შემოგვიერთდი

06.09.2005 08:00

ჟურნალისტებისა და გაზეთ „ხვალინდელი დღის“ ორწლიანი სასამართლო დავა დასასრულს უახლოვდება

David Mchedlidze

უზენაეს სასამართლოში 9 სექტემბერს გაზეთ "ხვალინდელი დღის" ყოფილი ჟურნალისტების სააპელაციო სარჩელი განიხილება, რითაც წერტილი დაესმება ცხრა ჟურნალისტისა და "ხვალინდელი დღის" ორწლიან სასამართლო გარჩევებს.

საქმე ისაა, რომ ჟურნალისტები "ხვალინდელი დღის" მეპატრონეებისგან 2002 წელს დაგროვილ 4-7 თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას, დაახლოებით ხუთი ათას ლარს მოითხოვენ და ამ თანხის მიღებას სასამართლოს გზით ცდილობენ.

მათი პირველი მცდელობა ორი წლის წარმატებით დასრულდა, როდესაც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტების სასარგებლო დადგენილება მიიღო და გაზეთს დავალიანების გადახდა დააკისრა. თუმცა, ხატია გოგლიძემ, რომელიც იმ პერიოდში "ხვალინდელი დღის" გენერალური დირექტორი იყო, რაიონული სასამართლოს დადგენილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მაშინ სარწმუნოდ ჩათვალა გოგლიძის არგუმენტები ჟურნალისტების ფინანსური პრეტენზიების უსაფუძვლობის შესახებ.

გოგლიძე დაბეჯითებით ამტკიცებდა პროცესზე, რომ ჟურნალისტებისადმი დავალიანება გაზეთს ვერ ექნებოდა, რადგან 2002 წლის სადავო თვეებში ისინი გაზეთში აღარ მუშაობდნენ. გოგლიძის პოზიციას ისიც ამყარებდა, რომ მომჩივანმა ჟურნალისტებმა პროცესზე ვერ წარმოადგინეს ფორმალური დოკუმენტები, რითაც დადასტურდებოდა, რომ გაზეთს მათდამი ვალი გააჩნდა.

საბოლოოდ, მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ საოლქო სასამართლომ მხარი გაზეთს დაუჭირა და რაიონული სასამართლოს დადგენილება გააუქმა. ჟურნალისტების ადვოკატის ნიაზ ჯავახიშვილის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში დაგეგმილ სასამართლო პროცესზე ჟურნალისტები თავისი სიმართლის დამტკიცებას შეეცდებიან, რადგან გოგლიძის "აბსურდულ" მტკიცებების საპირისპიროდ, არსებობს სადაო პერიოდში გამოსული "ხვალინდელი დღის" ნომრები, სადაც მომჩივანი ჟურნალისტების სტატიებია დაბეჭდილი.

გაზეთ "ხვალინდელი დღის" გენერალურმა დირექტორმა გიგა მაღალაშვილმა სასამართლო პროცესამდე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მხოლოდ დასძინა, რომ ის გაზეთის ხელმძღვანელად სასამართლო დავების დაწყების შემდეგ დაინიშნა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test