შემოგვიერთდი

11.08.2005 08:00

“ნაციონალური მოძრაობა” გაზეთ “ოზურგეთის მოამბეს” სასამართლოში უჩივის

David Mchedlidze

"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია დამოუკიდებელი გაზეთის "ოზურგეთის მოამბეს" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ამის შესახებ ოზურგეთის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლადო სურგულაძემ განაცხადა გურიის პირველი ვიცე-გუბერნატორის გოგა გეგეჭკორის კაბინეტში 11 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. სარჩელის შესახებ გადაწყვეტილება პარტიულმა ორგანიზაციამ პოლიტსაბჭოზე ერთხმად მიიღო.

სურგულაძის თქმით, "ნაციონალები" "ოზურგეთის მოამბეს" ადგილობრივი ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.

ვიცე-გუბერნატორის გოგა გეგეჭკორის მტკიცებით, "ოზურგეთის მოამბეში" დაბეჭდილი ინფორმაციები გურიის სამხარეო ხელისუფლებაში თითქოსდა არსებულ დაპირისპირებაზე, შეკვეთილ ხასიათს ატარებს.

"ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით ვინ დგას ამის უკან, თუმცა როცა გავიგებთ ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადებთ", - თქვა გეგეჭკორმა.

გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი გორგაძის თქმით, "ოზურგეთის მოამბეს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია მასსა და გურიის პირველი ვიცე-გუბერნატორის შესაძლო დაპირისპირების თაობაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და მათი ურთიერთობა ახლო მეგობრულია.

"ნაციონალური მოძრაობისა" და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი პრესკონფერენცია "ოზურგეთის მოამბეს" ბოლო ნომერში დაბეჭდილ ინფორმაციებს მიეძღვნა, რომლის სარედაქციო სვეტში საუბარი იყო ადგილობრივი "ნაციონალებისა" და ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელ კორუმპირებულ ადამიანთა ალიანსზე.

"ოზურგეთის მოამბეს" მთავარი რედაქტორის, ლადო მენაბდის თქმით, გურიის სამხარეო ხელმძღვანელობის მკვეთრი რეაქცია, სინამდვილეში, გაზეთში გამოქვეყნებულმა სხვა მასალამ გამოიწვია.

მისი ინფორმაციით, გასული კვირას, "ნაციონალების" მიერ ჩატარებულ "შაბათობაზე" მოხდა ინცინდენტი, რომლის დროსაც მმართველი პარტიის აქტივისტებმა სულით ავადმყოფი ადამიანი სცემეს, რაც "ოზურგეთის მოამბემ" გაშუქა.

ლადო მენაბდე ფიქრობს, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანით, ადგილობრივ ხელისუფლებას სურს ამ ინცინდენტიდან საზოგადოების ყურადღების სხვა თემაზე გადატანა.

მისივე ინფორმაციით, "ნაციონალების" მიერ სულიერი ავადმყოფის ცემით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ და ვინაიდან ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ვიცე-გუბერნატორი გოგა გეგეჭკორი სახელდება, არც არის გასაკვირი მისი მხრიდან "ოზურგეთის მოამბეს" მისამართით ასეთი არაადეკვატური განცხადებების გაკეთება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test