შემოგვიერთდი

10.04.2013 11:05

2 ახალი პროექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე

გელა ბოჩიკაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებელი სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე 2 ახალ  პროექტს იწყებს - „პოლიტიკური კვირა“ და სოციალური შოუ - „ცხელ ზოლზე“. გადაცემების სტუდიების დასამზადებლად ტენდერი 8 აპრილს გამოცხადდა.

მაუწყებელმა პოლიტიკური ტოქშოუსთვის -„პოლიტიკური კვირა“, რომლის წამყვანიც ინგა გრიგოლია იქნება 65 ათასი ლარი გამოყო. გადაცემისთვის „ცხელ ზოლზე“ კი, 52 ათასი ლარი. ორივე გადაცემის სტუდიის ასაწყობად ტენდერში მონაწილეობის მიღება 24 აპრილიდან 29 აპრილამდეა შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიებმა სტუდია ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში უნდა დაამზადონ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თიკო ბერძენიშვილის განცხადებით, მაუწყებელზე ახალი გადაცემების დასაწყებად ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკური დეტალები დარჩა მოსაგვარებელი. მისი თქმით, გადაწყვეტილია, რომ „პოლიტიკური კვირა“ ყოველ კვირა დღეს გავა, სოციალური შოუ კი, ყოველ შაბათს „პრაიმ - ტაიმში“ – „შესაძლოა, „პოლიტიკური კვირა“ ოთხშაბათსაც გავიდეს ეთერში“.

„გადაცემების მზადების პროცესი დაწყებულია. სტუდიების დამზადების შემდეგ ზუსტად გვეცოდინება როდიდან გავა გადაცემები ეთერში“, - უთხრა მან Media.Ge-ს.

ბერძენიშვილის ამბობს, რომ ამ ეტაპზე გასარკვევია ვინ იქნება „ცხელი ზოლის“ წამყვანი. გადაცემის წამყვანად - „სამოთხის ვაშლების“ ერთ-ერთი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი განიხილება.

„პოლიტიკური კვირის“ წამყვან ინგა გრიგოლიას მაუწყებელმა 1 წლიანი კონტრაქტი 2013 წლის 15 თებერვალს გაუფორმა. გრიგოლია ამბობს, რომ მისი გადაცემა „პირველ არხზე“ 3 აპრილს უნდა დაწყებულიყო და მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამო ვადამ გადაიწია.

მისი თქმით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მსგავსი ტიპის პოლიტიკური ტოქშოუ საზოგადოებრივ მაუწყებლზე საინტერესო იქნება მაყურებლისთვის.

„ჩემი გადაცემა კვირის განამვალობაში 2 დღე გავა ეთერში - ერთი იქნება კვირას 8 საათზე. ვფიქრობ, რომ მთავარი თემის კვირას შეჯამება იქნება ძალიან საინტერსო“,- აღნიშნა მან Media.Ge-თან საუბრისას.

„პოლიტიკური კვირის“ მთავარი პროდიუსერი იქნება - ნინო სტურუა, პროდიუსერი - ნინო ხუციშვილი და რეჟისორი ზურა ფანქველაშვილი. გადაცემის გუნდის სხვა წევრები ამ ეტაპზე არ შეურჩევიათ. გადაცემებში რეგიონებიდან „პირველი არხის“ ჟურნალისტების ჩაერთვებიან - „ყველა გადაცემაში მინიმუმ 2 რეგიონიდან გვექნება ჩართვა“.

იმის მიუხედავად, რომ გადაცემას დიდი აუდიტორია დაესწრება გრიგოლიას თანაწამყვანები არ ეყოლება.

ინგა გრიგოლია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის უფროსად მუშოაბს. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა გადაცემის მომზადება წყალმომარეგების პრობლემებზე მოუწიოს, ინტერესთან კონფლიქტი არ ექნება.

„თბილისის წყალმომარაგების კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. ეს ორი სამსახური ერთმანეთს ხელს არ შეუშლის, იმიტომ რომ კანონი არ კრძალავს ამას. მე ვაპირებ რადიოშიც და გაზეთშიც მუშაობას. ჯერ ვმუშაობ, იმედია ხელს არ შემიშლის დროის თვალსაზრისით. შემოთავაზებას იმის გამო დავთანხმდი, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია არ იყო და ჟურნალისტად მუშაობის განმავლობაში უხერხულობას არ შემიქმნიდა“, - აღნიშნა მან.

გრიგოლია ამბობს, რომ „პოლიტიკური კვირა“ სოციოალური პრობლემების საკითხებსაც დაეთმობა - „წყალმომარაგება იქნება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თემა“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test