შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

სოციალური ქსელი - საჯარო თუ პირადი სივრცე?

18.01.2013 20:16

2011 წელს, CNN-ის ჟურნალისტი, ოქტავია ნასრი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიზეზი მის მიერ, twitter-ზე გამოქვეყნებული სტატუსი აღმოჩნდა, რომელიც „ჰესბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის, ჰუსეინ ფადლალას სიკვდილს ეხებოდა. ნასრი წერდა, რომ ამ ადამიანს ძალიან აფასებდა და მისმა სიკვდილმა გული დასწყვიტა.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს სამსახურის დატოვება სოციალურ ქსელზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო მოუწიათ. მსგავსი შემთხვევა საქართველოშიც იყო, როდესაც „ვახო სანაიას რეპორტაჟის“ ორი ჟურნალისტი, გიორგი თუხარელი და გიორგი გაბრიჩიძე, ფეისბუქზე დაწერილი ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო გაათავისუფლეს.

გამომცემლობის სახელით არც ამერიკელ და არც ქართველ ჟურნალისტებს არაფერი დაუწერიათ. მათ პირადი ანგარიშებით დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლებისთვის, ეს ადამიანები ქვეცნობიერად არიან დაკავშირებულნი კონკრეტულ მედიასაშუალებასა თუ გადაცემასთან.

 საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ სოციალური ქსელები საჯარო სივრცეა. ამის ნათელი მაგალითი ქართული მედიაპორტალების ნაწილს დამატებული სპეციალური რუბრიკებიც გახლავთ, სადაც ფეისბუქში მიმდინარე პოლემიკებზე, პოპულარული ადამიანების სტატუსებსა და ა.შ. ნიუსებს წერენ. აქედან გამომდინარე, ყოველი სტატუსის დაწერისას, ნებისმიერ ადამიანს გარკვეული სიფრთხილე მართებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის საჯარო პირია.

ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება ჟურნალისტებს მოეთხოვებათ. მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემების მიუხედავად, სასურველია, თუ ისინი სოციალურ ქსელებში ნეიტრალურები დარჩებიან, რადგან თუ ჩვენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებსა თუ მოსაზრებებს ხისტად ვაფიქსირებთ, ნებსით თუ უნებლიეთ, ბევრ რამეს ვაყენებთ საფრთხის ქვეშ. მათ შორის ჩვენს დამსაქმებელ მედიაორგანიზაციას (ავტომატურად მიიჩნევა, რომ რედაქციის მოსაზრების გამომხატველი ხარ), საკუთარ იმიჯს (რაც არ უნდა კარგი ნამუშევარი გამოაქვეყნოს, ძნელია დაიჯერო ჟურნალისტის მიუკერძოებლობა, როცა იცი, რა პოზიციის მატარებელია, ამასთან, შესაძლოა, მსგავსმა განცხადებებმა რესპოდენტებიც დაგვაკარგვინოს, რომლებიც, ხშირად, ძალიან ძვირად ფასობენ) და, ზოგიერთ შემთხვევაში, სამსახურსაც (ასეთ დროს, საზოგადოების აღშფოთებული ნაწილის დასამშვიდებლად, შესაძლოა, მედიაორგანიზაციამ ჟურნალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღოს, რისი პრეცედენტიც უკვე არსებობს).

თუმცა მოსაზრების გამოხატვაც არის და გამოხატვაც. რიგითი მკითხველის/მაყურებლის გადმოსახედიდან, ძნელია სერიზოულად აღიქვა ჟურნალისტი, რომელიც პირადი მოსაზრების უხეშად დაფიქსირების გარდა, ეთიკის სტანდარტებსაც არღვევს. როგორც წესი, მასმედიის წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი საქციელი, განსაკუთრებული რეზონანსის საგანი ხდება ხოლმე.

ბოლო შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტისა და რედაქტორის მიერ, ფეისბუქში გამოთქმულ მოსაზრებას აჟიოტაჟი  მოჰყვა, შორენა შავერდაშვილისა და თინა ყიფშიძის სტატუსებია. ისინი ბექა გოჩიაშვილის დაკითხვას ეხმაურებოდნენ. ერთი წერდა, რომ გოჩიაშვილი, შესაძლოა, გაკეთებული განცხადებებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვალს უხდიდა, მეორე კი აღნიშნავდა, რომ  „ნაცი და ნაცთან დაახლოებული პირი“ მისთვის ადამიანი არ არის. ამ სტატუსებმა მოიარა მთელი ფეისბუქი, გამოითქვა ათასი სხვადასხვანაირი მოსაზრება, საბოლოოდ კი, ყველაფერი შორენა შავერდაშვილის ბოდიშით დასრულდა (რაც, თავისთავად, კარგი ნაბიჯია, რადგან ბევრ ადამიანს არ ჰყოფნის იმის ძალა, რომ შეცდომის გამო ბოდიში მოიხადოს).

ქცევის წესები სოციალურ მედიაში, არამხოლოდ საქართველოში, ალბათ, მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებშიც არ არის ზუსტად გაწერილი. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტთა დიდი ნაწილი თვითცენზურას იყენებს და ცდილობს, ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელებში საკუთარი მოსაზრება ნაკლებად აფიქსიროს.

პირადი პოზიციების გამოხატვისას, განსაკუთრებული სიფრთხილე მაშინ არის საჭირო, როდესაც იდენტიფიცირებული საჯარო პირი ხარ და შენზე ბევრი "ილესავს კბილებს". პოსტ ფაქტუმ ბოდიშის მოხდას, ალბათ, სჯობს, სტატუსის გამოქვეყნებამდე ვეცადოთ და გავიაზროთ, როგორ შეიძლება მოგვიბრუნდეს სოციალურ ქსელების პირად გვერდებზე დაფიქსირებული ჩვენივე მოსაზრებები.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test