შემოგვიერთდი

21.06.2013 13:48

ტელე-რადიო კომპანია „აჭარაში“ დაწყებულ კონკურსს ჟურნალისტები ზეწოლად აფასებენ

თამარ ფარადაშვილი

აჭარის ტელე-რადიო კომპანიაში ჟურნალისტთა შესარჩევი კონკურსი 17 ივნისს გამოცხადდა -   ტელეკომპანიის ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ეს აჭარის მთავრობის მიერ მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მექანიზმია.

კონკურსი გამოცხადდა სატელევიზიო და რადიოს ახალი ამბების, ტოქშოუების ჟურნალისტების თანამდებობეზე და 2013 წლის ოქტომბრამდე 3 თვეს გასტანს. ტელეკომპანიის დირექტორის, სოსო სტურუას განმარტებით, კონკურსი დროთა განმავლობაში ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებსაც შეეხებათ.

„აჭარის“ ჟურნალისტი ხათუნა შუშანიძე, Media.Ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში, იანვარში ახალი  მმართველობის მოსვლის შემდეგ, ზეწოლა ხდებოდა იმ ჟურნალისტებზე, ვინც წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა ტელე-რადიოკომპანია „აჭარაში“.

„თავად ბატონი სტურუა ამბობდა, რომ ახლანდელ ხელისუფლებას ზოგიერთი ჟურნალისტის ტელევიზიაში მუშაობა არ სურს, ასეთივეა საზოგადოების დაკვეთა და უმჯობესია თავად დატოვონ თანამდებობებიო“, - ამბობს შუშანიძე. მისივე განმარტებით, კონკურსის გამოცხადებაც ამ მიზანს ემსახურება. „ტელეკომპანიას დაფინანსება მხოლოდ ივლისის ჩათვლით აქვს. ფაქტების საფუძველზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ლოგიკურად ასე გამოდის, რომ ხელისუფლებამ ტელევიზიის ხელმძღვანელობას უთხრა ჩაეტარებინა კონკურსი და დაეთხოვა არასასურველი ჟურნალისტები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსებას არ გაუგრძელებდნენ“, - აღნიშნავს შუშანიძე.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ირინა ყურუას თქმით, ჟურნალისტების ამ ეჭვს ისიც ამტკიცებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შევიდა  ცვლილება ტელე-რადიოკომპანია „აჭარისთვის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რომელიც 2014 წლის იანვრიდან შევა ძალაში და სავარაუდოდ მაშინაც გამოცხადდება კონკურსი. ამის შემდეგ, გაუგებარია რატომ გახდა საჭირო იგივეს გაკეთება ახლა.

სოსო სტურუა Media.Ge-თან საუბრისას  გამორიცხავს მასზე ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას, აგრეთვე უარყოფს ჟურნალისტებზე ზეწოლას ტელეკომპანიიდან წასვლის თაობაზე.

„როცა ამ თანამდებობაზე ვინიშნებოდი, მივიღე ყველანაირი გარანტია, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩარევა არ იქნებოდა.  ვასრულებ ჩემს მოვალეობას და მითითებებს არ ვახორციელებ, ასეთი სახის პრეტენზია ხელისუფლებას არც ჰქონია. როცა დავინახავ, რომ ვიღაცას ხელების ფათური უნდა ტელევიზიის საქმიანობაში, მაშინვე ვამხელ“, - ამბობს სტურუა და ერთ ეპიზოდს იხსენებს - „ზოგი ჟურნალისტი ამბობდა, რომ წინა ხელისუფლებაში მუშაობის დროს მომზადებული სიუჟეტების გამო საზოგადოება მათ გადაღებებზე სიარულისას ლანძღავდა. მეც ვუთხარი, რომ მათ ადგილას, მე ასეთ ადგილებში აღარ ვივლიდი. ეს შეაფასეს მათ ჩემგან ზეწოლად“.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ტელევიზიაში კონკურსის გამოცხადების მიზეზი რეორგანიზაციის განხორციელებაა, რაც მან თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ წამოიწყო და რისკენაც მას საზოგადოება მოუწოდებდა.

„თებერვალში დაიწყო რეორგანიზაცია, მაშინ არ გამოვაცხადე კონკურსი, რადგან საუბარი იყო, რომ ტელევიზიის სტატუსის ცვლილება აპრილში, ან მაისში მოხდებოდა და აზრი არ ჰქონდა. ახლა კი, როცა ჩანს, რომ ეს პროცესი კიდევ ერთი წლით გაიწელება, რატომ უნდა ვიყო უმოქმედოდ, მაშინ რატომ დავინიშნე ამ თანამდებობაზე?!“- ამბობს სტურუა, რომლის განმარტებითაც, კონკურსის მიზანი ტელე-რადიოკომპანია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნაა, კონკურსი კი დემოკრატიული პროცესია, რომლითაც განვითარება ხდება.

„მე რომ ჟურნალისტების თანამდებობიდან გათავისუფლების სურვილი  მქონოდა, ამას თებერვალში გავაკეთებდი, როცა იანვარში ხელშეკრულება ამოეწურათ, უბრალოდ აღარ დავუდებდი ახალ ხელშეკრულებას“, - ამბობს სტრუა. მისი განმარტებით, შტატიანი თანამშრომლებისთვის კონკურსის გამოცხადებას მას საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ავალდებულებს, კონტრაქტიან თანამშრომლებს კი, კონტრაქტის პირობებში უწერიათ, რომ თანამდებობაზე რჩებიან კონკურსის გამოცხადებამდე.

შეგახსენებთ, რომ ტელე-რადიოკომპანია აჭარას ტელეკომპანიის სტატუსი არ აქვს და დღესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტელე-რადიო  დეპარტამენტს ექვემდებარება. „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების შემდეგ, მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიენიჭება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test