შემოგვიერთდი

19.06.2013 12:06

სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის გამო ცხრა ადამიანია დაკავებული

თამარ ფარადაშვილი

სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის გამო, სადაც დიდი რაოდენობით იარაღი, ნარკოტიკები და ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის ამსახველი  ვიდეოფირები ინახებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა.

დაკავებულებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, აგრეთვე ის პირი, რომელიც აუპატიურებდა ადამიანებს- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა19 ივნისს დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. შეხვედრაზე მან 50 ქვეყნის წარმომადგენლებს ვიდეოფირები აჩვენა.

მინისტრის განცხადებით, ვიდეოფირზე აღბეჭდილი მასალა იმდენად მძიმეა, რომ მისი გასაჯაროებისგან თავს შეიკავებენ.

„ამოვიღეთ დაახლოებით ორი ოცეულის სრული შეიარაღება, იარაღით და ნარკოტიკებით სავსე რვა კასრი. ასევე ვნახეთ დასაჭერი ხალხის სია და რამდენიმე ვიდეოკასეტა, სადაც აღბეჭდილია საშინელი კადრები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორი ვიდეო, სადაც ასახულია ადამიანების წამება, დამამცირებელი მოპყრობა და გაუპატიურება," – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიწისქვეშა სამალავები მოწყობილია „ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით.“ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადასული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის  ზოგიერთმა წევრმა სამალავების  აღმოჩენის ფაქტის სანდოობაში ეჭვი სეიტანა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test