შემოგვიერთდი

16.08.2005 08:00

დღეიდან, „საზოგადოებრივი ტელევიზიის“ გენერალური დირექტორის ვაკანტური ადგილის მაძიებელი კანდიდატურების განხილვა იწყება

David Mchedlidze

"საზოგადოებრივი ტელევიზიის" სამეურვეო საბჭო სამშაბათს, 16 ივლისს შეიკრიბება და "საზოგადოებრივი ტელევიზიის" გენერალური დირექტორის ვაკანტური ადგილის მაძიებელ კანდიდატურებზე იმსჯელებს.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, კანდიდატურების განხილვა, ისე, როგორც პირველი კონკურსის დროს, ორ ეტაპად ჩატარდება.

"სამეურვეო საბჭო პრეტენდენტებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს", - თქვა თარხნიშვილმა.

"საზოგადოებრივი ტელევიზიის" გენერალური დირექტორის შესარჩევი პირველი კონკურსი უშედეგოდ დასრულდა, რადგან კონკურსის მეორე ეტაპზე გასული ოთხივე პრეტენდენტი არასაკმარისი მმართველობითი გამოცდილების გამო დაიწუნეს.

ხელმეორე კონკურსიში განცხადებების მიღების ვადა 15 აგვისტოს ამოიწურა. ტელევიზიის გენდირექტორობის სურვილი 24 ადამიანმა გამოთქვა. ესენი არიან: ივანე სეხნიაშვილი, დინარა მაღლაკელიძე, ნათელა მაისურაძე, დავით ცინცაძე, კობა ცხაკაია, რეზო შალიბაშვილი, მიხეილ მჭედლიძე, ნიკოლოზ მახვილაძე, გიორგი კახაბრიშვილი, ნუგზარ მელაძე, თამარ მახარობლიძე, ლია მუხაშავრია, იოსებ მაჭარაშვილი, სერგო ბიწაძე, აკაკი ჩარგეიშვილი, გიორგი მერებაშვილი, ლაშა ბაქრაძე, ლევან ღვინჯილია, ალექსანდრე როსტომოვი, რუსუდან სტრელკოვა, თამაზ ბიბილური, მარინე არაყიშვილი, გენრი კავლელიშვილი და თამარ კინწურაშვილი. ეს უკანასკნელი "საზოგადოებრივი ტელევიზიის" სამეურვეო საბჭოს წევრი იყო და კონკურსში მონაწილეობის სურვილი ბოლო ეტაპზე გამოთქვა. თამარ კინწურაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ლევან თარხნიშვილის სახელზე უკვე დაწერა განცხადება სამეურვეო საბჭოს დატოვების შესახებ.

თარხნიშვილის თქმით, სამეურვეო საბჭო კინწურაშვილის განცხადებას დღევანდელ შეკრებაზე განიხილავს და სავარაუდოდ დააკმაყოფილებს კიდეც, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test