შემოგვიერთდი

20.05.2013 12:42

კომუნიკაციების კომისია TV3-ის მფლობელების ცვლილების საკითხს განიხილავს

ნატა ძველიშვილი

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 20 მაისს ტელეკომპანია TV3-ის (ყოფილი „რეალტივი“) მფლობელების ცვლილებაზე წინასწარ თანხმობას გასცემს. დღის წესრიგში შეტანილი საკითხის თანახმად, კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი ლალი ეგაძე ფინანსთა ყოფილ მინისტრს და  სავაჭრო სამრეწველო პალატის ამჟამინდელ პრეზიდენტს კახა ბაინდურაშვილს ტელეკომპანიის 9 პროცენტს გადასცემს, 30 პროცენტის მფლობელი სავაჭრო სამრეწველო პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი ლაშა ჩხენკელი ხდება, 51 პროცენტი ბიზნესმენ დავით მჟავიას საკუთრებაში გადავა. დანარჩენი 10 პროცენტი კი ლალი ეგაძეს რჩება.

TV3

კომისიის მიერ მიცემული თანხმობის შემთხვევაში ცვლილება რეესტრშიც გატარდება. მიუხედავად ამისა, ლალი ეგაძე Media.Ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და არაფერი გადაწყვეტილა.

„სავარაუდოდ ბიზნესპროექტები უნდა გაკეთდეს ამ არხზე. მოლაპარაკებების ეტაპია და ვერ დაგიდასტურებთ, იქნებიან თუ არა ეს ადამიანები მფლობელები“, - აღნიშნა ლალი ეგაძემ. ბიზნესარხის შექმნის შესახებ განცხადება კახა ბაინდურაშვილმაც გააკეთა.

სავაჭრო სამრეწველო პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი ლაშა ჩხენკელი რამდენიმე კომპანიის მეწილეა, მათ შორის შპს ვიპ პალასის 67 პროცენტს და შპს ლასას 50 პროცენტს ფლობს.

თავად ლალი ეგაძემ TV3, რომელსაც ადრე „რეალტივი“ ერქვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 16 ოქტომბერს  30 ათას ლარად იყიდა. ამ ხნის განმავლობაში არხს მხოლოდ სახელი შეეცვალა და ახალი გადაცემები არ დაუმატებია.  

რა მიზნით შეიძინა ტელეკომპანია რამდენიმე თვის წინ და რატომ მიიღო წილის გაყიდვის გადაწყვეტილება, ამის შესახებ ლალი ეგაძე არ საუბრობს და ამბობს, რომ „ეს პირადი თემაა კომერციული თვალსაზრისით ეს ერთი, მეორე არანაირი სურვილი არ მქონდა პოლიტიკაში გარევის, არ მინდოდა ყოფილიყო პოლიტიკური ტელევიზია. ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა ან კულტურის, ან ბიზნესარხი“.

ლალი ეგაძის განცხადებით, ყველაფერი ერთ კვირაში დასრულდება და იმ თანხასაც დაასახელებს, რა თანხადაც ტელეკომპანიის 90 პროცენტს გაყიდის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test