შემოგვიერთდი

02.09.2005 08:00

”202 არ უნდა დაიხუროს!”

David Mchedlidze

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეშფოთებულნი ვართ 27 აგვისტოს ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებლების, შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის დაკავების, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ მასალაში ასახული კადრებისა და ამ საქმესთან დაკავშირებით 29 აგვისტოს გამართული სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვერსიის სისწორის შემთხვევაში, ცხადია, საქმე ძალიან სამწუხარო და საგანგაშო ფაქტთან გვექნება. მედია-საშუალებებთან დაკავშირებით არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე, ეს შემთხვევა ვერ შეფასდება, როგორც ერთი კონკრეტული ჟურნალისტისა თუ მედია-მფლობელის უკანონო ქმედება. ეს აუცილებლად დააკნინებს ისედაც დასუსტებული და ხელისუფლების წნეხის ქვეშ მყოფი მედიის მდგომარეობას, რაც, შესაბამისად, ჟურნალისტების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხზე დიდ გავლენას იქონიებს.

სასამართლო პროცესამდე ჯერ კიდევ ვფიქრობდით, რომ გამოძიება როგორც შალვა რამიშვილის, ისე კობა ბექაურის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე ობიექტურად წარიმართებოდა, თუმცა, 29 აგვისტოს გამართულმა პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად უსუსურია ქართული მართლმსაჯულება და რამდენად ცინიკური - ხელისუფლება საზოგადოების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის არგუმენტები აბსურდული და კანონის საფუძველს მოკლებული იყო, ამას მოსამართლისთვის სულაც არ შეუშლია ხელი, გამოეტანა ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის იქნებოდა მისაღები.

სასამართლო პროცესის შემდეგ უფრო მეტად გაგვიმძაფრდა ეჭვი, რომ ყოველივე ეს გამიზნულია იმისათვის, რათა გადაცემა "დებატები" დაიხუროს, ტელეკომპანია "202"-მა მაუწყებლობა შეწყვიტოს და კიდევ ერთხელ მოხდეს საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მთლიანად ქართული მასმედიის დისკრედიტაცია. ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი მსგავსი მაგალითი დაგროვდა: სხვადასხვა შემაშფოთებელი მიზეზით მრავალი გაზეთი, ტელეკომპანია თუ ანალიტიკური გადაცემა დაიხურა, თუმცა, საბოლოოდ, ძალოვანი სტრუქტურების მიერ ამა თუ იმ კონკრეტულ მედია-საშუალებაზე გავრცელებული არც ერთი ბრალდება არ დადასტურებულა. 27 აგვისტოდან დღემდე განვითარებული მოვლენები სწორედ ამგვარი საფრთხის მატარებელია და ეს მთელი საზოგადოების შეშფოთებას უნდა იწვევდეს.

ასევე, შემაშფოთებელია შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა თანამდებობის პირების განცხადებები, თითქოს "მედია-საშუალებების გამომძალველებისგან გაწმენდა" მომხდარი ფაქტით იწყება. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ყოველდღიურად უხეშად ერევა მედიის საქმიანობაში, პირდაპირი მითითებებით ბლოკავს კონკრეტულ სიუჟეტებს, გადაცემებსა და საგაზეთო პუბლიკაციებს, არ ერიდება პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებისთვის ინსტრუქციების მიცემას, მსგავსი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, ცინიზმია და მედიის საბოლოო დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მიუხედავად იმისა, დადასტურდება თუ არა შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის ბრალეულობა, ტელეკომპანია "202"-მა არავითარ შემთხვევაში მაუწყებლობა არ უნდა შეწყვიტოს, ხოლო საზოგადოებამ უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია იმ მასალების შესახებ, რომელიც სტუდია "რეპორტიორს" გააჩნია და რომლის ეთერში არგაშვების სანაცვლოდაც ხელისუფლების მაღალჩინოსანი მზად იყო, სოლიდური თანხა გადაეხადა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აუცილებლად დაინტერესდეს ამ მასალებით და არ დაუშვას მათი განადგურება ან დამახინჯება. მეტიც, ხელი შეუწყოს ჟურნალისტური გამოძიების მასალების საზოგადოებისთვის მიწოდებას და არ დაბლოკოს ტელეეთერში მათი გაშვება.

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მოვითხოვთ როგორც რამიშვილისა და კოხრეიძის, ისე ბექაურის საქმის ობიექტურ გამოძიებას! ის, რაც 29 აგვისტოს სასამართლო დარბაზში მოხდა, არანაირად არ არის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს არის უკიდურესი ცინიზმი და ძალმომრეობა.

თითოეული ჩვენგანი მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდია "რეპორტიორის" ჟურნალისტებს, რათა მათ მოპოვებული მასალების საზოგადოებამდე მიტანა შეძლონ. ამასთან, არ დავუშვებთ, რომ "გამომძალველებთან ბრძოლის" ლოზუნგით ხელისუფლებამ კონტროლი დააწესოს სიტყვის თავისუფლებაზე, რაც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს საბოლოოდ ძირს დასცემს და ქვეყანას ტოტალიტარული რეჟიმისკენ წაიყვანს.

1. მაგდა პოპიაშვილი - საქართველოს მედია-კლუბი;
2. ზურაბ ბურდული - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
3. ირინა ცინცაძე - რეგიონალურ ტელემაუწყებელთა ასოციაცია;
4. თენგიზ შერგელაშვილი - ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;
5. კონსტანტინე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;
6. ხათუნა ყვირალაშვილი - საქართველოს მედია-კლუბი;
7. ლადო სანიკიძე - იურისტი;
8. თამარ ჩიქოვანი - ჟურნალისტი;
9. ლაშა ტუღუში - ჟურნალიტი;
10. ელზა წიკლაური - ჟურნალისტი;
11. ნინო ხარაძე - ჟურნალისტი;
12. დალი ბჟალავა - ჟურნალისტი;
13. ნინო ჯაფარიძე - ჟურნალისტი;
14. თეონა ჯორბენაძე - ჟურნალისტი;
15. ეკა ჯანაშია - ჟურნალისტი;
16. ლიკა ჩახუნაშვილი;
17. გოგა ჟვანია;
18. ნიკოლოზ ორველაშვილი;
19. ირაკლი კაკაბაძე;
20. ნიკა რამიშვილი;
21. ზურაბ გაჩეჩილაძე;
22. გიორგი მოსიძე;
23. ირაკლი საღინაძე;
24. დევი დევიძე;
25. პაატა ჯავახიშვილი;
26. ნინო კოხრეიძე;
27. რუსიკო გიგაშვილი;
28. ალეკო ცქიტიშვილი, ჟურნალისტი;
29. ლევან ფირცხალავა, ჟურნალისტი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test