შემოგვიერთდი

16.09.2005 08:00

სახალხო დამცველი პარლამენტ ელექტრონული მედიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას შესთავაზებს

David Mchedlidze

იმ დროს, როცა რეგიონებში ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის ტენდენცია გრძელდება, ჟურნალისტებს ემუქრებიან და პოპულარულ ტელეწამყვანებს იჭერენ, ხოლო ქართული მედია საკუთარ შევიწროებაზე სულ უფრო მეტს საუბრობს, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საპარლამენტო მოხსენებისთვის ემზადება. დეპუტატების წინაშე ოქტომბერში დაგეგმილი გამოსვლის დროს სოზარ სუბარი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მიმოხილვასთან ერთად ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებსაც მოიყვანს, ქართულ მედიაში შექმნილ ზოგად სურათსაც დახატავს და პარლამენტს გარკვეულ რეკომენდაციებს შესთავაზებს. ქვემოთ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო დამცველთან, რომელიც ჩვენს კორესპონდენტს მედიაში არსებულ მდგომარეობაზე თავის მოსაზრებებს უზიარებს.

-- ქართულ მედიაში ძალზე რთული სურათია შექმნილი და ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებით ხასიათდება. ერთის მხრივ, მივიღეთ უაღრესად ლიბერალური კანონმდებლობა, რითაც ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ტელევიზია და მის საქმიანობას "მაუწყებლობის შესახებ" პროგრესული კანონი არეგულირებს, ხოლო მეორეს მხრივ, ადგილი აქვს ჟურნალისტების ცემისა და მათზე ზემოქმედების ფაქტებს. თუმცა, ყოველი ასეთი ფაქტი ცალკეულად უნდა შეფასდეს და მათი საერთო კონტექსტში მოქცევა, საერთო დასკვნების გამოტანა, არასწორი იქნება. მაგალითად, ჩემში ეჭვს არ იწვევს ის, რომ გორელი ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი პროფესიული საქმიანობისთვის სცემეს, მანამდე მისი ცემის მცდელობას ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ამაში ხელისუფლებას ცალსახად ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ მას პასუხისმგებლობა ეკისრება იმისთვის, რომ საქმე გამოძიებული არ არის.. უეჭველია ისიც, რომ გორის რაიონის სოფელ ხვითში ჟურნალისტების ცემა მათ პროფესიულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ვერც ამაში დავადანაშაულებ ხელისუფლებას პირდაპირ, რადგან ინციდენტში ადგილობრივი სოფლელები მონაწილეობდნენ. მაგრამ, იქ იდგა პოლიცია, უყურებდა, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ დასაცავად არაფერი გააკეთა. თან ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოკადრებზე კარგად ჩანს თავდამსხმელები. ან, ავიღოთ, თუნდაც გურჯაანის გაზეთ "იმედის" რედაქტორ გელა მთივლიშვილის შემთხვევა, როდესაც ის რამდენჯერმე სცემს და სახლში ხელყუმბარაც შეუგდეს. ცალსახად თქმა, რომ ეს ხელისუფლების წარმომადგენელთა ნამოქმედარია არ შეიძლება, თუმცა ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაშიც ეკისრება, რადგან არც ეს დანაშაულობებია დღემდე გახსნილი. რაც შეეხება ირაკლი კაკაბაძის ცემის ფაქტს, აქ რაიმე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმ ინფორმაციით რასაც მე ვფლობ, მტკიცება, რომ კაკაბაძე ჟურნალისტობისთვის ცემეს გამიჭირდება., დაველოდოთ, რას იტყვის გამოძიება.

-- მაგრამ, ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებელთა დაპატიმრება? ჟურნალისტთა საკმაოდ მოზრდილი ნაწილი და პოლიტიკური ოპოზიცია შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის დაჭერას, მედიაზე ხელისუფლების არათუ ზეწოლად, თავისუფალ სიტყვაზე პირდაპირ შეტევად აფასებს. საზოგადოების ერთი ნაწილიც ასე ფიქრობს.

-- შალვა რამიშვილის დაპატიმრებას პრესაზე ზეწოლად ხელაღებით ვერ ჩავთვლი. კატეგორიული შეფასებებისაგან თავს შევიკავებ, თუმცა, შს სამინისტროს ოპერატიული მასალა, რომელიც ტელევიზიებმა აჩვენეს, შეთხზულის შთაბეჭდილებას ნაკლებად ტოვებს. ანუ ამ მასალის მიხედვით, საქმე დანაშაულთან გვქონია. პირადად ჩემში ეჭვს დანაშაულის ოფიციალური ფორმულირება იწვევს, რა იყო ეს - მართლა ფულის გამოძალვა, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებს, თუ სხვა რამ. შს სამინისტროს მასალიდან ამის კატეგორიული მტკიცება ძნელია. აქედან გამომდინარე, ვერც იმას გავიზიარებ, რომ რამიშვილმა ჩვეულებრივი კრიმინალი ჩაიდინა. მაგრამ, ბრალდებამ რომ დაამტკიცოს თავისი ვერსია? ასე რომ დასკვნას, იმის შესახებ, თითქოს რამიშვილი-კოხრეიძის დაპატიმრება ხელისუფლების პროვოკაციაა და გამიზნულად განხორციელდა ობიექტურობა აკლია.

-- კარგით, დავანებოთ თავი რამიშვილს. ხელისუფლებიდან დღეს, ვისაც არ ეზარება, ესმის ეს საქმე თუ არა, ყველა მედიას აკრიტიკებს, ჩინოვნიკებს ამაში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც აჰყვა. წამყვანი გაზეთები კი ამგვარ კრიტიკას პრესის წინააღმდეგ, მიზანმიმართულ კამპანიად მიიჩნევს. თქვენ რა აზრის ხართ? მართლა ასეთი არაპროფესიონალები არიან ჩვენი ჟურნალისტები?

-- კანონით ჟურნალისტებს უფლება აქვთ, რაც უნდათ ის წერონ, მაგრამ არიან კი ისინი საკმარისად პროფესიონალები და ეთიკურები?. დღევანდელ პრესას თუ გადავხედავთ, იქ დაბეჭდილი სტატიები არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ჟურნალისტების დიდი ნაწილი პროფესიული სტანდარტისაგან ძალიან შორს დგას. ცილისწამება, შეურაცხმყოფელი და შურის გამღვივებელი გამონათქვამები..., რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის ოფისში შეკრება გვქონდა - რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შევხდი. პრესიდან ამონაკრებები წაიკითხეს. მეგობარი ქვეყნის უწმინდეს სალოცავს რომ ჩეჩმიაძინს უწოდებ, ეს არის ჟურნალისტობა? ეს არის არაკეთილსინდისიერების და უსინდისობის მწვერვალი. წარმოიდგინეთ! ვიღაცამ რომ სვეტიცხოველი მსგავსი ეპითეტით შაემკოს, რა ხასიათზე დავდგებით ქართველები და რა განწყობა შეგვექმნება იმ ერის მიმართ, რომლის წარმომადგენელიც ასეთ შეურაცხყოფას მოგვაყენებს. ასეთი, უკაცრავად ჟურნალისტობით, მტერს ვიჩენთ. სხვა თუ არაფერი, შეურაცხყოფას ვაყენებთ არა მხოლოდ მეზობელ ქვეყანას, არამედ ჩვენს ასეულ ათასობით თანამოქალაქეს. ასეთი ჟურნალისტობა არ ისჯება დღევანდელი კანონით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტმა ეთიკაზე და სინდისზე ხელი უნდა აიღოს. პრესას და, საერთოდ, ქართული მედიას სხვა, გაცილებით სერიოზული პრობლემებიც აქვს. ქართული მედია ვერანაირად ვერ გახდა დამოუკიდებელი. იმიტომ, რომ ის დღემდე არ იქცა ბიზნესად. ავიღოთ, თუნდაც, ელექტრონული მედია. ბიზნესმენები საკუთარ ტელევიზიაში ძალიან დიდ ფულს დებენ, იმის ნაცვლად, რომ, პირიქით, მისგან მოგება მიიღონ. მაშ, რაღატომ მიდიან ასეთ ზარალზე? აქ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება. მათთვის მედიასაშუალება ხელისუფლებასთან ვაჭრობის ინსტრუმენტია. ზოგსაც პოლიტიკური ამბიცია აწუხებს. შალვა რამიშვილის გაქანება რომ ვიცი, მას "202" სწორედ პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებად სჭირდებოდა. ჰოდა, ასეთ ტელევიზიაში ჟურნალისტის თავისუფლების ხარისხი შეზღუდულია, ხოლო თავად ტელევიზია ანგაჟირებული. თუმცა, ის, რომ მედია ვერ იქცა მომგებიან მიზეზად, ქვეყნის საერთო ეკონომიკური პირობების ბრალია. სანამ ეკონომიკა არ გაიზრდება, მედია ფინანსური თვალსაზრისით წამგებიანი დარჩება. როცა გაიზრდება ეკონომიკა და ამაღლდება ცხოვრების დონე, აი მაშინ გახდება მედია მომგებიანი, თავისუფალი და ხარისხობრივად მაღალი.

-- მედიას ფინანსურად ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც უჭირდა, მაგრამ ამ დოზით მას არავინ ლანძღავდა, არც სატელევიზიო ტოქ-შოუებს ხურავდნენ და, სერთოდ, ბევრის აზრით, მაუწყებლობა უფრო თავისუფალი იყო - ხელისუფლებისაგან ნაკლები პრობლემები ჰქონდა.

-- ვერ გავიზიარებ ამ აზრს. შევარდნაძის მმართველობის დროს ვითარება განსხვავებული იყო. საკმაოდ კრიტიკული მედია შიშის ზარს სცემდა მაშინდელ ხელისუფლებას. დღეს ხელისუფლებას აღარ ეშინია ჟურნალისტების და, სხვათა შორის, აღარც არასამთავრობოების. შევარდნაძის მთავრობას სჯეროდა პრესაში დაწერილი მითების, ვთქვთ იმაზე, რომ პრეზიდენტმა ბუშმა ჩვენი მისამართით რღაც კრიტიკული გამოთქვა. დღევანდელ ხელისუფლებას ამ მითების აღარ სჯერა. მედია სწორედ ამის გამო წუხს. თორემ, დღეს, პრესაც და ელექტრონული მედიაც გაცილებით უფრო კრიტიკულია. არ არსებობს თემა, რომელიც ტელევიზიაში არ შუქდებოდეს. ნახეთ რამდენი კრიტიკული სტატია იბეჭდება პრესაში. პრესა ხელისფლების მიმართ აბსოლუტურად კრიტიკულია, გაცილებით უფრო კრიტიკული ვიდრე მოსახლეობის განწყობა ხელისუფლების მიმართ. ასე რომ, მტკიცებას, თითქოს ყოფილი ხელისუფლების დროს ქართულ მედიას მეტი თავისუფლება ჰქონდა კითხვის ქვეშ დავაყენებდი. არათუ კითხვის ქვეშ, უფრო პირიქით მგონია. გავიხსენოთ რევოლუციის წინა პერიოდი: ერთადერთი ტელევიზია, რომელიც ხალხსა და რევოლუციას უჭერდა მხარს ტელეკომპანია "რუსთავი 2" იყო, სხვა ყველა კერძო ტელეკომპანია, პირიქით, ხელისუფლების მხარეზე იყო და თავისუფალ სიტყვას ვნებდა, უფრო მეტად ვნებდა ვიდრე სახელმწიფო ტელევიზია. ტელევიზიებმა შედარებით გაწონასწორებული გადაცემები მაშინ დაიწყეს, როცა შევარდნაძის ხელისუფლების ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, როცა მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიების მთავარი ნიუსი თბილისის მოვლენები გახდა. ეს განცხადებები შემიძლია დოკუმენტურად დავადასტურო.

-- საპარლამენტო მოხსენების იმ ნაწილში, რომელიც მედიას ეხება, ჟურნალისტთა ცემის ფაქტებთან ერთად, კიდევ რაზე აპირებთ აქცენტების გამახვილებას? რა რეკომენდაციებს შესთავაზებთ პარლამენტს?

-- ჟურნალისტების უმრავლესობა დამქირავებელთან დღეს კონტრაქტის გარეშე მუშაობს, ან თუ არსებობს ასეთი კონტრაქტი, ხშირ შემთხვევაში ერთთვიანია. ამის გარდა, კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი იმაზე გაცილებით მცირეა, ვიდრე მას ხელზე უხდიან. ხელფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჟურნალისტმა რომც უჩივლოს მედიამფლობელს, მიზანს მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწევს. ვერ მოთხოვს დამქირავებელს 1000 ლარიან ხელფასს, რადგან ოფიციალური ქაღალდით 150 ლარი ეკუთვნის. ასეთი ვითარება ურნალისტის უფლებებს ლახავს. მეორეს მხრივ, ტელეკომპანიებისა და ბეჭვდითი მედიის პოზიციაც გასაგებია. შრომით კონტრაქტებში ის ხელფასები რომ ჩაწერონ, რასაც რეალურად ჟურნალისტებს უხდიან, გაკოტრდებიან, იმდენად დიდია ხელფასებზე დასარიცხი გადასახადი. ჩემი აზრით, მედიის დაბეგვრის მექანიზმიუნდა გადაიხედოს. პრესა უკვე სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით. საგადასახადო შეღავათები ელექტრონული მედიის მიმართაც უნდა დაწესდეს. ამ წინადადებას პარლამენტს შევთავაზებ, თუმცა, ეს არ იქნება კატეგორიული რეკომენდაცია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test