შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

"რა ხდება?!"

14.12.2012 15:18

გუშინ, გვიან საღამოს, გია ჭანტურიამ თანამდებობა დატოვა. თქვა, გეგმა ვერ შევასრულეო და წავიდა. არადა, გუშინდლამდე არსებული ინფორმაციით, არხზე რეორგანიზაცია იგეგმებოდა. უნდა დაწყებულიყო სერიოზული შემცირების პროცესი, რომელშიც თანამშრომელთა დიდი ნაწილი მოჰყვებოდა. სელექციას გადარჩენილებს კი ხელფასები შეუმცირდებოდათ.

ზემოაღნიშნული გეგმების ფონზე, ჭანტურიას გადადგომა, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში გუშინვე გამოთქვამდნენ ვარაუდებს ზეწოლასა და წნეხზე, რომელიც, ბოლო პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ხორციელდებოდა (ფინანსური შემოწმება, მწვავე კრიტიკა ხელმძღვანელობის მიმართ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები და ა.შ.).

დღეს უკვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, იმ გეგმებზე საუბრობს, რომელიც ტელევიზიის გასავითარებლად, არხზე მოსვლისას დასახა. ამბობს, რომ მათი შესრულება მოცემულ ვადებში ვერ შეძლო. ჭანტურაია სსმ-ზე სამი წლის მანძილზე მუშაობდა და საინტერესოა, არხის განვითარების ასეთი რა გეგმა ჰქონდა, რომ მის განუხორციელებლობაში  დასარწმუნებლად ამდენი დრო დასჭირდა?

ჭანტურია ამბობს, რომ მისი მუშაობის მანძილზე, არხმა საგრძნობლად წაიწია წინ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბოლო არჩევნების დროს, მაყურებელს "მისცა საშუალება, ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინა" (ამის დასტური, ალბათ, ციხის ცნობილი კადრების გავრცელებისას საზოგადოებრივისეული "ოპერატიულობაც" გახლავთ), რომ არსებობდა, ევროპის მაუწყებელთან შეთანხმებული, ექვსწლიანი გეგმა, რომლის (შინაარსზე რომ არაფერი ვთქვათ) არსებობის შესახებაც, მე მგონი, საზოგადოების დიდმა ნაწილმა დღეს გაიგო; თუმცა ერთადერთი ცვლილება, რაც მე, როგორც მაყურებელმა სსმ-ზე ჭანტურიას მოსვლის შემდეგ დავინახე, საინფორმაციო გამოშვების შეცვლილი, თანამედროვე სტუდიებია. რაც შეეხება ახალი ამბების გაშუქებას, წინასაარჩევნო პერიოდით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაშინდელი ოპოზიციის მიმართ ისეთი კრიტიკული იყო, როგორც არცერთი სხვა კერძო არხი. და რამდენადაც კრიტიკული იყო ოპოზიციის მიმართ, იმდენად ლოიალობას იჩენდა ხელისუფლებისადმი.

ვიცი, რომ დილეტანტურად ვკითხულობ, მაგრამ ასეთ მოცემულობაში, რა წინ წაწევასა და ტელევიზიის განვითარებაზეა საუბარი?!

უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, თავისი არსით, სპეციფიკითა და ქართული სახელმწიფოებრივი გაგებით, ამოუწურავი თემაა. დიდი კრიტიკის, აღშფოთების, შეშფოთებისა და დაგმობის შემდეგ, საოცარია, მაგრამ დღეს, არჩევნების შემდეგ დგას პერიოდი, როცა ეს ტელევიზია ასრულებს ფუნქციას, რასაც მისი სტატუსის მქონე არხი უნდა აკეთებდეს - აკრიტიკებს ხელისუფლებას (სამწუხაროდ, ეს არა სსმ-ს არსის ახლებურმა გააზრებამ, არამედ, ხელისუფლების შეცვლამ გამოიწვია და ესეც ნათლად აჩვენებს ტელევიზიის ხელმძღვანელობის პოზიციას). ძნელია საუბარი, რა პირობებსა და ვითარებაში დაწერა განცხადება გია ჭანტურიამ, თუმცა, ძნელია, პრემიერის მედიისადმი, განსაკუთრებით კი, საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი გადამეტებული ყურადღებიდან გამომდინარე, უცნაურმა ეჭვემა არ გაგიელვოს.

მაუწყებელთა შესახებ კანონის მიხედვით, სსმ-ს დირექტორად სამეურვეო საბჭო კანდიდატს ღია წესით, ექვსი წლის ვადით ირჩევს. არხს ახალი ხელმძღვანელი, წინას გადადგომიდან ერთ თვეში უნდა ჰყავდეს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფობის მსურველთა ვინაობასაც გავიგებთ (აგერ, ფეისბუქში ზოგიერთი მათგანის მხარდამჭერი გვერდებიც შეიქმნა) და, რატომღაც მგონია, რომ ამ პროცესს სახალხო დამცველის არჩევასთან საოცარი მსგავსება ექნება: გვეყოლება ბევრი კანდიდატი, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, ზოგი მთლად გადასარევი, თუმცა ახალი დირექტორი მაშინ აირჩევა, როცა თემა საზოგადოებაში აქტუალობას დაკარგავს.

ჯერ, ალბათ, ნაადრევია ამაზე საუბარი, თუმცა ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ჭანტურიას გადადგომა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით, კიდევ ერთი მცდარი ნაბიჯი იყოს, რადგან ახლა ჩნდება შანსი, რომ ეს ტელევიზია კვლავ უმტკივნეულოდ ჩაჯდეს ჩარჩოებში, რომლის გამოც არაერთხელ ყოფილა კრიტიკის ქარცეცხლში.

გახსოვთ, კოკა ყანდიაშვილის გადაცემა? "კარგი გადაცემა" იყო, დანიიდან რეკავდნენ და სულ დადებით და ნოსტალგიურ რაღაცებს ამბობდნენ. ერთი მოსმენითვე ეტყობოდათ, რომ უნდოდათ სცოდნოდათ, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ჰოდა, ბოლო პერიოდის მოვლენების მიხედვით, თავი მართლა დანიაში მცხოვრები იმ ქართველივით მგონია - თან რომ იცი რაღაცები, თან არა და მიამიტურად კითხულობ: რა ხდება?!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test