შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

21.09

2015

კონკურსები

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს ტენდერს ტელედისკუსიების მოწყობაზე

"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" იწვევს სატენდერო განაცხადებს ტელეკომპანიებისგან საქართველოში საჯარო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტელედისკუსიების მოსაწყობად. ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის, „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ ფარგლებში (ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ევრაზიის თანამშრომლობის ვებ-გვერდზე: www.epfound.ge). 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. მიზნობრივი პროგრამების მხარდაჭერის და საგრანტო კონკურსების გზით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე პოზიტიურ ცვლილებს უწყობს ხელს. 
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი 2008 წლის თებერვალში დაფუძნდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ფონდის მანდატები და მიდგომები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: სამოქალაქო მონიტორინგი, კორპორატიული და საზოგადოებრივი ფილანტროპია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება და საჯარო პოლიტიკის შემუშავება, საზღვრისპირა და თემთაშორისი თანამშრომლობა, გენდერის ინტეგრაცია პროგრამებში, ახალგაზრდების ინტეგრაცია, სექტორებს შორის თანამშრომლობა და ღია კარი.
მანდატებისა და მიდგომების ფარგლებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი შემდეგ პროგრამებს ახორციელებს: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისთვის, ახალგაზრდული ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა. 
ფონდის დონორებისა და პარტნიორების რიცხვში არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში (EU), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ა.შ. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევრაზიის ფონდის ქსელის წევრია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ რვა დამოუკიდებელ ფონდს აერთიანებს. 

პრობლემის აღწერა:

სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა არასათანადო ინფორმირებულობის პირობებში, საზოგადოება ვერ იღებს აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ვერ სარგებლობს აღნიშნულ სფეროში მონიტორინგისა და ადვოკატირების განხორციელების შესაძლებლობებით.
აღნიშნულ სიტუაციას ამძაფრებს მონიტორინგის ქმედითი მექანიზმებისა და ამ მიმართულებით, საჯარო მოხელეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სისტემური დიალოგის ფორმატის არარსებობა. შედეგად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა და საბიუჯეტო ხარჯების მონიტორინგი ცენტრალურ, თუ ადგილობრივ დონეზე საკმაოდ შეზღუდულია.
საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე მოწყობილი საჯარო დისკუსიების გზით მოქალაქეთა დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საჯარო მოხელეებს შორის დიალოგის გააქტიურებასთან ერთად, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საბიუჯეტო ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. 

ტენდერის მიზანი:

საქართველოში საჯარო ფინანსების ხარჯვისა და საბიუჯეტო სახსრების მართვის მხრივ არსებული პრობლემების, აგრეთვე, ამ სფეროში საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება. 

ტენდერის ამოცანები:

ტენდერის გამარჯვებულმა უნდა მოამზადოს 5 ტელედისკუსია 2015-2016 წლის განმავლობაში (მინიმუმ 1 დისკუსია უნდა გაიმართოს 2015 წელს). დისკუსიები უნდა მომზადდეს ტელეკომპანიის ერთი, ან რამდენიმე მიმდინარე თოქ-შოუს ფარგლებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან თანამშრომლობით. 
თოქ-შოუები შემდეგ თემატიკას უნდა ეხებოდეს:

** საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა და ეფექტიანობა; 
** სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საბიუჯეტო სახსრების მართვის მონიტორინგის საქმეში;
** საჯარო ფინანსების მართვის სფეროში არსებული პრობლემური საკითხები და სხვ.

ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა:

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ტელეკომპანიებს და სტუდიებს. 

დაფინანსება:

ტენდერის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 11,300 ლარს.

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი შეთავაზება უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისგან:

** თოქ-შოუს სახელწოდება, რომელშიც საჯარო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებული დისკუსიების მოწყობაა დაგეგმილი - მისი ფორმატი, ქრონომეტრაჟი, ეთერში გასვლის დრო;
** თითოეული გადაცემის წინასწარი სცენარი;
** წამყვანისა და პროდიუსერის ბიოგრაფიები;
** საჯარო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებული დისკუსიების ეთერში გასვლის მიახლოებითი ვადები; 
** შემოთავაზებული თოქ-შოუს ბოლო 6 თვის რეიტინგი;
** საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საერთო ბიუჯეტი.
** სატენდერო განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ან ინგლისურ ენაზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ოფისში, ან ელექტრონული სახით შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: pem@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: PEM_TV discussions).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტენდერზე წარდგენილი ყველა მასალა და დოკუმენტი რჩება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განკარგულებაში. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ფონდი გამოიყენებს მხოლოდ განხილვის მიზნით და არ მიაწვდის ამ ინფორმაციას გარეშე პირებს ან ორგანიზაციებს, იმათ გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან მოთხოვნილია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დამფინანსებლების მიერ. 

შერჩევის პროცესი

** სატენდერო განაცხადებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მენეჯმენტი, პროგრამის თანამშრომლები და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტანტები განიხილავენ. 
** განხილვის პროცესში განმცხადებელს შესაძლოა მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში. 

შერჩევის კრიტერიუმები:

** სატენდერო განაცხადების შესაფასებლად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენება:
** თოქ-შოუს ფორმატის ეფექტიანობა
** თოქ-შოუს ეთერში გასვლის დროის მიმზიდველობა მაყურებლისთვის
** დისკუსიებში მონაწილე რესპონდენტთა რაოდენობა (უპირატესობად ჩაითვლება შეძლებისდაგვარად მეტი რესპონდენტის ჩართვა)
** წამყვანისა და პროდიუსერის სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება
** თოქ-შოუს რეიტინგი
** ბიუჯეტის კონკურენტუნარიანობა

საკონტაქტო ინფორმაცია:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, კავსაძის ქ. 3, მე-2 სართული, ტელ.: 225 39 42/43.
საკონტაქტო პირები: ვიქტორ ბარამია, პროგრამის უფროსი მენეჯერი (vbaramia@epfound.ge) და მადონა შილდელაშვილი, პროექტის ასისტენტი (mshildelashvili@epfound.ge ).

ტენდერის განრიგი:

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 21 სექტემბერი, 18:00 საათი. 
ტენდერის მონაწილეები ფონდისაგან წერილობით პასუხს მიიღებენ არაუგვიანეს 2015 წლის 31 სექტემბრისა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test