შემოგვიერთდი

15.08.2005 08:00

რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციის წარმომადგენლები მაუწყებლობის სფეროში მარეგულირებელ კომისიას შეხვდნენ

David Mchedlidze

მაუწყებლობის შესახებ ახალმა კანონმა, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკებერში მიიღო, რეგიონულ ტელეკომპანიებს ბევრი თავსატეხი გაუჩინა.

ამ კანონით დადგენილ უამრავ ახალ პირობათა შორის ერთ-ერთის თანახმად, ტელეკომპანიები ვალდებულნი არიან მთელი საეთერო დრო არცთუ იაფი ლიცენზირებული პროგრამებით შეავსონ. ამ და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა ტელეკომპანიებს საჯარიმო სანქციებს უქადის, რაც, ბუნებრივია, ქართული ტელებაზრის განვითარებას დაემუქრება.

ამგვარი პერსპექტივის თავიდან აცილების სურვილით, რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციის წარმომადგენლები გასულ კვირას მაუწყებლობის სფეროში მარეგულირებელი კომისიის წევრებს შეხვდნენ.

"საგნობრივი საუბარი გაიმართა. მთავარია, რომ მარეგულირებელი კომისია ტელეკომპანიების მიმართ პოლიციურ დამოკიდებულებაზე უარს ამბობს. ასეთი მიდგომა მათთან ურთიერთობას გაგვიადვილებს", - აცხადებს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირინე ცინცაძე. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის შესახებაც კომისიასთან ხანგრძლივი საუბარი შედგა, ტელეკომპანიების ლიცენზირებული პროგრამებით უზრუნველყოფა იყო.

"ეს საკითხი ძალზე პრობლემურია და დროში გადაწყვეტას მოითხოვს, რადგან იმ პირობებში, როდესაც რეგიონებში სარეკლამო ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობს, ლიცენზირებული პროგრამების შეძენა, მით უფრო საკუთარის წარმოება, რეგიონული ტელეკომპანიებისთვის დიდი ფინანსური ტვირთია. მარეგულირებელ კომისიას ამის შესახებ დეტალურად ვესაუბრეთ, ისიც განვმარტეთ, თუ რას აპირებს ჩვენი ასოციაცია ამ პრობლემის მეტ-ნაკლებად გადასაწყვეტად", - დასძინა ცინცაძემ. მისივე ცნობით, ასოციაცია (საქართველოს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაცია რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ის 23 ადგილობრივ ტელეკომპანიას აერთიანებს) ტელეპროდუქციის სხვადასხვა მწარმოებელთან მოლაპარაკებებს მართავს, ასოციაციის წევრებისათვის პროგრამების შეძენის თაობაზე.

"ვმუშაობთ იმ კუთხითაც, რომ რეგიონულმა ტელეკომპანიებმა ერთიანი სარეკლამო ბადე შექმნან, რათა თავიანთი არხები რეკლამის პოტენციური მომწოდებლისთვის მიმზიდველი გახადონ. სხვათა შორის, ამ იდეამ დიდი ინტერესი გამოიწვია მარეგულირებელ კომისიაში", - თქვა ცინცაძემ.

ერთი სიტყვით, აღნიშნული შეხვედრა ორივე მხარისთვის საინტერესო და სასარგებლო გამოდგა და როგორც ირინე ცინცაძე აღნიშნავს, ასეთ შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test