ხშირად მომგებიანი ბიზნესი არ არის. ამიტომ, არსებობს დაფინანსების წყაროები, რომლებიც 4-5 სხვადასხვა ცენტრალურ ტელევიზიას ინახავს. ისე, ეს დაფინანსებები რომ შეწყდეს, როგორ ფიქრობთ, რამდენი ტელევიზია გააგრძელებს არსებობას?

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ გათავისუფლებების პროცესში, ახალბედა ჟურნალისტები იჭყლიტებიან. ისინი, ვინც წლობით დარბიან სტაჟიორად, მერე რიგით ჟურნალისტად და ყოველდღე ელოდებიან, რომ ვინმე მათ მონდომებას, კრეატივსა თუ პასუხისმგებლობის გრძნობას დააფასებს. ალბათ, მათ უნდა გავუწიოთ სოლიდარობა, თორემ მოდელირებული ქრონიკის, ყვითელი საინფორმაციო გამოშვებისა თუ სკანდალური ტოქ-შოუების ავტორები, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გააკეთებენ საგამოძიებო (!!!) გადაცემას. ამაზე სამწუხარო ისაა, რომ საზოგადოება მიიღებს. მიიღებს ავტორებსაც და პროდუქტსაც იმიტომ, რომ ბაზარია ასეთი. ბაზარს კი ჩვენ, ჟურნალისტები, ყველა ერთად ვქმნით.

ამიტომ მანამ, სანამ ამაყი სახით, რაც არ უნდა საშინელ გადაცემებს აკეთებდნენ, სხვების კრიტიკას დავიწყებთ, იქნებ, საკუთარ თავებში ჩაგვეხედა: კარიერული წინსვლისათვის მათზე უარესი რაღაცები ხომ გვაქვს გაკეთებული? ნიშნისმოგება და ცოდვების გამო დასჯაზე საუბარი ამ შემთხვევაში უადგილოა, რადგან, როგორც თავში აღვნიშნე, ჩვენ განვითარებად სახელმწიფოში ვცხოვრობთ. სახელმწიფოში, სადაც სტაბილურობის გარანტიები არ გვაქვს. ასე რომ, ვინ იცის?!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test