შემოგვიერთდი

24.05.2013 15:40

მედიასაშუალებები დაშვებული შეცდომის გამო ბოდიშს იხდიან

გელა ბოჩიკაშვილი

No Theocracy

აქცია „არა თეკორატიას“ ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მედიამ პროფესიონალურად უნდა გააშუქოს მოვლენები. მათი თქმით, აუცლებელია განიმარტოს ტერმინები „ჰომოფობია“, „თეოკრატია“ და ასევე სხვა ტერმინები, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის გადაცემისას.

„მინდა საზოგადოებას და პირველ რიგში ტელეკომპანია „იმედსა“ და „მეცხრე არხს“ შევახსენო, რომ აქცია "არა თეოკრატიას" არ არის დაგეგმილი ლგბტ ორგანიზაციების მიერ და ის მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით  იმართება“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ლომინაშვილმა Media.Ge-თან საუბრისას.

იგი ფიქრობს, რომ „დედა ენის“ ბაღში გამართული აქცია უსაფრთხო იქნება მონაწილეებისთვის, რადგან აქციის გამართვის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„ეს ადამიანები და პირველ რიგში საპატრიარქო კარგად ხვდება იმ დანაშაულებათა სიმძიმეს, რომელიც საჯაროდ 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე ჩაიდინეს“, - დასძინა მან.

ტელეკომპანიებმა აქცია „არა თეოკრატიას“ ორგანიზატორებთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსის“ ანონსზე დაყრდნობით გაავრცელს. როგორც „ინტერეპრესნიუსის“ მთავარი რედაქტორი, ნატა მუმლაძე ამბობს, მათმა ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა.

„ჩვენს საიტზე შეცდომა არ გაპარულა. შეცდომა იყო მხოლოდ ანონსში, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ხელმომწერებისთვის. ეს არ იყო ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი “, - აღნიშნა მუმლაძემ. მისი თქმით, არახელმომწერი მკითხველებისთვის საიტზე იყო გამოქვეყნებული ინფორმაცია სადაც მითითებული იყო აქციის ორგანიზატორების ვინაობა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარეს, გიორგი მგელაძის აზრით, მედიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს მსგავსი თემების გაშუქებისას.

„დღეს გავრცელებული ინფორმაცია ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავდა, რაც მედია საშუალებამ დაუყოვნებლივ უნდა გაასწოროს“, - დასძინა მგელაძემ Media.Ge-თან საუბრისას.

„მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, იმედა დარსალია ამბობს, რომ ტელეკომპანიამ 2 საათიან გამოშვებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ბოდიში მოიხადა.

„ჩვენი წამყვანი დაეყრდნო ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ეს ჩვენ დანაშაულს არ ხსნის. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მოხდა. ჩვენთან წამყვანები საკუთარ ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობენ. მე ბოდიშს ვუხდი ყველას“ ,- უთხრა Media.Ge-ს დარსალიამ.

„იმედის“ საონფორმაციო სამსახურის უფროსი, ბაია ცანავა ამბობს,  რომ „ქრონიკაში“ გასული ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.

„ეს არის სამწუხარო და ცუდი ფაქტი. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას, ჩვენ თავად შევნიშნეთ, რომ ეს უზუსტობა გაიპარა და ტელეკომპანია „იმედი“ გაავრცელებს სპეციალურ განცხადებას. ეს იყო უზუსტობა და არა მიზანმიმართული შეცდომა. ჩვენ შიდა ზომებიც მივიღეთ და საყვედურს გამოვუცხადებთ ამ ადამიანებს“, - უთხრა მან Media.Ge-ს. ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედმა" განცხადება გაავრცელა. 

როგორც ცანავა ამბობს, აქციასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რამდენიმე სიუჟეტი მომზადდა. მისი თქმით, ეთერში გასულ სიუჟეტებში ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ეს აქცია იყო სამოქალაქო საზოგადოების აქცია, რომელიც ძალადობას აპროტესტებს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test