შემოგვიერთდი

19.08.2005 08:00

"რუსთავი 2"-ის ოფისში ლიკვიდირებულ თავდამსხმელი პარანოიდული შიზოფრენიით იყო დაავადებული

David Mchedlidze

პოლიციის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოფისში მოკლული ადამიანი პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებული, 34 წლის ვარლამ ნემსიწვერიძე აღმოჩნდა. ვარლამ ნემსიწვერიძე 18 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე "რუსთავი 2" - ში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ტელეკომპანიის არქივის თანამშრომელი მძევლად აიყვანა და გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრა მოითხოვა.

სამართალდამცავებმა უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინეს.

გენპროკურორის მოადგილემ კახა კობერიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიცია იძულებული გახდა იარაღია გამოეყენებინა, რადგან ნემსიწვერიძე უკიდურესი აგრესიულობით გამოირჩეოდა.

მისივე განმარტებით, ნემსიწევერიძეს ადრე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა, მაგრამ ხშირად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მას ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინეს. ამის საფუძველზე ნემსიწვერიძეს ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოერთვა, თუმცა, "ბერეტას" ტიპის პისტოლეტი, რომელიც თავდასხმის დროს ჰქონდა, რეგისტრირებული არ ყოფილა.

ჯერჯერობით გენერალურ პროკურატურაში არ ფლობენ ინფორმაციას, რატომ მოითხოვდა თბილისელი ვარლამ ნემსიწვერიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას. იგი რამდენიმე წლის წინ მარნეულის რაიონის საფინანსო განყოფილებაში მუშაობდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test