შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ჩაუბარებელი გამოცდა

27.12.2012 20:47

საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო, ბოლო დროს ატეხილი აჟიოტაჟი, მოულოდნელობების გარეშე დასრულდა. ბორდმა მოვალეობა მოიხადა და ის კანდიდატი აირჩია, რომელმაც, იდეაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აქამდე არსებული პოლიტიკა უცვლელად უნდა გააგრძელოს. უცნაურია, მაგრამ საზოგადოების ნაწილს, ომბუდსმენის არჩევისა არ იყოს, იმედი ჰქონდა რომ პოსტს, მათი აზრით, შესაფერისი კანდიდატი დაიკავებდა..

ჭანტურიას გადადგომის შემდეგ, სსმ-ს დირექტორობის მსურველი 143 კანდიდატი გამოჩნდა. ეს იყო ძალიან ჭრელი და მრავალფეროვანი სპექტრი: ინჟინერ-მექანიკოსიდან დაწყებული, მოლარე-ოპერატორებით დასრულებული. განსაკუთრებით, საინტერესო იყო მათი პერსონალური მონაცემების კითხვა: რომ აღარაფერი ვთქვათ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე (maia-tvoia@mail.ru, merikuna2009@mail.ru და სხვა), CV-ების ფონზე საქართველოს დროშებზე, ფერად და არასტანდარტულ შრიფტზე, მითითებულ სტატუსებზე და ა.შ. ამ 143 კანდიდატს შორის, იყვნენ ისეთებიც, ვინც თავისი მონაცემი ხუმრობით გააგზვნა, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდებოდა, რომ პრეტენდენტთა შორის ყველაზე რეალური კანდიდატი ნათია აბრამია იყო. BBC-ის პროდუსერის გამოცდილებით კი, ყველა იმედოვნებდა, რომ სამეურვეო საბჭო, ასე ცხადად ვერ დახუჭავდა თვალს. მით უმეტეს მაშინ, როცა კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირი ეთერის რეჟიმით გადაიცემოდა და ხალხს პროცესისათვის თვალის დევნების საშუალება ჰქონდა.

ის, რომ აბრამია ყველაზე მისაღები კანდიდატურა იყო, დებატებშიც გამოჩნდა და გასაუბრებაზეც, თუმცა სამეურვეო საბჭომ ახალი დირექტორი შეფასების თავისეული კრიტერიუმით შეარჩია.

ყველა ვთანხმდებით, რომ ერთი ადამიანის შეცვლა, ზოგად ვითარებას ვერ გამოასწორებს. ამისათვის სისტემის შეცვლაა საჭირო. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, კომპეტენტური, არაკომპეტენტური бთუ მოყვარული პირები ერთხმად თანხმდებიან, რომ პრობლემა ბორდშია.

ალბათ, ძნელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო მაშინ, როცა  ახალი გენერალური დირექტორის არჩევის შემდეგ,  საბჭოს საუკეთესო გადაწყვეტილების დამადასტურებელ არგუმენტად, ბორდის ერთ-ერთ წევრს მაგალითად “მეორე არხი” მოჰყავს და განმარტავს, რომ ეს მაღალი სტანდარტების მქონე, საუკეთესო ხარისხის უზურნველმყოფი ტელევიზია, მთლიანად ბარათაშვილის მიერ არის აწყობილი. ამავდროულად BBC-ის პროდუსერის პროფესიულ გამოცდილებას აღიარებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას მაინც „მეორე არხის“ გამოცდილებას მიანიჭა უპირატესობა.

შესაძლოა, ბორდისეული ლოგიკით, “მეორე არხი” მართლაც შეესაბამება გიორგი მელაძისეულ დახასიათებას, თუმცა მსგავსი ტიპის მაღალ სტანდარტებს, როგორც ჩანს, ქართველი მაყურებელი შეუჩვეველია (რაც კარგად ჩანს რეიტინგებზეც), ხოლო თუ ახალი დირექტორი საზოგადოებრივ მაუწყებელს “მეორე არხის” პრინციპით ააწყობს, ასეთი „მაღალი სტანდარტებისა“ და ხარისხის მქონე გადაცემებს, „დაბალ სტანდარტებს“ შეჩვეული, მაყურებელი ვერ იგუებს და სსმ-სთან დაკავშირებული მორიგი ფიასკოც გარანტირებულია (რაც, არამგონია, წინა შემთხვევების მსგავსად, დიდად ანაღვლებდეს ვინმეს). 

ბორდთან, დირექტორსა თუ მომსახურე პერსონალთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბების პროცესში, თავად საზოგადოებასაც მნიშვნელოვანი როლი უკავია. ის, რომ ბევრმა ადამიანმა ბორდს თავისი მონაცემი ხუმრობით გაუგზავნა, კარგად აჩვენებს, მათ არასერიოზულ დამოკიდებულებას ტელევიზიისადმი. ერთი შეხედვით, ეს ბორდის მიმართ ხალხის განწყობისა და პროტესტის გამოხატვის კარგი მაგალითია, თუმცა, მეორე მხრივ, სერიოზულ პრობლემასაც აჩვენებს.

ხანდახან მგონია, რომ „პირველი არხი“ განტევების ვაცია, რომლის ლანძღვა და კრიტიკა ყველას სიამოვნებს, თუმცა მისი მდგომარეობის გამოსასწორებლად თავს არავინ იწუხებს. ფაქტია, რომ სსმ-ს ფუნქციებსა და მოვალეობებზე დიდაქტიკური საუბრის მიუხედავად, მაყურებლისგან სერიოზული დამოკიდებულება არ არსებობს. იმიტომ, რომ მისი დიდი ნაწილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნებისა და მოვალეობების შესახებ, არაინფორმირებულია. სსმ-ს მარგინალიზაციაში ამ ტელევიზიის მენეჯმენტსაც დიდი როლი მიუძღვის და, როდესაც არხის რეპუტაციის შექმნაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ამ არხის მიერ, მაყურებლისათვის იმ მოვალეობების კარგად ახსნაა საჭირო, რომელთა ცოდნაც თითოეული ჩვენგანის უფლებაა.

 „პირველ არხში“ ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ძალიან ბევრს გაუცრუვდა იმედი. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, არსებული ბორდიდან, სხვა გადაწყვეტილება უფრო გასაოცარი იქნებოდა. დიდი ალბათობით, სსმ-ს მონოტონური არსებობა კვლავ ჩვეული „მაღალი სტანდარტებისა“ და „ხარისხიანი პროდუქციის“ შექმნის რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება ბორდს, ამ ეტაპზე მის გადარჩევაზე საუბარი, შესაძლოა, უფრო საფრთხილო იყოს, რადგან  არ არის გამორიცხული, ცვლილების შემდეგ, ბორდში სხვა უკიდურესობა მივიღოთ. ეს კი სიტუაციას მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, რომელიმე მხარის სასარგებლოდ „დაარეგულირებს“, რაც ტელევიზიასა და მაყურებელზე არ აისახება.

ბოლო დღეების მანძილზე მიმდინარე პროცესებში, პირადად მე, ყველაზე ჯანსაღად მაინც კანდიდატების სია, მათი სამუშაო გამოცდილება და დირექტორობის მსურველთა რაოდენობა მენიშნა - ადამიანები, რომლებიც სერიოზულად, თუ ხუმრობით აგზავნიდნენ თავის კანდიდატურებს. წარმოდგენილთა დიდი ნაწილის CV საყოველთაო განხილვის, დაცინვისა და ქილიკის საგანი გახდა, თუმცა მე მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე ჯანსაღი დამოკიდებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ იმიტომ, რომ დირექტორობის მსურველ იმ კანდიდატთა სამუშაო გამოცდილებები, რომლებზეც ბევრმა იხალისა, აბსოლუტურად აკმაყოფილებს სსმ-ს დღევანდელ მდგომარეობასა და სტანდარტებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test