შემოგვიერთდი

08.08.2005 08:00

არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტ თამაზ ბაკურიძის საქმის ობიექტურად განხილვას ითხოვენ

David Mchedlidze

არასამთავრობო და უფლებადამცავი ორგანიზაციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს მოუწოდებენ ობიექტურად განიხილოს აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ყოფილი პრეს-მდივნისა და აჭარის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ თამაზ ბაკურიძის საქმე.

8 აგვისტოს, თბილისში, ჟურნალისტთა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე "ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის კავშირის", "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისა" და ახალგაზრდული "დემოკრატიული კავშირის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბაკურიძის საქმის გამოძიება და შემდეგ მისი ბათუმის სასამართლოში განხილვა ტენდენციურად ჩატარდა. "ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის კავშირის" წარმომადგენელმა, დავით ლილუაშვილმა პროკურორი რესან კონცელიძე მართლმსაჯულების მიმართ ზეწოლაში, ხოლო მოსამართლე მურმან ხომასურიძე მიკერძოებაში დაადანაშაულა.

თამაზ ბაკურიძეს, რომელიც დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებაში იმხილებოდა, ბათუმის სასამართლომ მიმდინარე წლის 21 ივნისს ექვსი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულის დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ავტონომიის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. დავით ლილუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საქმის ირგვლივ ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის მასალებს საერთაშორისო უფლებადამცავ ორგანიზაციებს გადავცემთ და მათ მხარდაჭერას ვთხოვთ",- თქვა ლილუაშვილმა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test