შემოგვიერთდი

06.06.2013 10:41

„მაგთი“ „სილქნეტისა“ და „კავკასუსისთვის“ გადახვევისა და დაპაუზების სერვისის აკრძალვას ითხოვს

ნატა ძველიშვილი

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაგთის საჩივარს სილქნეტისა და კავკასუს ონლაინის წინააღმდეგ არსებითად განიხილავს. საქმე ეხება ე.წ. გადახვევისა და დაპაუზების ფუნქციის მართლზომიერებას. „მაგთი“ ითხოვს კომისიამ გამოიკვლიოს, რამდენად მართლზომიერად ახორციელებენ „სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ ამ მომსახურებას. საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო საკაბელო კომპანია „VII არხიც“, რომელმაც კომისიაში დაახლოებით იგივე ტიპის საჩივარი შეიტანა.

„მაგთი“ მიიჩნევს, რომ „სილქნეტი“ და „კავკასუსი“ არღვევს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონმდებლობას, რადგან თავად მაუწყებელს აქვს უფლება გადაცემა ისე გაუშვას, რომ ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. „მაგთის“ წარმომადგენლის განცხადებით, მათ შეისწავლეს მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და დაასკვნეს, რომ თავად მაუწყებლები უკრძალავენ დაპაუზებასა და გადახვევას, ვინაიდან ისინი ტრანზიტორ კომპანიებს მხოლოდ უცვლელი სახთ გადაცემის უფლებას აძლევენ. აქედან გამომდინარე „მაგთი“ მიიჩნევს, რომ მისი კუთვნილი კომპანია „მაგთისატი“ არათანაბარ კონკურენტულ გარემოში იმყოფება.

ამიტომ „მაგთი“ ითხოვს „სილქნეტსა“ და „კავკასუს ონლაინს“ აეკრძალოთ მომხმარებლისთვის გადახვევისა და დაპაუზების სერვისის მიწოდება და ეს ქმდება მხოლოდ სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ განახორციელონ.

კომისიაში 5 ივნისს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე „მაგთი“ აცხადებდა, რომ რადგან ორ ავტორიზებულ პირს, ამ შემთხვევაში „მაგთის“ და „VII არხს“ აქვს დავა ორ ავტორიზებულ პირთან „სილქნეტსა“ და „კავკასუს ონლაინთან“, ამიტომ საქმე კომისიამ არსებითად უნდა განიხილოს, ვინაიდან ავტორიზებული პირების ურთიერთობის რეგულირება სწორედ კომისიის კომპეტენციაა.

მის მოსაზრებას არ იზიარებდნენ „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონალაინის“ წარმომადგენლები და მიიჩნევდნენ, რომ ტექნიკურ დეტალებში შესვლა, IPTV ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტისას გამოყენებული იქნება  VOD (Video on Demand), თუ Timeshifting - კომისიის კომპეტენცია არ არის.

საბოლოოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, საქმის არსებითი განხილვა 11 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test