შემოგვიერთდი

29.08.2005 08:00

ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა პარლამენტის წევრის კობა ბექაურისათვის ფულის გამოძალვის ფაქტი უარყო

David Mchedlidze

ტელეკომპანია "202"-ის თანადამფუძნებელმა შალვა რამიშვილმა დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დუმილის უფლება დაარღვია და სასამართლოსათვის საჯარო ჩვენებების მიცემა დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს, 29 აგტვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე, რამიშვილმა პარლამენტის წევრის კობა ბექაურის დაშანტაჟებისა და მისგან ფულის გამოძალვის ფაქტი უარყო.

რამიშვილმა დაადასტურა მის მიერ ბექაურისგან 30 ათასი დოლარის აღების ფაქტი, თუმცა დასძინა, რომ ეს მოხდა მას შემდეგ რაც "ბექაურის სატელეფონო ზარებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა".

რამიშვილის მტკიცებით, შანტაჟი, მუქარა და თანხის შეთავაზება ბოლო სამი თვის განმავლობაში მოდიოდა თავად ბექაურის მხრიდან და არა პირიქით, როგორც "თავად დაზარალებული"ამტკიცებს.

რამიშვილის განმარტებით, არსებობენ დეპუტატის ზარებისა და მისი საუბრების მომსწრეები, რომელთა ჩვენებებიც ობიექტურ გამოძიებაში დადასტურდება.

"202"-ის დამფუძნებლის განმარტებით, სტუდია "რეპორტიორის" მიერ ბექაურზე მომზადებული ფილმის ეთერში არ გაშვების პირობით მისგან თანხის აღება და ამ ფაქტის ფარული კამერით გადაღება სტუდიის ხელმძღვანელ ვახტანგ კომახიძესთან შეთანხმებით გადაწყდა, რის შესახებაც საქმის კურსში ტელევიზიის სხვა თანამშრომლებიც იქნენ ჩაყენებულნი.

აღნიშნულთან ერთად რამიშვილმა მიუთითა პიროვნებაზე, რომლის პატიოსნებაშიც მას ჯერ-ჯერობით ეჭვი არ ეპარება, და აღნიშნა, რომ მან ბექაურისგან ფულის აღება შესთავაზა.

დაკავებული ამ პიროვნების ვინაობას არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ თანხის გადაცემა მის ბინაში მოხდა. "ამ პიროვნების ჩვენებები ჩემი შემდგომი ბედისთვის მნიშვნელოვანია,"-აღნიშნა მან.

27 აგვისტოს ტელეკომპანია "202"–ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი და მისი კოლეგა დავით კოხრეიძე პოლიციამ დეპუტატ კობა ბექაურისგან 30 ათასი დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააკავა.

ოფიციალური ვერსიით, რამიშვილმა ქრთამი ტელეჟურნალისტების მიერ ბექაურზე მოპოვებული კომპრომატების ეთერში არ გაშვების სანაცვლოდ აიღო. ამ ბრალდების საფუძველზე, დაკავებულებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test