შემოგვიერთდი

ანა გურული

„პორნოზე“ დაფუძნებული ჟურნალისტიკა

22.12.2012 15:59

გადიოდა ადრე „იმედზე“ საინფორმაციო გამოშვება - სახელად „ქრონიკა“. აი, იმ „ქრონიკას“ ვგულისხმობ ქრონიკული მიკერძოებით რომ იყო გამორჩეული და თავისი წამყვანებითა თუ კორესპონდენტებით ერთ დიდ მედიალაფსუსს წარმოადგენდა. „ქრონიკას“, სადაც დარღვეული იყო ეთიკა, ჭარბობდა ცინიზმი და მორალისტური ტონი, სიუჟეტის ტექსტები კი ისეთი გახლდათ, დაბოღმილი და უნიჭო იუმორისტი რომ დაწერდა შემოქმედებითი კრიზისის ხანაში. 

მოკლედ, რატომ გამახსენდა ახლა არჩევნებამდელი „ქრონიკა“ მედიის ამ „საყოველთაო თავისუფლების ხანაში“: რამდენიმე დღის წინ „მეცხრე არხის“ საინფორმაციო გამოშვებამ ერთ-ერთ მთავარ სიუჟეტად ექსკლუზიური მასალა გაუშვა - აი ის, ორი დეპუტატი საპარლამენტო დარბაზში სექსუალურ თვითშემეცნებას რომ ეწევა. ფაქტი უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რაც „მეცხრე არხის“ ეთერით გავიდა, ბევრი არაფრით ჩამოუვარდებოდა წარსულის „ქრონიკას“, ზურაბ ხვისტანის ამოუწურავი ცინიზმითა და ლელა წიკლაურის სტაბილურად შეშფოთებული ტონით რომ იყო გამორჩეული.

დავიწყოთ იმით, რომ სიუჟეტის ერთადერთ მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ის სამწამიანი კადრი წარმოადგენს, სადაც სახე და სახელდამალული დეპუტატების „ცუღლუტობაა“ აღბეჭდილი. ყველა დანარჩენი კადრი კი უფუნქციოდ არის ჩაყრილი და იდეალურად ერგება ისეთ ანატომიურ იდიომს, როგორიც „თითიდან გამოწოვილია“. ჟურნალისტს უბრალოდ შეკოწიწებული აქვს არაფრისმთქმელი კადრები - მაგალითად, როგორ უჭირავს, (შესაძლოა,  შესვენების დროსაც) ნუგზარ წიკლაურს ორი მობილური ტელეფონი და ჟესტიკულაციის მეშვეობით მათ წონებს შორის არსებული სხვაობის შეფასებას ცდილობს, ან როგორ ზის შეწუხებული სახით ერთ-ერთი დეპუტატი (რომ დაემთქნარებინა - დაღლილობის მეტი ილუსტრირებისათვის, ალბათ, საერთოდ მიწასთან გაასწორებდნენ), როგორ ეცნობა სხვა დეპუტატი ახალი ამბების საიტს და ბოლოს, როგორ თამაშობს ვიღაცის თითები „angry birds”-ს (სადაც რთულია მიხვდე, მართლა სხდომის დროს არის გადაღებული თუ შესვენებისას).

კადრებს თავი რომ დავანებოთ, თითოეული მათგანის აღწერაა ისეთი, ყვითელი პრესის ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ წარმომადგენელს რომ შეშურდება. რთული სათქმელია, სად მთავრდება ჟურნალისტიკა და იწყება ირონია ცინიკურობის ამბიციით - „უცნობია, ეს დეპუტატი კანონშემოქმედებითმა საქმიანობამ გადაღალა თუ მასზე პარლამენტში ჟანგბადის 20 პროცენტიანმა ნაკლებობამ იმოქმედა“, ან „იქამდე, სანამ მობილურს დეპუტატები სექსუალური ხასიათის პროდუქტად ჩათვლიან...“.

ცალკე გამოსაყოფია ჟურნალისტის ტონი და გრიმასა. ნოდარ ჩაჩუა ისეთი კმაყოფილი და ბედნიერია საკუთარი მიგნებებით, როგორც წესით აბაზანიდან „ევრიკას“ ყვირილით წამომხტარი არქიმედე იქნებოდა და პირდაპირ ეთერში რომ არ იყოს, ალბათ, სიუჟეტის მიწურულს სიამაყისგან გულაძგერებული ერთ მალაყსაც გაჭიმავდა.  თუმცა, აკრობატული ტრიუკის სანაცვლოდ მაყურებელი მხოლოდ იმ პათეტიკური შეკითხვით უნდა დაკმაყოფილდეს, რომლითაც ნოდარ ჩაჩუა მათ დაფიქრებისკენ მოუწოდებს - „რაში უხდიან დეპუტატებს ხელფასს, კანონშემოქმედებით საქმიანობაში, თუ გართობაში?“

ეს არ არის კარგი ჟურნალისტიკა. მეტიც - ეს საერთოდ არ არის ჟურნალისტიკა. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ერთი სიუჟეტით მსჯელობა - ზედაპირულია. თუმცა, ამ შემთხვევაში მე არც ვმსჯელობ მთლიანად საინფორმაციო პოლიტიკაზე (ეს კიდევ ცალკე თემაა). მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არხი, რომელსაც მაღალ პროფესიულ სტანდარტებზე აქვს პრეტენზია, მსგავს სიუჟეტებს - „ექსკლუზივისა“ და „სკანდალის“ იარლიყით შეფუთულს - ეთერში და მით უფრო მთავარ ნიუსად - წესით, არ უნდა უშვებდეს.

მაგრამ რას გაიგებ - ლუბაა და გუნება... 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test