შემოგვიერთდი

12.09.2005 08:00

პარლამენტარ კობა ბექაურის მაკომპრომეტირებელი ფილმი სატელევიზიო არხებზე ორშაბათს არ გავა

David Mchedlidze

საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი და სტუდია "რეპორტიორის" ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე არ ადასტურებენ ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორშაბათს, 12 სექტემბერს საზოგადოებრივ არხზე გავიდოდა "რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმი, რომელიც პარლამენტარ კობა ბექაურის უკანონო საქმიანობას ეხება.

თამარ კინწურაშვილის თქმით, ვახტანგ კომახიძეს ფილმი კვირას, 11 სექტემბერს უნდა მოეტანა ტელევიზიაში, რომლის შემდეგ გადაწყდებოდა საზოგადოებრივ არხზე მისი ჩვენების თარიღი.

"ეს ფილმი ჩემამდე ჯერ არ მოსულა", - თქვა კინწურაშვილმა. ვახტანგ, კომახიძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტელკევიზიაში ფილმს ორშაბათს მიიტანს და მის ტრანსლირებასთან დაკავშირებულ დეტალებზე მოლაპარაკებებს თამარ კინწურაშვილთან გამართავს.

"ჩვენი წინადადებაა, რომ ფილმი გონივრულ ვადებში - 7-10 დღეში აჩვენონ. შეთანხმების შემთხვევაში ის საზოგადოებრივ არხზე და ტელეკომპანია "202-ზე ერთდროულად გავა, თუ შეთანხმება არ შედგა, ფილმს "202-ზე ვუჩვენებთ, მანამ, ვიდრე მას საზოგადოებრივი არხი გადასცემს", - თქვა კომახიძემ. სტუდია "რეპორტიორის" მიერ კობა ბექაურზე გადაღებულ ფილმთან არის დაკავშირებული ქართულ მედიაში ბოლო ხანს მომხდარი სკანდალური მოვლენები, რომელმაც პოლიტიკური ელფერი შეიძინა.

შეგახსენებთ: 27 ივლისს შს სამინისტრომ "202-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა რამიშვილი და ამავე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავა. შს სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, რამიშვილი ბექაურს 100 000 დოლარს სძალავდა სტუდია "რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმის ტელეკომპანია "202"-ის ეთერით არგაშვების სანაცვლოდ, თუმცა, ფილმი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

სტუდია "რეპორტიორს", ჟურნალისტურ გამოძიებაზე 12 ფილმის წარმოებისთვის, დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ. ბექაურზე გადაღებული ფილმი მეშვიდეა. "რეპორტიორს" და "202"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სტუდიის მიერ ამ პროექტის თანახმად მომზადებულ ყველა ფილმს (ჟურნალისტურ გამოძიებას) ტელეკომპანიის ეთერი უნდა დაეთმოს.

ვხატანგ კომახიძის ცნობით, "რეპორტიორმა" უკვე დაიწყო მერვე ფილმზე მუშაობა, რომელიც პრეზიდენტის ფონდის არამიზნობრივ ხარჯებს ეხება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test