შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ივანიშვილის პრესკონფერენციიდან პრესკონფერენციამდე

22.11.2012 18:53
პრესკონფერენცია (photo: )

კოლეგიალობა ყველა სფეროში არსებობს. ამ სიტყვაზე პირველი დედაჩემი მახსენდება, რომელიც, ტელევიზიით მოსმენილ თუ ისე გაგონილ ექიმთა დაუდევრობის ამბებში, ყოველთვის თავის კოლეგებს ამართლებს და ისეთი არგუმენტები აქვს, ვერ შეედავები. 

აი, როცა თემა ჟურნალისტების კოლეგიალობას ეხება, ერთდროულად, ბევრი რამ მახსენდება. მახსენდება კადრები, რომლებსაც ბრიფინგებსა თუ სხვადასხვა შეხვედრების დროს, დაგვიანების შემთხვევაში, ერთმანეთს ვაწერინებთ, მახსენდება მიკროფონები, რომლებსაც, ცაიტნოტისას, ერთი მათგანი იჭერს, მახსენდება, გულთბილი მოკითხვები, ამბის მოლოდინში გულიანი ჭორაობა და ათასი წვრილმანი.

ნიუსურ გადაღებებზე სიარული დიდი ხანი არ არის, რაც დავიწყე. ნელ-ნელა ვეჩვევი, რომ ჩემი კოლეგები მონსტრები არ არიან. მათ გამო პირველად, შარშან, ნოემბერში, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ვინერვიულე. მაშინ პირველად  მოვხვდი მსგავსი მასშტაბების შეხვედრაზე და თანაც, პირველად ვნახე ამდენი ერთად თავმოყრილი კოლეგა. მათაც იმედი „არ გამიცრუეს“:

მახსოვს, კითხვის დასასმელად როგორ სტაცებდნენ ერთმანეთს მიკროფონს, როგორ აბაკუნებდნენ ფეხებს, როგორ არ უსმენდნენ რესპონდენტის პასუხს და, ყველაზე დასამახსოვრებელი - როგორ მალავდნენ კითხვის დასასმელად განკუთვნილ მიკროფონებს. ასევე მახსოვს უცხოელი ჟურნალისტები, გაოცებული თვალებით რომ უყურებდნენ ამ უცნაურ ხელჩართულ ბრძოლას.

მაშინდელმა პრესკონფერენციამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. უფრო ჟურანლისტების ქცევისა და კითხვების, ვიდრე პასუხების გამო (იმ აურზაურში ან რა პასუხისთვის უნდა მიგექცია ყურადღება). 

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ კოლეგიალობა - ეს ურთიერთპატივისცემაა. მსგავსი რამ კი ჩემს კოლეგებს ვერ შევამჩნიე. მე მხოლოდ უცნაური კონკურენცია ვიგრძენი. კონკურენცია, რომელიც პროდუსერისა, თუ სამსახურის დაკარგვის, გნებავთ, უფროსობის გინების შიშით იყო გამოწვეული. კონკურენცია, რომელიც ნებისმიერ ფასად, კითხვის დასმის აუცილებლობას მოითხოვდა. ისე, თითქოს, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა.

თითქმის, მსგავსი მასშტაბების მქონე პრესკონფერენციაზე მეორედ უკვე დღეს აღმოვჩნდი. მას, ისევ ბიძინა ივანიშვილი, ამჯერად - პრემიერის რანგში მართავდა. შეხვედრას, დაახლოებით, 150 ჟურნალისტი ესწრებოდა. მივხვდი, არაფერი შეცვლილა.

როგორც გვითხრეს, 40-მდე კითხვა იყო დასასმელი და მედიასაშუალებების რიგითობაც წინასწარი იყო გაწერილი. იმისათვის, რომ ყველას მოგვესწრო, პრესსამსახურის თანამშრომელმა ძალიან გვთხოვა, მხოლოდ ერთი კითხვით შემოვფარგლულიყავით. რა თქმა, უნდა, ყველამ თავი დაუქნია.

პრესკონფერენცია დაიწყო, თუმცა დანაპირები მესამე-მეოთხე გამომსვლელიდან აირია. როცა ერთმა გადაუხვია შეთანხმებას, მას არც სხვა ჩამორჩა და ასე: ზოგმა ორი კითხვა დასვა, ზოგმა სამი, უმეტესობა კი - მიკროფონის გარეშე დარჩა.

სიტუაცია, განსაკუთრებით, მას შემდეგ აირია, რაც გამოაცხადეს, რომ შეხვედრა მალე უნდა დასრულებულიყო. ზოგი თავგამოდებით მიიწევდა მიკროფონისაკენ, ზოგი, მედიასაშუალების გამოცხადებისას, კოლეგას არ აცდიდა და თავად ცდილობდა კითხვის დასმას, ერთი მათგანი კი იხვეწებოდა, ბატონო ბიძინა, ისეთი კითხვა უნდა დავსვა, არავის რომ არასოდეს დაუსვამსო (რა იკითხა, სამწუხაროდ, აურზაურში ვერ გავარკვიე)...

კოლეგიალობის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ვფიქრობ, ის სწორედ მსგავს შემთხვევებში რიგითობისა და დადგენილი პროტოკოლის დაცვაა. ასეთ დროს, შენ პატივს სცემ საკუთარ კოლეგას და, უფრო მეტად, საკუთარ თავს. ჩემი აზრით, ეს უფრო მეტად არის კარგი ტიპობის განმსაზღვრელი, ვიდრე კადრების გადაწერინება. ხოლო თუ რამდენიმე კითხვის დასმის გამამართლებელ არგუმენტად სამი-ოთხი მედიასაშუალების წარმომადგენლად ყოფნა მიიჩნევა, მაგ ლოგიკით მე ყველაზე დიდი პრიორიტეტი მეკუთვნის - 22 რეგიონულ ტელევიზიას წარმოვადგენ (რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია - GARB) და, სამართლიანი უფლება მაქვს, 22 კითხვა დავსვა!.

 

P.S. კიდევ ერთი უცნაურობა: პრესკონფერენცია დამთავრდა, ჟურნალისტები კი თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ გასასვლელისაკენ - ივანიშვილის ჩაწერა უნდოდათ!. მსგავსი შემთხვევა ერთადერთი არ არის, და თითქმის, ყველა პრესკონფერენციაზე ხდება. არადა, ლოგიკა უცნაურია: რატომ უნდა ჩაწერო ადამიანი ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა რაკურსით, რატომ უნდა დახარჯო დრო, ენერგია, ტექნიკური რესურსი? ჯერჯერობით, მე ამ ფენომენს ვერ ჩავწვდი. თუმცა აღვნიშნე, რომ, შედარებით, ახალი ვარ და, ალბათ, დროთა განმავლობაში დავუმუღამებ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test