შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

„საქინფორმის“ მიერ მხილებული ქართველი ინტერნეტ-დივერსანტები

14.01.2013 18:08

ხშირად მსმენია, რომ ბლოგერები სატანისტები, უპატრონოები, საზოგადოების წინააღმდეგ ამბოხებული ადამიანები არიან, რომლებიც მართავენ ორგიებს და აწყობენ დებოშს. იმეგობრო ბლოგერთან - ნიშნავს,  უარი თქვა ნორმალურ ცხოვრებაზე, გაყიდო სამშობლო, სინდისი, პატიოსნება და ა.შ. და ა.შ.

სიმართლე რომ ვთქვათ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს ყურადღებას არასოდეს ვაქცევდი. მანამ, სანამ დღეს დილით, „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე გამოქვეყნებულ ფოტოში საკუთარი თავი არ აღმოვაჩინე. ფოტო სახელმწიფო კანცელარიაშია გადაღებული, სადაც ნიკა გილაური, დაახლოებით, ათ ბლოგერს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, თუმცა, როგორც შეხვედრის შემდეგ ჩემს ბლოგზეც აღვნიშნე, საინტერესო პასუხები არ მიგვიღია.

ფოტო თან ერთვის სტატიას - სახელწოდებით: „საქართველოში მხილებულია ინტერნეტ-დივერსანტების მავნებლური ბანდა“. მასალა ყოველგვარი დამამტკიცებელი არგუმენტების მოყვანის გარეშე, მოგვითხრობს ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც, ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. გამოძიების შედეგად, „საქინფორმს“ აღმოუჩენია რუსულენოვანი ინტერნეტ-დივერსანტების მავნებლური ჯგუფი, რომელიც რამდენიმე ათეული წევრისა და სამი ორგანიზაციისაგან შედეგება (თუმცა რა ორგანიზაციებზე საუბარი, მასალაში გარკვევით არ კონკრეტდება).

სტატია რუბრიკა „ესენი არიან! ესენი არიან!-შია“ გამოქვეყნებული. ავტორი ვინმე არნო ხიდირბეგიშვილი გახლავთ, რომელიც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ რედაქტორი ყოფილა.

მასალა მთლიანად ეძღვნება ე.წ. „რუსულენოვან ბლოგერებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას უთხრიან ძირს“. ამის დამამტკიცებელი ერთადერთი არგუმენტი კი ის არის, რომ ავტორის მიხედვით, „დივერსიული ჯგუფი“ არჩევნების შემდეგ, „მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“, შესაბამისად, ქართველი ხალხის წინააღმდეგ“. სტატია კარგად არის გაჯერებული მმართველი გუნდის ქება-დიდებითა და აწ უკვე ოპოზიციის ლანძღვით. აქვე, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ „საქინფორმის“ ჟურნალისტებმა, როგორც კანონმორჩილმა და ჭეშმარიტმა პატრიოტებმა, თავისი პროფესიული და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს და ჟურნალისტურ გამოძიებასაც დასრულებულად აცხადებს.

ავტორი ე.წ. "მავნე ბლოგერების" ვინაობასაც ასახელებს - გიორგი ჯახაიას (http://cyxymu.livejournal.com/), გიორგი წიკლაურს (http://geostringer.livejournal.com/), გელა ვასაძეს (http://gelavasadze.livejournal.com/) და გოჩა გვარამიას, რომელიც ვებ-გვერდ Georgia Online-ის დამფუძნებელია.

თავად სტატიის ჟურნალისტური ღირებულების განხილვაში დროს არ დავკარგავ. უბრალოდ, მისი გაცნობისას, რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს გადავაწყდი, რომლებიც ამ საკითხში ავტორის გათვიცნობიერების დონეს კარგად აჩვენებს და ლოგიკურ კითხვებსაც აჩენს:

მაგალითად, სტატია, მთლიანად ბრალდებებზეა აგებული, თუმცა, დამამტკიცებელ საბუთად ორი ფოტო დაუბეჭდავთ. აქედან ერთზე, სადაც ბლოგერების გილაურთან შეხვედრაა ასახული, ზემოთ ვისაუბრე.  ფოტოს აღწერაში წერია, რომ ესენი არიან „ვანო მერაბიშვილის რუსულენოვანი ბლოგერები (ინტერნეტ-დივერსანტთა მთავარი ჯგუფი)“. არადა, ფოტოზე გამოსახული ადამიანების უმეტესობა, მათ შორის მეც) ქართულენოვანი ბლოგების ავტორია, ამასთან მათმა უმეტესობამ რუსული არ იცის (თუმცა, სავარაუდოდ, ავტორი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას მათთვის სპეციალური თარჯიმნები ჰყავდეს დაქირავებული);

არნო ხიდირბეგიშვილი სტატიაში ამტკიცებს, რომ  „დივერსიული ჯგუფის წევრებს“, გადარიცხვების გარდა, ნიკა გილაურის მიერ, სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრების შემდეგ, კონვერტებში ჩადებული ფული ურიგდებოდათ. საინტერესოა, არსებობს თუ არა ამის დამამტკიცებელი საბუთი, სად არის და რატომ არ გამოაქვეყნა ავტორმა?

მასალის მიხედვით,  „მავნებელ დივერსანტებში“ პროფესიონალი ჟურნალისტები არ არიან. ავტორი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ პროვინციელი, უიღბლო და უვიცი ხულიგანი-ბლოგერების გაერთიანებაა, რომლებიც ამქვეყნად არავის სჭირდება და რომლებმაც ქართული არ იციან. მაინტერესებს, სხვებს რომ პროვინციელებს უწოდებს, თავად სადაური ბრძანდება ბატონი არნო?

სტატიის ერთ-ერთი სერიოზული ბრალდება ისაა, რომ „დივერსანტები“ თურმე ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორები არიან. აქვე იხსენებს მერაბიშვილის სიტყვებსაც, რომ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და მოვლენათა „ბრწყინვალე ჯაჭვს“ ქმნის. ამ დროს კი ავიწყდება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გვერდები ფეისბუქში, რომლებიც არჩევნებამდე და მის შემდეგ, გაცილებით აქტიურები იყვნენ და არიან. მაგრამ თუ სტატიის პოლიტიკურ პათოსს გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, ავტორი მიიჩნევს, რომ იყო „ქართული ოცნების“ ან მისი ლიდერის ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორი - ეს სახელმწიფოს სადარაჯოზე, რიგითი მეციხოვნის რანგში დგომაა.

და ბოლოს: სტატიის ავტორი ტელეკომპანია „პიკს“ ქვეწარმავლის მოკვეთილ თავად მოიხსენიებს, თუმცა აქვე მკითხველს შეახსენებს, რომ არსებობს რამდენიმე ათეული გამყიდველი გველის წიწილა და აქვე აღნიშნავს, რომ „თუ გველს ცოცხალს დატოვებ, მოგიტრიალდება და გიკბენს, თან შხამის ორმაგ დოზა შეგიშხაპუნებს“.

ეს ყველაფერი ბრალდებებია, რომლებსაც თუნდაც გაზეთში დაბეჭდვისას განმტკიცება სჭირდება. სტატიის კითხვისას კი, მდიდარი ფანტაზიის მეტი, პირადად მე, ვერაფერი აღმოვაჩინე.

ბატონო არნო, თქვენი არ იყოს, მეც მოგილოცავთ ახალ წელს და ქრისტეშობას. გისურვებთ, რომ გესწავლოთ ტაქტი, ზომიერება, არგუმენტებით ლაპარაკი, ეთიკა ჟურნალისტურ ნამუშევრებში და არამხოლოდ, გადამოწმებული ფაქტების გამოქვეყნება, პროფესიონალიზმი და მოკლედ, ყველაფერი ის, რაც არათუ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს რედაქტორს, არამედ რიგით ჟურნალისტსაც კი მოეთხოვება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test