შემოგვიერთდი

ანა გურული

MADE IN „FACEBOOK“

23.11.2012 17:43

„ფეისბუქი“ ჩვენს ყოველდღიურობაში ჭორიკანა კარის მეზობლის მსგავსად შემოიჭრა და სათანადო ადგილიც დაიკავა. შესაბამისად, გაღვიძების შემდეგ ჩვენ ხშირად „ფეისბუქში“ უფრო ადრე შევდივართ, ვიდრე სააბაზანოში, „ფეისბუქს“ ვამოწმებთ ყველგან, სადაც ინტერნეტია („ისე, ყოველი შემთხვევისათვის. იქნებ ვინმემ მოგვწერა“) და ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე საათის გასვლის შემდეგღა ვაცნობიერებთ, რომ მთელი ეს დრო უბრალოდ „ფეისბუქს“ ვაახლებდით... ისტერიკულად. მოკლედ, დამოკიდებულება „ფეისბუქზე“, როგორც წესი, იმდენად ძლიერია, რომ სხვა მედიასაშუალებებზე დამოკიდებულებას ადვილად სჯაბნის.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ქსელით, რომელიც ერთ დროს ფოტოების ურთიერთმოწონებისა და ბრძნული აზრების საჯარო ილუსტრირების პლატფორმას წარმოადგენდა, დღეს უკვე ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ და პოლიტიკოსებიც.  პირადად მე, ამის საუკეთესო მაგალითად ერთ-ერთი სატელევიზიო ნიუსის პირველი წინადადება მახსენდება: „ფეისბუქზე გაკეთებული მკაცრი განცხადება რასმუსენმა ტვიტერის  მეშვეობით რომ შეამსუბუქა“.

ისე, რასმუსენი ნატოში იყოს და ბოლო დროს, სატელევიზიო ნიუსის ერთადერთი წყარო ხშირად „ფეისბუქის“ კედელზე გამოხატული მოსაზრებაც ხდება ხოლმე. „ფეისბუქზე“ ავრცელებენ სახელმწიფოებრივ მიმართვებს მაღალჩინოსნებიც - თუნდაც შაშკინი, რომელიც ფეისბუქზე გაკეთებული განცხადებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა ტელევიზიაში. „ფეისბუქით“ გმობენ ახალი ხელისუფლების ქმედებებს ქალაქის მერი და უმცირესობის სხვა წარმომადგენლები. სხვა თუ არაფერი, ქვეყნის პრეზიდენტს მედიასაშუალებები რომ აღარ დარჩა, დაპატიმრებული სამხედრო პირების ცოლთა ნუგეშისცემის ფაქტი ფოტოაპარატით გადაიღო და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ისინი მაინც ატვირთა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ „ფეისბუქი“ ჟურნალისტებისათვის ნიუსების გავრცელების მექანიზმიდან ნელ-ნელა ნიუსების შექმნის წყაროდ გარდაიქმნა. რომ აღარაფერი ვთქვათ კომფორტულ ტრიბუნაზე პოლიტიკოსებისა, რომელთაც ტელევიზიების მოყვანის, სათანადოდ ჩაცმის და ტექსტის დალაგების ნაცვლად, თავისუფლად შეუძლიათ ღამის პირველ საათზე ხალათითა და ჩუსტებით მიუსხდნენ კომპიუტერს და დალაგებული, მწყობრი ტექსტი გამოაცხონ. შემდეგ ამ ტექსტს მისი მინიმუმ 88 000 მომწონებელი ხომ ნახავს და ცალკე ტელევიზიები დააკოპირებენ, რესპონდენტთან მისვლის ნაცვლად რომელიმე ჟურნალისტს რომ გადაახმოვანებინონ.

სიტუაციაც იცვლება - თუკი ადრე ჟურნალისტები სამთავრობო-საზოგადოებრივ ნიუსებს კომპიუტერსმიღმა უსაფრდებოდნენ, ახლა უბრალოდ პოლიტიკოსებისა და ე.წ. „ცნობილი სახეების“ „ფეისბუქში“ დამატებაც საკმარისია: აქეთ დემურ გიორხელიძე გამოხატავს თავის აღშფოთებას ქართული ოცნების უსაქციელობის მიმართ, იქით ია ფარულავა ლანძღავს დოდოშკას, სხვაგან ბაქრაძე გამოთქვამს საკაცობრიო მნიშვნელობის მოსაზრებებს, ან რობიკო სტურუა ლანძღავს ყველას, ვინც თვალში არ მოსდის (და სატელევიზიო კომენტარზე ჯერჯერობით უარს ამბობს)... ბოლობოლო, ჩვენთვის მაპის მოცემის თაობაზე რასმუსენმაც ლამისაა გამოკითხვაც „ფეისბუქში“ გააკეთოს. ამის გამო, ნიუსის მოსამზადებლად ზოგჯერ ისიც სრულიად საკმარისი ხდება, რომ „სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გავრცელდა ინფორმაცია...“ განაცხადო.

ეს „ფეისბუქს“ რაც შეეხება, მაგრამ თუ სადმე, „ტვიტერიცაა“ განვითარებული, სანიუსედ არც ჩიტის მოტანილ ამბებს ვიწუნებთ. ასე ჩნდება ესპანელი ფეხბურთელების ყოფითი აზრები ჩვენს საინფორმაციო გამოშვებებში, ან თუ რომელიმე ცნობილი ადამიანი ჩამოდის, მისი „საქართველო რა ლამაზი ყოფილა, კაცო“ ტვიტერული მინაწერიც აუცილებლად ნიუსში მოხვედრის ღირსი უნდა გახდეს.

ერთი სიტყვით, სატელევიზიო ბადე ნელ-ნელა სოციალურ ქსელში იხლართება. ამის გამო, ცოტა ხანში სიუჟეტების ნაწილი ტელევიზიიდან გასვლის გარეშე - მხოლოდ „ფეისბუქის“ კომენტარებითა და სურათებით, „სკაიპის“ ინტერვიუებითა თუ “Youtube”-ს ამონარიდებით რომ მომზადდეს გასაკვირი აღარც ეს იქნება.

მარკი გვყავდეს კარგად, რაც მთავარია...

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test