შემოგვიერთდი

ანა გურული

ნანუკა ჟორჟოლიანის „პროფილი“

17.01.2013 09:25
ნანუკა ჟორჟოლიანი (photo: )

ნანუკა ჟორჟოლიანი დაბრუნდა. დაბრუნდა სენტიმენტალურად - თვალებში მოკიაფე სიამაყის ცრემლებით. დაბრუნდა არაპომპეზურად - ყოველგვარი ექსკლუზივებისა და „ბრავო, ბრავო“-ს ძახილის მასტიმულირებელი ამბების გარეშე, რაც მთავარია, დაბრუნდა სხვა ტელევიზიის ეთერში და მაშინვე იმის მტკიცება დაგვიწყო, რომ „რუსთავი 2“ სინამდვილეში იდეალურთან მიახლოებული ტელევიზია ყოფილა. მართალია, ამის ძირითადი მიზეზი ალბათ უფრო ის არის, რომ ტელეკომპანიამ უიმედოდ დარჩენილი ყოფილი თანამშრომელი კიდევ ერთხელ შეიფარა, მაგრამ აბა ჩასაფრებული ინტრიგანები ხომ არ ვართ, ეს ყველაფერი ნანუკას დებიუტშივე რომ წამოვაძახოთ. ამიტომ, სჯობს, პირდაპირ გადაცემაზე გადავიდეთ.

გადაცემაზე, რომელიც საოცრად წააგავდა „პროფილს“. თუმცა, იყო ერთი მცირე განსხვავება: „როგორ დაიწყო ყველაფერი“-ს ტრადიცია აქ ჩაანაცვლა ლექსიკურად განსხვავებულმა და იდეურად მსგავსმა შეკითხვამ - „გაიხსენე შენი პირველი დღე/ეთერი“ - რომელიც ნებისმიერ სტუმარს უპრობლემოდ ერგებოდა. ჩვენც, ამ სევდანარევი მოგონებების ფონზე, აღმოვაჩინეთ, რომ ჟურნალისტები პირველ დღეს თურმე „საშინლად ღელავდნენ“ და ისიც არანაკლები სიამოვნებით ვიხილეთ, თუ როგორ ფერხორციანდებოდნენ წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის უბერებელი წამყვანები.

ამასთან, მთელი გადაცემის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცება იმისა, თუ რაოდენ გმირები არიან „კურიერის“ ჟურნალისტები, რომლებიც 7 ნოემბერს ხელისუფლებას შეეპასუხნენ და რომლებმაც აგვისტოში ომი გააშუქეს. რა თქმა უნდა, ეს იყო კიდეც ერთგვარი გმირობა, მაგრამ „გმირობის მიღმა“, სიტყვაც კი არ თქმულა იმ დანარჩენ წლებზე, როდესაც, „რუსთავი 2“-ს პროსამთავრობო არხის იარლიყი ჰქონდა მიკერებული და გმირული ობიექტურობით არც მაინცდამაინც „კურიერისა“, თუ „პოსტ სკრიპტუმის“ სიუჟეტები გამოირჩეოდნენ. ჰო, ამ ყველაფრის აღიარებაც ხომ ერთგვარი გმირობაა, რომლისთვისაც ჟურნალისტები ჯერჯერობით მზად არ აღმოჩნდნენ და თან ამგვარი „ექსკლუზივებით“ ასეთი თბილი გადაცემის დამძიმებაც ხომ კატეგორიულად დაუშვებელი იქნებოდა.

თუმცა, როგორც ჩანს, ამ მეგობრულ გუნდში რაღაც ხარვეზები მაინც აღმოჩნდა, რადგან ათწლეულის პოპულარული პროექტების მიმოხილვისას შემოქმედებით ჯგუფს, შემთხვევით გამორჩა „პროფილი“ - ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტი „რუსთავი 2“-ის ისტორიაში (ალბათ, იმიტომ, რომ „ეკივოკი“ ან „სუსტი რგოლი“ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო) და არც მაინცდამაინც მაია ასათიანის ტელევიზიაში პირველად მოსვლის ისტორიების მოსმენის სურვილით დამწვარა ვინმე.

არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს „პროფილის“ დასასრულის დასაწყისად ჩაითვალოს (ჩვენ ხომ „მთელი ცხოვრების გატარება პროფილთან ერთად“ გვაქვს მოსჯილი), მაგრამ ერთი მხრივ, კარგია როცა ერთ არხზე არის ორი თოქშოუ, ორივე მსგავსი ფორმატის და ორივე რეიტინგული. იქნებ ახლა მაინც შეიწუხოს თავი მაია ასათიანმა რაიმე ისეთის მოფიქრებით, რომ გადაცემას მხოლოდ დარდიმანდული ცეკვა-თამაშით, ან ანეკდოტების მოყოლით აღარ აგორებდეს ხოლმე. თორემ აგერ ნანუკას მეორე შოუშივე გორან ბრეგოვიჩი ჰყავს სტუმრად (შვიდჯერ მოყვანილი ეთერ კაკულიას, ზუზუს ან ლაშა ღლონტის ნაცვლად) და მიტოვებული ქალების ცრემლიანი თემებით „პროფილის“ პროფილშიც დაუკითხავად იჭრება უკვე. 

„პროფილი“ იქით იყოს და (ისედაც აჩოჩებენ) გუშინდელ გადაცემაში საეჭვოდ არ ჩანდა როსტო, ნანუკას რომ „აუცილებლად მიჰყავდა ყველგან, სადაც წავიდოდა“ და აღარც სტუდია გამოირჩეოდა განსაკუთრებული დეკორაციებით. როგორც ჩანს, გადაცემის დაფინანსების საიმედო წყარო ისეთი ძლევამოსილი აღარ არის, როგორც ადრე იყო და პრინციპში, ეს ნანუკას სიურპრიზებსაც შეეტყო. სიურპრიზში იმ კლიპს ვგულისხმობ, სასკოლო-საუნივერსიტეტო ბანკეტისთვის წარსულის შეკოწიწებულ კადრებზე რაიმე სიმღერის დადებით რომ ქმნიან ხოლმე და შემდეგ მისი ხილვით მხოლოდ თვითონ ტკბებიან. ყოველ შემთხვევაში, რეიტინგული შოუობის პრეტენზიის მქონე გადაცემას სიურპრიზად იმაზე ოდნავ მეტი მოეთხოვება, ვიდრე ეს ჟურნალისტებისათვის შიდა სიხარულისა და სიამაყის თრთოლვის მომგვრელი კუსტარული კლიპია.

ერთი სიტყვით, სადებიუტო გადაცემა უფრო იმას ჰგავდა, დიდი ხნის უნახავი მეგობრები რომ შეიკრიბებიან და ჭიქა წვენისა თუ ყავის თანხლებით წარსულს იხსენებენ ხოლმე. თუმცა, შესაძლოა მომავალში გადაცემა ისე დაიქოქოს, რომ ამგვარი დებიუტი სულაც დაგვავიწყდეს. გადაცემის მომავალზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ დებიუტით ვერ იმსჯელებ - მინიმუმ იმიტომ - შემთხვევით მცდარი პოზიცია რომ არ დაიკავო და მომავალში მის გასამართლებლად, ზოგიერთებივით „ბოდიშის“ პერმანენტული ხდა რომ აღარ დაგჭირდეს...

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test