შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

14.07

2017

განცხადებები / კონკურსები

რადიო ნამუშევრების კონკურსი შშმ პირთა უფლებების დაცვის თემაზე

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ევროკავშირის მხარდაჭერით 2013 წლიდან ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების საპილოტე პროგრამას.  2015 წლიდან, იმერეთში მიღებული გამოცდილების გავრცელების მიზნით შშმ პირების პროფესიული განათლების და დასაქმების მხარდამჭერი საქმიანობა თბილისში, აჭარასა და კახეთის რეგიონებშიც   დაიწყო. გარდა შშმ პირებთან მუშაობისა, პროექტი საზოგადოების         ცნობიერების  ამაღლებაზე, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე,   „შეზღუდული  შესაძლებლობის” ნაცვლად, ,,უნიკალური შესაძლებლობის“ მაგალითების წინ წამოწევაზე მიმართულ აქტივობებსაც ახორციელებს.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ

პროექტის ფარგლებში,  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იწვევს  საქართველოში მომუშავე რადიო საშუალებების ჟურნალისტებს მონაწილეობა მიიღონ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თემაზე.                           

კონკურსის მიზანია

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უნიკალური შესაძლებლობის პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
- შშმ პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება; 
- ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესება შშმ პირთა საკითხებში.

კონკურსი ასევე ემსახურება საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის და მისი იმპლემენტაციის, საქართველოში მცხოვრები შშმ პირთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის (განათლება, დასაქმება, გარემოს ხელმისაწვდომობა და სხვა) კუთხით არსებული მდგომარეობის, საჭირობებისა და გამოწვევების შესახებ. 

საკონკურსო მასალა (რადიო გადაცემა) უნდა ეფუძნებოდეს შშმ პირებთან დაკავშირებულ ადამიანურ ისტორიებს და ასახავდეს მათ უფლებრივ მდგომარეობას, დასაქმების, განათლების მიღების, მკურნალობისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობას; აღნიშნულ სფეროებში არსებული პრობლემების სიტუაციურ ანალიზს, გამოწვევებსა და პოლიტიკას; აგრეთვე საზოგადოების დამოკიდებულებას შშმ პირთა უფლებრივ საკითხებზე.  

დამატებითი მოთხოვნები

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილი იქნას, როგორც ერთჯერადი ნამუშევარი, (რადიო გადაცემა) ასევე მათი ციკლი. ერთმა კონკურსანტმა შეიძლება წარმოადგინოს რამოდენიმე ნამუშევარი, ერთი და იგივე ნამუშევარი შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ ერთ ნომინაციაზე.

განიხილება მხოლოდ საქართველოს მედია საშუალებებით გავრცელებული მასალა. უპირატესობა მიენიჭება ისეთ საშუალებებს, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რეგიონების მოსახლეობისათვის.

საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გამოცემული უნდა იყოს 2016 წლის 1 იანვრიდან  2017 წლის 31 მაისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის უფლება

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე ჟურნალისტს ან მედია ორგანიზაციას, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული. დაიშვება ჯგუფური ნამუშევრებიც.

კონკურსის ვადები

ნამუშევრების წარდგენისათვის კონკურსი ღიაა 2017 წლის 8 ივნისიდან 2017 წლის 14 ივლისამდე
დაგვიანებული განცხადებები არ განიხილება.

ჯილდო

გამარჯვებული ნამუშევრისათვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო 400 ევროს ფარგლებში.

საკონკურსო განაცხადის წარდგენა

მედია–ნამუშევარის კონკურსზე განსახილველად  წარდგენა, შეუძლია როგორც მის ავტორს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს (ავტორის თანხმობით).

საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ან ბეჭდური სახით და მას თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:
ნამუშევრის ავტორ(ებ)ი;
- პირი, რომლის საკუთრებას წარმოადგენს ნამუშევარი;
- ავტორის და მესაკუთრის საკონტაქტო მონაცემები;
- ნამუშევრის გამოქვეყნების დრო და მედია საშუალებები, რომელშიც გამოქვეყნდა;

უცხოურ ან საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე წარმოდგენილ მასალას თან უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.

ნამუშევრის საკონკურსოდ წარდგენა შესაძლებელია, როგორც ელექტრონულად, ასევე ელ– ფოსტის საშუალებით, საფოსტო ან საკურიერო გზავნილის სახით.

ელექტრონული ფორმით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე გამოგზავნით admin@kedec.ge. საკონკურსო მასალა უნდა მოიცავდეს რადიო გადაცემის ან ლინკს,  გამოქვეყნების ვადების მითითებით.

გზავნილის თემად მითითებული უნდა იყოს „საკონკურსო მასალა“. გთხოვთ დაელოდოთ დასტურს იმის თაობაზე, რომ განაცხადი მიღებულია.

საკონკურსო განაცხადების შეფასება

საპროექტო განაცხადებს განიხილავს და ქვემოთ მითითებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს  განათლების განვითარების და განათლების ცენტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.

ინტერესთა კონფლიქტი

იმ შემთხვევაში თუ საკონკურსო კომისიის წევრი წარმოადგენს მედია საშუალებას, რომლის ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილია საკონკურსო ნამუშევარი, კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.

ნამუშევარი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

- რამდენად აქტუალურია შერჩეული თემა/საკითხ(ებ)ი;
- რამდენად პასუხობს საკონკურსო განაცხადით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- რამდენად სიღრმისეულად არის გამოკვლეული/განხილული საკითხი;
- რამდენად გასაგებია, საინტერესოა, მიმზიდველია ნამუშევარი მსმენელის ან მკითხველითვის;
- დაცულია თუ არა ჟურნალისტიკის სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაცხადებული პრინციპები;
- რამდენად ორიგინალურია, კრეატიულია, ფასეულია ნამუშევარი შემოქმედებითი თვალსაზრისით.

ინფორმაცია ჟურნალისტური კონკურსის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა, პრობლემების მოგვარების მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა. ორგანიზაცია 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ 40-ზე მეტი პროექტი განახორციელა ბავშვთა დაცვის, სამოქალაქო განათლებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდებს:
www.kedec.ge; https://www.facebook.com/kedec.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test