შემოგვიერთდი

07.09.2005 08:00

ტელეკომპანია „მზე“-ს თანამშრომელთა რაოდენობა განახევრდა

David Mchedlidze

ტელეკომპანია "მზე"-დან დაახლოებით 100 ადამიანი დაითხოვეს. ტელეკომპანიაში შაბათს, 3 სექტემბერს სამუშაოდ მისული თანამშრომლების დიდი ნაწილი დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შენობაში არ შეუშვეს. მათ განუცხადეს, რომ ისინი სამსახურიდან დროებით დაითხოვეს. თანამშრომლების შეშვება დაცვისთვის გადაცემული სიის მიხედვით ხდებოდა.

ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის "მზერას" შემცირებაში მოყოლილი ერთ-ერთი პროდიუსერის, კობა გოგიძის ინფორმაციით, მისთვის არ აუხსნიათ სამსახურიდან გაშვების მიზეზი.

"შვებულებიდან სამსახურში გასვლის პირველივე დღეს მითხრეს, რომ მე შემცირებაში მოვყევი, თუმცა დროებით. ტელეკომპანიაში ორი წელი ვიმუშავე, ჯერ ჟურნალისტად, შემდეგ პროდიუსერად, საყვედური არავის უთქვამს. ამიტომ გაუგებარია, სამსახურიდან ჩემი დათხოვის მიზეზი."

გოგიძის ინფორმაციით, შემცირებაში მოჰყვა ჟურნალისტების, ოპერატორების და ტექნიკური პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი; გაუქმდა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის გურიის, ფოთის, კახეთის და ქვემო ქართლის ბიუროები.

ტელეკომპანიიდან საკუთარი სურვილით წავიდა "მზერას" ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი ვაკო ავალიანი. კობა გოგიძის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სამსახური დატოვა "მზე"-ს გენერალურმა დირექტორმა ელდარ მდინარაძემაც. ტელეკომპანია "მზე" -ში 200 მდე ადამიანი მუშაობდა. მან მაუწყებლობა 2003 წელს დაიწყო. მისი ერთ-ერთ მფლობელი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილია.

მასშტაბურ შემცირებამდე ორი თვით ადრე, "მზე"-ს პოპულარული თოქ-შოუ "არჩევანის ზღვარზე" დაიხურა. გადაცემის დახურვა ქართულმა მედიამ ტელეკომპანიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მიზეზით ახსნა, რადგან თოქ-შოუში დიდ ადგილი ოპოზიციას ეთმობოდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test