შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

ნობელის პრემია, საზოგადოებრივი ჯგუფი და მათი კანდიდატი ჩემს მეხსიერებაში

31.01.2013 08:21

ისევე, როგორც ოთხმოცდაათიანი წლების თაობის უმეტესობისათვის, უშუქობიდან გამომდინარე, ტელევიზორი გართობის ეგზოტიკურ საშუალებას წარმოადგენდა.  გვქონდა ძველისძველი ტელევიზორი „ივერია“, რომელიც ერთადერთ, „პირველ არხს“ აჩვენებდა და იმასაც საშინლად.

მახსოვს მაშინდელი გადაცემები და, ასაკის მიუხედავად, თემატიკაც. ნატო ონიანის „ტაიმ-აუტი,“ მარკ რივკინის „ნოვოსტი“, „ბასტი-ბუბუ“ (ჩემი ფავორიტი) და ირმა ინაშვილის გადაცემები, სადაც, გაგიკვირდებათ და, ქვეყნის ეკონომიკა შუქდებოდა. მაშინ, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა შიმშილობდა, გვიყვებოდნენ, როგორ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვითარდებოდა ქართული ეკონომიკა, როგორ იხსნებოდა საწარმოები, როგორ დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობა და როგორ ავყვავდებოდით ამის შემდეგ... რა თქმა უნდა, არც ედუარდ შევარდნაძის როლი იყო დაკნინებული.

მერე ირმა ინაშვილი ეკრანებიდან გაქრა. თვალი ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლების აქციაზე მოვკარი, რომლებიც „პირველი არხიდან“ გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, მედიაკავშირი „ობიექტივი“ ჩამოაყალიბა და, ალბათ, არც არასოდეს გამახსენდებოდა, რომ არა ციხის ცნობილი კადრები და ამ პროცესებში, ბევრი თქმა-გადათქმის, მიკიბვ-მოკიბვისა და უცნაური განცხადებებიდან გამომდინარე, პირადად ჩემთვის, ირმა ინაშვილის დღემდე გაურკვეველი როლი.

ხშირად ამბობენ, რომ ქართველებს მოკლე მეხსიერება აქვთ. ძნელია, ამაში ეჭვი შეგეპროს. როდესაც ბრიუსელიდან დაბრუნებულ ინაშვილს აეროპორტში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. ბევრს მისი ბედნერებისაგან აცრემლებული სახე ახლაც ახსოვს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. „ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფმა“  გადაწყვიტა, ციხის კადრების გავრცელებისათვის, ირმა ინაშვილი, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინოს. ინიციატივას ხელს აწერენ პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი, პოლიტოლოგები: კახი კახიშვილი და ალექსანდრე რუსეცკი და სხვები.

სიმართლე რომ ვთქვათ, ციხის კადრებმა მშვიდობაზე მეტად ხელი „ქართული ოცნების“ გამარჯვებას შეუწყო. ინიციატორების ნაწილიც სწორედ ამას მიიჩნევს „ობიექტივის“ სანობელო საქმედ, თუმცა საინტერესოა, რომელიმე პოლიტიკური ძალის გამარჯვება, როგორ შეიძლება იყოს მშვიდობის გარანტიის პირდაპირპროპორციული?

სხვათაშორის, ამ ჯგუფმა ნობელზე ბიძინა ივანიშვილიც წარადგინა. ფაქტმა საეჭვოდ გამახსენა რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენები. მაშინ ნობელზე ზუსტად ამავე, მშვიდობის დარგში, მიხეილ სააკაშვილი იყო წარდგენილი.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი, უმეტესად, შუაასაკობრივი ფენა მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ ნობელს. ძალიან სამწუხაროა, რომ 7-8 წლის ბავშვისგან განსხვავებით, მათ აღარ ახსოვთ ინაშვილის გადაცემები „პირველ არხზე“, მაგრამ დღეს „ობიექტივზე“, სულიერებაზე სასაუბროდ ეთერი ყოფილ მხედრიონელს დოდო გუგეშაშვილს ეთმობა და „ოქროს კვეთაზე“ „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია გვესაუბრება. ვფიქრობ, ეს საკმარისია ზოგადი განწყობის შესაქმნელად, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს არც გუგეშაშვილის წარსული ახსოვთ და არც კვარაცხელიას ხისტი პრორუსულობა ადარდებთ. პრინციპში, „ობიექტივში“ დასაქმებულთათვის, როგორც თავად ამბობენ, წარმოუდგენელია იყო ჟურნალისტი და საკუთარი პოზიცია არ აფიქსირო. ნეიტრალურობას და მსოფლიოში აღიარებულ ჟურნალისტთა ქცევის წესებს ირმა ინაშვილი, 90-იანი წლებიდან დამკვიდრებულ „მახინჯ სტანდარტს“ უწოდებს და, ალბათ, პროფესია ჟურნალისტის მისეულ აღქმა იყო მიზეზი იმისა, რომ ივანიშვილს ექსკლუზიურ ინტერვიუზე კონფიდენციალურად გაუმხილა, თუ ვის მისცა ხმა.

P.S. ისე, ნობელის კანდიდატთა ნუსხაში, საზოგადო მოღვაწეთა ამ ჯგუფს, ვლადიმერ ბედუკაძე არ უნდა გამორჩენოდა. მე მგონი, ციხის სკანდალის გახეთქვაში ყველაზე მეტი დამსახურება მას მიუძღვის, თუმცა სიის მიღმა, დიდი ალბათობით მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ირმა ინაშვილთან ურთიერთობა აქვს გაფუჭებული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test