შემოგვიერთდი

თამარ კარელიძე

პრემიერისა და ჟურნალისტების ვნებანი

06.02.2013 18:46

"რა კითხვაა ეს, რომელი ტელევიზიაა?", "უზრდელი ხარ შვილო შენ", "მე ამ კითხვას არ ვუპასუხებ",  "ისწავლეთ წესიერად მოქცევა"... ეს მცირე ჩამონათვალია ფრაზებისა, რომლითაც პრემიერისა და ჟურნალისტების შეხვედრის უმეტესობა მთავრდება. ეს  რამდენადაც სახალისოა რიგითი მაყურებლისთვის, იმდენად შეურაცხყოფს ჟურნალისტს.

ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება მასმედიის მიმართ ჯერ კიდევ მაშინ გაცხადდა, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის  შესახებ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. წერილში მაშინდელი მმართველი გუნდის შეცდომებზე საუბრის გარდა, ჟურნალისტთა საქმიანობის შეფასებასა და რჩევა-დარიგებას ვრცელი მონაკვეთი ეთმობოდა. არც კონკრეტული სახელების ხსენებას მორიდებია და რამდენიმე მძიმეწონიანი მედიის წარმომადგენელი მწვავედაც გააკრიტიკა (თუმცა მათ ნაწილთან შეხვედრებისა და გასაუბრების შემდეგ, აზრის შეცვლაც მოასწრო).

პრემიერის დამოკიდებულების ერთ-ერთ მოტივატორად, წინასაარჩევნო პერიოდში რიგი მედიასაშუალებების მიერ აგორებული კამპანია უნდა ვივარაუდოთ. თუმცა, არჩევნებში გამარჯვებიდან ცოტა ხანში, „ქართული ოცნება“  მედიას, მუშაობაში სრულ თავისუფლებას დაჰპირდა. ბევრს დაპირება არ დაუჯერებია; პირველი ეჭვი კი მაშინ გაჩნდა, როდესაც რამდენიმე თვის გახსნილ „მეცხრე არხში“ რეორგანიზაცია მოულოდნელად დაიწყო. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გენერალურ დირექტორთან ერთად, არხიდან საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი და, ჟურნალისტების სახით, ტელეკომპანიის ძირითადი ბირთვი წამოვიდა. როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი არც ერთ მათგანს შეხვედრია და არ დაინტერესებულა, რა გახდა მათ მიერ არხის ერთობლივი დატოვების მიზეზი.

თუ პირველი „მეცხრე არხის“ ბედს გავიხსენებთ, იდეაში გასაკვირი აქაც არაფერია. რამდენიმე წლის წინ, დილით სამსახურში მისულ ადამიანებს გამოუცხადეს, რომ ტელევიზია, მფლობელის გადაწყვეტილებით, დაიხურა. მაშინ უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. რამდენადაც მახსოვს, მათთვის არხის გაუქმების მიზეზი არავის განუმარტავს.

ისევ დღევანდელობას რომ დავუბრუნდეთ, ვფიქრობ, პრემიერის დამოკიდებულებაში ჟურნალსტების ნაწილსაც არანაკლები როლი მიუძღვის. ისინი ორ კატეგორიად იყოფიან:

პირველი: ჟურნალისტები, რომელთა ნაწილიც ქვედა საფეხურებრივ დონეზე მუშაობს იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებმაც არჩევნებამდე „ორიგინალურობით“ თავი ყველას დაგვამახსოვრეს და მეორე, ჟურნალისტები, რომლებსაც, ხელისუფლების შეცვლით, პირადი მდგომარეობაც შეეცვალათ.

თავი რომ დავანებოთ ტოტალურ არაკოლეგიალობას, რაც ივანიშვილის პრესკონფერენციიდან პრესკონფერენციამდე იზრდება, მესამე შეხვედრაზე სიახლე გაჩნდა: ერთ-ერთი ჟურნალისტი ზოგიერთი მინისტრის პირად ცხოვრებაზე პრემიერის შეხედულებით დაინტერესდა, მეორემ კი, ე.წ. ჩანერგილებზე კითხვის ჩამოყალიბებისას, პარალელი, ტროცკისტებთან მიმართებით, საბჭოთა კანონთან გაავლო (რაც კითხვის დასმისას მისი პოზიციის დაფიქსირებსაც ნიშნავდა), რაზეც, ივანიშვილმა საკმაოდ უხეშად განაცხადა, რომ პასუხს არ გასცემდა.

რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ძალიან მარტივად შეგვიძლია გადავრთოთ პირველ არხზე, ან შევიდეთ ფეისბუქზე და რიგი სტატუსები წავიკითხოთ. გუშინდელი პრესკონფერენციის ერთგვარი გაგრძელება იყო „აქცენტებში“ ეკა კვესიტაძის დაჟინებული კითხვა თინა ხიდაშელისადმი, სადაც ის დეპუტატისგან, მინისტრთან პირად ცხოვრებაზე ივანიშვილის განცხადების მორალურ შეფასებას ითხოვდა.

არსებობს ჟურნალისტთა კიდევ ერთი, რიგგარეშე კატეგორია, რომლებიც, მაქსიმალურად ცდილობენ, ყველა მთავრობას ასიამოვნონ და საკუთარი საზოგადოებრივი, თუ ფინანსური პოზიციები არ დაკარგონ. მაგალითად, პრესკონფერენციის შემდეგ, ერთ-ერთმა პროდუსერმა სოციალურ ქსელში დაწერა, ვამაყობ ჩემი ჟურნალისტით, რომელმაც ქაოსურ სიტუაციაში მოახერხა პრემიერისთვის კითხვის დასმა და თან ისე, რომ არ სწყენიაო. მასმედიის წარმომადგენელთა კიდევ ერთი პრობლემა სწორედ ეს არის. სანამ თვითცენზურისგან არ გავთავისუფლდებით, სანამ იმაზე ვიფიქრებთ, რომ დასმული კითხვით "დიადნი ამა ქვეყნისანის" აღშფოთება არ გამოვიწვიოთ,  ყოველთვის მოვახდენთ „აგდებული“ დამოკიდებულების პროვოცირებას.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test