შემოგვიერთდი

02.09.2005 08:00

ეს არის ჩემი სიტყვა

David Mchedlidze

გარემოებათა გამო, მოკლებული ვარ ვრცელი წერილის დაწერის საშუალებას, ამიტომ ძალზე მოკლედ მოგახსენებთ ჩემს პოზიციას 27 აგვისტოს მომხდარი პროვოკაციისადმი. მე არასოდეს, არც ერთი სიტყვით, უნებლიე ჟესტითაც კი არ შემითავაზებია ბექაურისათვის ფულის სანაცვლოდ მასზე შექმნილი საგამოძიებო ფილმის არგაშვება. ეს შეუძლებელიც იყო. ფილმს ამზადებდა სტუდია "რეპორტიორი", რომელთანაც "202"-ს აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ჩემს მიერ ფილმის დაბლოკვის მცდელობა გამოიწვევდა სკანდალს, ხოლო ფილმი კი მაინც იხილავდა ამა თუ იმ ფორმით დღის სინათლეს. ყველაფერი სულ საპირისპიროდ იყო. ბოლო 4 თვის მანძილზე თავად ბექაური ძალიან ბევრჯერ მთხოვდა, მეხვეწებოდა, მემუქრებოდა, რომ ფილმი არ გამეშვა. მისი ზარები (რომელიც დაფიქსირებულია ჩემს ტელეფონზე) იმდენად ხშირი და მომაბეზრებელი იყო, რომ მე უამრავ ადამიანს ვეუბნებოდი, მომაშორეთ ეს აბეზარი ბექაური-მეთქი. ამ ადამიანთა შორის არიან ლევან რამიშვილი "თავისუფლების ინსტიტუტიდან", თინა ხიდაშელი და სტუდია "რეპორტიორი"-ს თანამშრომლებიც.

ბექაურს მოთმინებით ვუხსნიდი, რომ ფილმი მაქსიმალური ობიექტურობით შეიქმნებოდა, რომ ფილმის დაბლოკვა შეუძლებელი იყო. მას ორჯერ შევახვედრე "რეპორტიორი"-ს თანამშრომლები. ეს შეხვედრები ფარული გადაღებით არის აღბეჭდილი, ბექაური მუდმივად უარს იღებდა. ბექაური არ ცხრებოდა. იგი მხვდებოდა მე, ჩემს პარტნიორებს "202"-ში, ჟურნალისტებს და გაცხარებით ითხოვდა ფილმის შეჩერებას.

უეცრად, 23 თუ 24 აგვისტოს, როდესაც ქობულეთში ვიყავი და დამირეკა ირმა სტეფნაძემ, ჩემმა კარგმა ნაცნობმა და მითხრა, რომ ბექაურს ჩემთან რაღაც კომერციული წინადადება აქვს. ამ წინადადების განხილვაზე უარი ვთქვი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შევხვდი სტეფნაძეს, რომელმაც მითხრა, რომ ბექაური არნახულ თანხას 100 000 აშშ დოლარს იხდიდა ფილმის არგაშვებაში. მე ჩავთვალე, რომ ამ ფაქტის დაფიქსირება, ანუ დაფიქსირება იმისა, რომ ბექაური დიდ თანხას იხდიდა ფილმის არგაშვებაში, ამ ფილმის არგუმენტებს გაამყარებდა, რადგანაც სავსებით სავარაუდო იყო, რომ ფილმში წარმოჩენილ ფაქტებს ხელისუფლების მხრიდან ჩვეულად არანაირი რეაქცია არ მოჰყვებოდა. რაკიღა ვახო კომახიძე არ იყო თბილისში და მე ვერ ვისარგებლებდი ფარული კამერით (ეს უკანასკნელი ვახოს ჰქონდა), დაჟინებით მოვთხოვე ბექაურს ტრანსაქცია, ანუ ჩემს ანგარიშზე ნაღდი თანხის ჩარიცხვა მომხდარიყო ოფიციალურად ბანკში პირადად ბექაურის მიერ მოწმეების თანდასწრებით, ოფიციალური საბუთით. ამის თაობაზე იცის "ბაზის ბანკის" ხელმძღვანელობამაც, კონკრეტულად, ზურა ციხისთავმაც, რომელსაც 26-ში ვთხოვე, რომ 27-ში გამოეყოთ ჩემთვის და ბექაურისათვის (ეს გვარიც ვახსენე) ოთახი, სადაც იქნებოდა კამერები, სადაც დაითვლებოდა ფული და მოხდებოდა ეს ტრანსაქცია.

27-ში დილით, შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, მოულოდნელად დამირეკა ირმამ და მითხრა, რომ გეგმები შეიცვალა და ამიტომ ფულის გადაცემა მასთან სახლში მოხდებოდა. მე დავურეკე დათო კოხრეიძეს, ვთხოვე, რომ მივეყვანე ბარნოვზე, ირმასთან, გზაში ავუხსენი, რომ მივდიოდი ბექაურთან შეხვედრაზე ფულის გამოსართმევად. დანარჩენი საქმის პერიპეტიების ახსნის დრო არ იყო, რადგან კოხრეიძე მხოლოდ გვიან, იმ ღამეს ჩამოვიდა ქობულეთიდან. ბექაურის მიერ ფულის გადაცემის ადგილის შეცვლამ მაფიქრებინა, რომ ბექაური შეშინდა და ფულის მოცემას არ აპირებს. 27-ში შეხვედრაზე კონვერტით გამოცხადებულმა ბექაურმა დამარწმუნა, რომ ყველაფერი სერიოზულადაა და მე ავიღე ფული. რომ არ ამეღო, იგი დაეჭვდებოდა და შემდეგი შეხვედრაც არ შედგებოდა. მე კი მეორე შეხვედრაზე ვაპირებდი ფარულად ფულის გადაცემის ჩაწერას. მანამდე ვახო კომახიძეც ჩამოვიდოდა და ყველაფერი წესრიგში იქნებოდა.

სამწუხაროდ, ჩემი პირველი მცდელობა გამოძიებისა პროვოკაციით დასრულდა. ჩემს წერილში მოყვანილი ფაქტების სისწორე შეიძლება და უნდა შემოწმდეს სატელეფონო ამონაწერებით თუ მოწმეთა დაკითხვით. მაგრამ მინდა გითხრათ მთავარი, ჩემს წინააღმდეგ მათ აქვთ ფირი, სადაც ჩანს, თუ როგორ ვიღებ ფულს. ფალსიფიცირებული ნივთმტკიცებაა ამოღებული ფულის სახით და ბექაურის სიტყვა - მისი ჩვენებაა. აი, თქვენ ახლა გაქვთ ჩემი სიტყვა. რომელი სიტყვა გადაწონის, სიტყვა ბექაურისა თუ ჩემი, ეს უკვე ჩემი მაყურებლებისა და ჩემი ხალხის გადასაწყვეტია. მე მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს".

შალვა რამიშვილი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test