შემოგვიერთდი

11.02.2013 09:00

რეკომენდაციები პრემიერმინისტრს უწყებების გამჭვირვალობის შესახებ

ნატა ძველიშვილი
open Government Partnership logo (photo: )

თვრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ღია მმართველობის“ (Open Government Partnership) სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს 5 თებერვალს წარუდგინა.

OGP აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინიციტივაა, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ღიაობის, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის ახალი სტანდარტების დამკვიდრებას. ობამას ინიციტიავას გასულ წელს საქართველოც შეუერთდა და ვალდებულებები აოღო. მის შესრულების პროცესს მონიტორინგს უწევს არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, რომელიც იკრიბება თვეში ერთხელ და ისმენს ანგარიშს მთავრობის მიერ განხორცილებული ღონისძიებების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პრემიერ მინისტრისთვის გაგზავნილი რეკომენდაციები რამდენიმე მიმართულებას ეხება.

საკანონმდებლო ბაზის დახვეწა/შემუშავება

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უნდა დაიხვეწოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ III თავი. მაგალითად, ისეთი საკთხები როგორიცაა ინფორმაციის  თავისუფლების დავებზე ბაჟისგან განთავისუფლება, საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების ღიაობის ცალსახად დადგენა, ინფორმაციის დამუშავების კონკრეტული მექანიზმების ვალდებულების გაწერა და სხვა.

გარდა ამისა, საჭიროა დაიწყოს საჯარო კონსულტაციები კანონ-პროექტზე - „საქართველოს კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“

გამჭვირვალე საჯარო სამსახური

არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ  უნდა გაფართოვდეს იმ თანამდებობის პირთა სია, ვისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებიც ექვემდებარება დეკლარაციების საძიებო სისტემაში ძიებას -  www.declaration.ge. მათ შორის უნდა მოხვდეს ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეები, სამინისტროების ყველა დეპარტამენტისა და სამსახურის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, სახელმწიფოს 100 % წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელები.

უნდა შეიქმნას საჯარო თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების აუდიტის სისტემა და აუდიტის ვადები და ინფორმაცია აუდიტის შედეგების შესახებ გახდეს საჯარო.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მთავრობის სხდომა უნდა გახდეს ღია და ვებ გვერდზე გამოქვეყნდეს  მთავრობის სხდომის ოქმები, სტენოგრამული ჩანაწერები, დადგენილებები და განკარგულებები.  

საჯარო ფინანსებისა და ქონების გამჭვირვალე მართვა

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემაში არარეგისტრირებულ მოხმარებელს უნდა მიეცეს წვდომა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ შესყიდვების გეგმებსა და ანგარიშებზე;

უნდა შემცირდეს ელექტრონული შესყიდვების სისტემის გვერდის ავლით შესყიდვების განხორციელება.

გარდა ამისა, საჭიროა შეიქმნას ადვილად ხელმისაწვდომი ონლაინ და ოფლაინ პლატფორმები,  რომ დაინტერესებულ მოქალაქეებს რეგულარულად შეეძლოთ ჩაერთონ ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებში. 

რეგულარულად და დროულად გამოქვეყნდეს ყველა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტი  და ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ელექტრონული ისე ნაბეჭდი სახით.

უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის აუდიტორულ დასკვნებთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა პროგრამული ბიუჯეტის მიზნების შესრულებასთან დაკავშირებით.

სარეზერვო ფონდებიდან თანხების გამოყოფის შესახებ არსებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები პროაქტიულ რეჟიმში, მათი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა გამოქვეყნდეს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

სახელმწიფო აუქციონების ელექტრონული სისტემის (www.e-auction.ge) მეტი გამჭვირვალობის  მიზნით, გაუმჯობესდეს მისი საძიებო და ინფორმაციის არქივირების სისტემები.

პრემიერ მინისტრს არასამთავრობო ორგანიზაციები რეკომენდაციას აძლევენ რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია საინვესტიციო პროექტებისა და თვით ინვესტორების შესახებ, ასევე ინფორმაცია კონტრაქტით აღებული ვალდებულებებისა და ამ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით;

 ამავე რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა აიღოს ვალდებულება განახორციელოს „მოპოვებითი და ტრანზიტის გამჭვირვალობის ინიციატივა“ www.eiti.org - ეს არის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც ბოლო წლებში მიუერთდა აშშ, ნორვეგია და სხვა მოწინავე ქვეყანა. ამ ინიციატივის მხარდაჭერით საქართველო იღებს ვალდებულებას ყოველწლიურად (წელიწადში ერთხელ) გამოაქვეყნოს შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია: საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტად გატარებული ნავთობისა და გაზის მოცულობების და სატრანზიტო და სხვა გადასახადების სახით მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების შესახებ.

აგრეთვე, www.data.gov.ge -ზე და სხვა საშუალებებით ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია (ფინანსური ანგარიშები, ვალდებულებები, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებული ააიპ-ების, დაქვემდებარებული შპს-ების და სააქციო საზოგადოებების შესახებ.

მოქალაქეთა ინფორმირება და ჩართულობა

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებით საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა შეიქმნას „პარტნიორობა ღია მმართველობის“ ცალკე გვერდი (www.government.gov.ge/ogp), რომელზეც რეგულარულად გამოქვეყნდება ინფორმაცია, (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე), საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ. OGP-ის გვერდი აუცილებლად უნდა იყოს გამოტანილი ცალკე ბანერად საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე. პარტნიორობა ღია მმართველობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, ასევე მოქალაქეთა მხრიდან მოსაზრებების, რეკომენდაციების მისაღებად აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული სოციალური ქსელები

სამოქალაქო საზოეგადოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქართველოს მთავრობამ „პარტნიორობა ღია მმართველობის“ სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების განხორციელება უნდა დაავალოს იმ უწყებებს, რომელთაც ამისთვის შესაბამისი კომპეტენცია, ასევე ადამიანური, ტექნიკური, მატერიალური და ფინანსური რესურსი ექნებათ.“

რეკომენდაციების თანახმად, სამოქმედო გეგმის ეფექტურად შესრულებისთვის საჭიროა შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმები. კერძოდ:  გეგმა აუცილებლად უნდა მოიცავდეს საქმიანობების შეფასების ინდიკატორებს.  მნიშვნელოვანია წინასწარ განისაზღვროს გეგმით გათვალისწინებული თითოეული აქტივობის დაფინანსების წყარო. აუცილებელია, ყოველ კონკრეტულ ღონისძიებაზე გათვალისწინებული იქნას შესაძლო რისკ-ფაქტორები, რამაც შესაძლებელია დააბრკოლოს განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test