შემოგვიერთდი

22.08.2005 08:00

თამარ კინწურაშვილი საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობას შეუდგა

David Mchedlidze

საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა ორშაბათს, 22 აგვისტოს საზოგადოებრივი ტელევიზიის თანამშრომლებთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

თამარ კინწურაშვილი თანამშრომლებს ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა წარუდგინა.

როგორც გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, საზოგადოებრივი ტელევიზია გამჭვირვალე გახდება როგორც ფინანსების ხარჯვის თვალსაზრისით, ასევე სხვა გადაწყვეტილებების მიღების კუთხით.

კინწურაშვილის თქმით, ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმდებით მიიღებს. მთავარი პრიორიტეტი საინფორმაციო სამსახურის დახვეწა და გაძლიერება იქნება.

"საზოგადოებრივი ტელევიზია პოლიტიკურად დამოუკიდებელი იქნება, რადგან ტელევიზია ობიექტური ინფორმაციის გარეშე წარმოუდგენელია," - განუცხადა მან თანამშრომლებს.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იქნება.

კინწურაშვილის პროგრამა საზოგადოებრივი ტელევიზიის სტრუქტურულ რეორგანიზაციას ითვალისწინებს. მისი განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება და მას ჟურნალისტი ბადრი კოპლატაძე უხელმძღვანელებს. კინწურაშვილის განცხადებით, კოპლატაძე რეფორმების საკითხებში მისი პირველი მოადგილე გახდება.

საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭომ თამარ კინწურაშვილი ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 24 პრეტენდენტს შორის 19 აგვისტოს აირჩია. კინწურაშვილი ტელევიზიას 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test