შემოგვიერთდი

ანა გურული

ყვითელი მედია ვარდისფერი ხალათით

04.01.2013 20:42
ყვითელი მედია ვარდისფერი ხალათით (photo: )

„მეცხრე არხმა“ ქართული ზნეობრიობის სადარაჯოზე უკვე მყარად მოიკიდა ფეხი. ჯერ იყო და პარლამენტში მყოფი „უხამსი დეპუტატების“ დარცხვენა-დამუნათებით იჯერა გული, შემდეგ ამით აღარ დაკმაყოფილდა და ეროვნული სირცხვილისაგან გაწითლებულმა გაყვითლებისაკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა - ამჯერად მის ფარულ კამერაში უკვე „ჩინური ბორდელები“ აღმოჩნდნენ.

ასე შეემატა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას მორიგი ქრესტომათიული რეპორტაჟი. მივყვეთ ეტაპობრივად. დასაწყისშივე საგულისხმოა თამთა სანიკიძის სტაბილურად აღშფოთებული და „უჰ, ეგ უზნეოები დამათრევინა თმებით, რას გავწეწავდი“ მიმიკები, რასაც თან ერთვის შეფარული სიამაყით გაკეთებული განცხადება, რომ „მეცხრე არხმა დღეს ოთხი ბორდელი აღმოაჩინა“ (თანაც ისე, რომ ლამისაა ეს აღმოჩენა მნიშვნელობით ტროასა, თუ ტუტენჰამონის სამარხის აღმოჩენას გაუთანაბრდეს). თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტი სამართალდამცავებს „ამ ამბით დაინტერესებისაკენ“ პირდაპირ ეთერშივე მოუწოდებს - სხვაგვარად თუ ვიტყვით, სცდება ჟურნალისტის (მით უმეტეს - საინფორმაციოს წამყვანის) ფუნქციებს და პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში თავადაც ერთვება.

თუმცა, აქვე თავს იჩენს ერთი პარადოქსი - ჟურნალისტი, რომელიც „არალეგალური ბორდელების“ ასალაგმად ფარულკამერაამოღებული იბრძვის, სიუჟეტში დეტალურად გვიყვება ყველაფერს, რამაც შეიძლება „პოტენციური კლიენტი“ დააინტერესოს - გვიწიკწიკებს მისამართებს (ერთდროულად ოთხს - ვაიდა, რომელიმე დაკეტილი აღმოჩნდეს), გვეუბნება და გვიჩვენებს მომსახურების ფასებს (ფული რომ არ დაგვაკლდეს), გვათვალიერებინებს გოგოებს (დრო რომ აღარ დავკარგოთ შერჩევაში)... და ერთადერთი რაც ავიწყდება იმ სამარშრუტო ტაქსის ან ავტობუსის ნომერია, რომელიც ამ ადგილებამდე მიდის. შეიძლება ითქვას, რომ უკეთეს რეკლამაზე ამ დაწესებულების მეპატრონე ვერც კი იოცნებებდა.  

ამის პარალელურად, დარღვეულია ყველანაირი ეთიკა - არ არის დაფარული არცერთი სახე (ალბათ - „ჩინელები მაინც ერთნაირები არიან, კაცო“ - ქართული ლოგიკით), თუ არ ჩავთვლით ერთადერთ მომენტს, სადაც მამაკაცის სახეა დაბურული - მეგობარია მაინც. თუმცა, იგივე მამაკაცი სხვა კადრში მაინც გარკვევით ჩანს - რაღაცნაირი ქართული სიამაყითა და ხელოვნურმაჩოური ინტონაციით - How are you girls?! Happy New Year”-ს რომ ამბობს.

სიუჟეტის პათოსს კიდევ უფრო ამძაფრებენ კატასტროფისკენ მიმავალი საქართველოს შესაჩერებლად გამოსული მანდილოსნები, უცნაური პრეტენზიით - „ეს საქართველოა, თბილისია... ხალათებით რომ დადიან აქ“, აქვე მეტი დამაჯერებლობისთვის ნაჩვენებია ხალათში ხალვათად ჩაცმული ქალიც, რომლის ტანისამოსის ფერზეც ჟურნალისტი და რესპონდენტი მაინცდამაინც ვერ თანხმდებიან. მართალია - ვარდისფერი (თუ წითელი) ხალათია მთავარი პრობლემა ამ სიტუაციაში, რადგან ქალი ხალათს რომ ჩაიცმევს - ის მაგას გაიხდის კიდევაც. მალე ალბათ იქამდე მივა საქმე, რომ ხალათის ქამრის ხაოების აკრძალვაზეც დაფიქრდებიან ზოგიერთები.

ისე, კი ამბობს ქვეყნის პრემიერი - მე არაფერში ვერევიო - მაგრამ, მოდი და ინტრიგანს დააჯერე, რომ ერის ზნეობრიობაზე ზრუნვის მსგავსი კურსი - იქით „ბუსუსების“ აკრძალვით და აქეთ - „ბორდელებში“ შეჭრით - რიგითი დამთხვევაა. თუმცა, ინტრიგანი იქით იყოს -  ისედაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ „ბორდელი, პორნო, სექსი, პროსტიტუცია“ და მსგავსი თემები ყველგან (ყვითელ პრესაში, განსაკუთრებით) კარგად იყიდება. შესაბამისად, აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა ამგვარი ფორმებით მიღებულ რეიტინგზე არ ამბობს უარს და რეპორტაჟებსაც თავისუფლად უშვებს ეთერში.

რა თქმა უნდა, ეს პოსტი არც პროსტიტუციის გამართლებაა და არც ჩონგფენ ჩუა ჩემი ალალი ბიძაშვილი. უბრალოდ, როდესაც ჟურნალისტი ირგებს ზნეობრივი პოლიციის მანტიას, იჭრება კერძო სივრცეში, არ იცავს პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას, არღვევს ეთიკას, დგამს ფარული კამერის იმიტაციას და საბოლოო ჯამში უკეთებს ძალიან დიდ რეკლამას „ჩინურ ბორდელებს“, სიტუაცია უკვე მეტად სასაცილო ხდება.

ჰოდა, ასე თუ გააგრძელა საინფორმაციო სამსახურმა - დიდი შანსია, რომ მალე შუქნიშნებზე წითელსა და მწვანე შუქებს შორის, „მეცხრე არხის“ ლოგო აინთოს...

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test