შემოგვიერთდი

20.06.2013 14:33

ჟურნალისტთა ნაწილმა გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალის საზოგადოებისთვის ჩვენება მოითხოვა

თამარ ფარადაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროში სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალის მედიის წარმომადგენლებისტვის ჩვენება დასრულდა, ამ წუთებში მიმდინარეობს დისკუსია ვიდეომასალა საზოგადოებას აჩვენონ, თუ გაანადგურონ.  მასალის ჩვენებას 50-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა.

როგორც Media.Ge-ს რედაქტორი დავით მჭედლიძე შსს-დან იტყობინება, ვიდეომასალის საზოგადოებისთვის ჩვენება მედიის წარმომადგენელთა ნაწილმა მოითხოვა. მათ შორის, გია კორკოტაშვილმა ("საქართველოს ხმა") და მალხაზ გულაშვილმა ("ჯორჯიან თაიმსი"). მჭედლიძის თქმით, ვიდეომასალაზე აღბეჭდილ მასალაში  ჩანს გაუპატიურების კადრები, სადაც ადამინების იდენტიფიცირება შესაძლებელია.

„მხოლოდ სახეა დაფარული, ზოგ კადრში კი, პიროვნება იმდენად იდენტიფიცირებადია - მე რომ ვიცნობდე ამ ადამიანს აუცილებლად ამოვიცნობდი“, - ამბობს დავით მჭედლიძე.

მისივე თქმით, ვიდეომასალის ჩვენების დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა დავით პაიჭაძემ (გადაცემა "დიალოგი დავით პაიჭაძესთან ერთად") და ეკა კვესიტაძემ (გადაცემა "აქცენტები") დარბაზი დატოვეს, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან ვერ მიიღეს გარანტია, რომ ვიდეოფირზე აღბეჭდილი ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

„ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, შინაგან საქმეთა მინისტრი მოვიდეს ხვალ ჩემთან სტუდიაში, სხვა კომენტარს არ ვაკეთებ“, -განუცხადა ჟურნალისტებს ეკა კვესიტაძემ.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ, კადრებში პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არის დაფარული, მე დავინტერესდი და ვთხოვე უფრო დაწვრილებით განემარტა - რა იყო დაფარული. სახე შეიძლება იყოს დაფარული, მაგრამ მაინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა სხეულის მოხაზულობით იდენტიფიცირება, ხომ არ ისმოდა მსხვერპლის ხმა. იქ ბევრი ხალხი იყო, შეიძლება ვინმე გეცნოს და ამოიცნო, ამიტომ ყველა მაიდენტიფიცირებელი დეტალი ჯობს, რომ დაფარული იყოს. დავინტერესდი, წამების დროს ხომ არ ახსენებს ვინმე საკუთარ თავს, ოჯახს, ნათესავებს, გვარ -სახელებს. ამის პასუხი მივიღე,  რომ კარგი იქნებოდა 9 წლის განმავლობაში დავინტერესებულიყავი ადამიანის უფლებებით, რასაც მოჰყვა მქუხარე ტაში”, - აცხადებს პაიჭაძე

მოგვიანებით დარბაზი დატოვა „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა, ნესტან ცეცხლაძემ, "24 საათის" რედაქტორებმა პაატა ვეშაპიძემ და მამუკა ფაჩუაშვილმა, "ლიბერალის" რედაქტორმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა  ნინო ლომჯარიამ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

"მჯერა, რომ ამ კადრებში წარმოდგენილი იქნება საშინელება, მახინჯ ტვინებში მოფიქრებული ამბები. მათ შეეძლოთ ჩვენთვის ეთქვათ, რა ოდენობის მასალებია და ა.შ. მაგრამ უშუალოდ კადრების ჩვენება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია და ვერ გავიგე, რა მიზანს ემსახურება“- განმარტა კახა კოჟორიძემ.

"მე ვნახე ორი კადრი, სადაც ადამიანის იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი -  სახე სათანადოდ დაფარული არ იყო. არ ვიცი ვინ ჩანდა კადრებზე - მსხვეპლი, თუ მოძალადე. ამის შემდეგ დავტოვე შეხვედრა", - განუცხადა Media.Ge-ს ნესტან ცეცხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცნობით, სამეგრელოს სამალავში მათ აღმოაჩინეს იარაღი, ნარკოტიკები და ვიდეომასალები, სადაც ადამიანების წამებაა ასახული. ღარიბაშვილის თქმით, განსაკუთრებით სასტიკია ორი პირის წამების ამსახველი ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია მათი გაუპატიურების სცენები. ეს ვიდეომასალები გუშინ შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აჩვენებს, დღეს კი სამინისტრომ ჩვენება მოაწყო მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. შეხვედრას სხვებთან ერთად ესწრებოდნენ ლუბა ელიაშვილი (ტელეკომპანია "მეცხრე არხი"), ნიკა გვარამია (ტელეკომპანია "რუსთავი 2"), დავით აქუბარდია და ნინო ჯანგირაშვილი (ტელეკომპანია "კავკასია"), ბაია ცანავა (ტელეკომპანია "იმედი"), ნინო ჟიჟილაშვილი და თეა სიჭინავა (ტელეკომპანია "მაესტრო"), მათე კირვალიძე ("პირველი რადიო"), მაკა ჯახუა (რადიო "ფორტუნა"), მაკა ანთიძე (სააგენტო როიტერი), ჰელენა ბედველი (ბლუმბერგი). 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test