შემოგვიერთდი

14.02.2013 19:56

“იმედის” დილის წამყვანები - “იმედმა” და “იდენტობამ” ჩვენი უფლებები დაარღვიეს”

თამარ ფარადაშვილი
 (photo: )

მათი განმარტებით, 18 იანვარს “ტელეიმედის” გადაცემა“იმედის დილაში” გავიდა სიუჟეტი, საიდანაც ირკვეოდა, რომ სუროგატმა დედამ მომღერალ ელტონ ჯონს და მის მეუღლეს მეორე შვილი გაუჩინა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში გადაცემის წამყვანებმა, დავით ქაცარავამ და სალომე გოგიაშვილმა გააკეთეს ორი კომენტარი: “გულწრფელად მეცოდება ელტონ ჯონის ორივე სუროგატი შვილი”; “ნამდვილად არ მშურს ელტონ ჯონის სუროგატი შვილის, რომ გაიზრდება და ორი მამა რომ ეყოლება, არ იქნება სახარბიელო მდგომარეობა, რომ გითხრა”. 

 ამის შემდეგ, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აუკრძალა მათ ეთერში გასვლა, ხოლო “ქრონიკაში” ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ ემიჯნება დილის წამყვანების მიერ გამოთქმულ აზრებს. “იმედის” ეთიკის საბჭომ მიიჩნია, რომ გამონათქვამები იყო ჰომოფობიური და დაირღვა ჟურნალისტის ეთიკის სტანდარტი. ბოდიშის მოხდისკენ მათ უმცირესობების უფლებამდაცვლემა ორგანიზაცია “იდენტობამაც” მოუწოდა.

სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების თქმით, “იდენტობის” მოწოდება იყო “პირდაპირი და უხეში ზეწოლა ჟურნალისტის საქმიანობაზე”.

მათი განმარტებით, საქართველოს სამართლებრივ სივრცეში ოჯახი აღიარებულია როგორც ქალის და მამაკაცის კავშირი. დაუშვებლად მიჩნეულია ერთსქესიანი წყვილების ქორწინება და ბავშვის შვილად აყვანა. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება კი გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, დილის ეთერში გაკეთებული კომენტარი არ შეიცავდა მორალურ-ეთიკურ ნორმებთან წინააღმდეგობაში მყოფ ელემენტებს. მათი თქმით, კატეგორიულად გამოირიცხება, რომ კომენტარი ვინმესთვის ყოფილიყო  შეურაცხმყოფელი.

“ვფიქრობ არანორმალური ის უფრო იქნებოდა, რომ დილის პროგრამაში დაგვეწყო პროპაგანდა რა კარგია ის, რომ მათ მეორე ბავშვი აიყვანეს, ვიდრე ამ ფაქტის ირონიული კომენტირება” -ამბობს სალომე გოგიაშვილი.

პრესკონფერენციაზე მათ აგრეთვე განაცხადეს, რომ “ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული შეხედულებების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გახშირდა და სისტემატური ხასიათი მიიღო მცდელობამ “ასწავლონ” ჟურნალისტებს თუ როგორი გამორჩეული სითბო და სიმპათია უნდა გამოამჟღავნონ სექსუალური უმცირესობების მიმართ. ამ უმცირესობათა დაცვის პროცესში უხეშად და სისტემატურად არღვევენ საზოგადოების უმრავლესობის უფლებას გააჩნდეთ შეხედულებები და გამოხატვის თავისუფლება”.

სალომე გოგიაშვილი და დავით ქაცარავა მიიჩნევენ, რომ ტელეკომოანია “იმედს” არ უნდა გაეთავისუფლებინა ისინი სამსახურიდან და მათი უფლებები უნდა დაეცვა.

“ადრე იყო შემთხვევა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა. მაშინაც ატყდა ერთი ამბავი, თუმცა ტელეკომპანია “იმედმა” ის დაიცვა,”- ამბობს გოგიაშვილი.

რას პასუხობს ტელეკომპანია “იმედი” წამყვანების ბრალდებებს ამის გაგება media.ge-მა ტელეკომპანიისგან ვერ შეძლო, რადგან არხის გენერალურმა დირექტორმა, რეზო საყევარიშვილმა, ზარებს არ უპასუხა. გადაცემის პროდიუსერმა, ნინო კოტარიამ კი აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

დავით ქაცარავას  განმარტავს, რომ საკუთარი უფლებების დაცვისათვის ბრძოლის გაგრძელებას წამყვანები არ გეგმავენ.

“ეს პრესკონფერენცია იმიტომ მოვაწყვეთ, რომ გვეთქვა რა მოხდა და რომ ჩვენ თავს დამნაშავედ არ მივიჩნევთ”-ამბობს ქაცარავა.

“იმედის” ეთიკის საბჭომ კი, შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ “იმედის” ყველა ჟურნალისტს ჩაუტარდეს ტრენინგი იმისათვის, რომ მათ გააცნობიერონ მაუწყებლობის შესახებ კანონი და ის ეთიკის ნორმები, რომელსაც ხელს აწერს “იმედი”.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test