შემოგვიერთდი

23.06.2013 22:59

დავით კიკალიშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

დავით კიკალიშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა დავით კიკალიშვილმა 23 ივნისს გადაცემის მსვლელობისას საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ბოდიში მოუხადა.

,,არ მინდა დავემსგავსო ადამიანს, რომელსაც დღესაც სჯერა, რომ სტალინმა არ იცოდა. ,,პოსტსკრიპტუმი" გარკვეულწილად საავტორო გადაცემაა და თავს უფლებას მივცემ და პირველ რიგში თანადგომას გამოვუცხადებ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს, მიუხედავად დანაშაულის სპეციფიკისა, როდესაც მტკიცებულებების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ დროზე ვერ შევუწყვეთ ხელი მომხდარის გამოვლენასა და აღმოფხვრას. ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, იმის გამო, რომ გასული წლების საქმიანობისას ,,პოსტსკრიპტუმში" მომზადდა რეპორტაჟები, სადაც ზოგ შემთხვევაში, გამოყენებული იყო პოლიციისა თუ პროკურატურის მიერ მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები. თუ დადასტურდა, ხაზს ვუსვამ, თუ დადასტურდა, რომ ისინი ასეთი ძალადობრივი თუ კანონდარღვევით იყო მოპოვებული, ,,პოსტსკრიპტუმი" ძალას არ დაიშურებს, რათა აღადგინოს დაზარალებულთა საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება", - განაცხადა კიკალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 17 და 21 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, საიდანაც საბრძოლო მასალებთან ერთად ამოიღეს ვიდეომასალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასალაში სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის კადრებია ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერები აჩვენა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა.

უფლებადამცველებს არაერთხელ უსაყვედურიათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის, რომ არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას, როცა ეთერში ცალმხრივად და დაუფარავად უშვებდა შს სამინისტროს მიერ მოწოდებულ კადრებს ეჭვმიტანილთა აღიარებითი ჩვენების შესახებ.  ტელეკომპანია  არ უპირისპირებდა  შს პოზიციას  დაცვის მხარის მოსაზრებებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test