შემოგვიერთდი

14.04.2013 09:04

მედიის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ვადამ გადაიწია

გელა ბოჩიკაშვილი

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ (CIPDD) პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსებით „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარების ხელშემწყობი“ პროექტებისთვის გამოცხადებული მეორე საგრანტო კონკურის ვადა 21 აპრილის, ღამის 12 საათამდე გადაწია. ამის შესახებ Media.Ge-ს პროექტის კოორდინატორმა, რუსუდან თაბუკაშვილმა განცხადა.

თაბუკაშვილის თქმით, კონკურსის ვადა იმის გამო გადაიწია, რომ პროექტში მონაწილეობის მიღება „გრანტების შესახებ“ კანონის მიხედვით სამეწარმეო იურიდიულ პირებს არ შეეძლოთ.

„მედიასაშუალებები ძირითადად არიან სამეწარმეო იურიდული პირები, ასეთი ორგანიზაციები გრანტს ვერ მიიღებენ“, - განმარტა Media.Ge-თან თაბუკაშვილმა. იქვე აღნიშნა, რომ გახანგრძლივებული დროის განმავლობაში მედიასაშუალებებს მიეცემათ შანსი სხვა იურიუდული სტატუსით დარეგისტრირდნენ და კონკურსში მონაწილეობა შეძლონ.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება სურდა ტელეკომპანია „იმერვიზიას“. ტელევიზიის დირექტორის, რამაზ გამეზარდაშვილის თქმით, აუცილებელი იყო საგრანტო კონკურსის გამოცხადების დროს ორგანიზაციას ეს პირობა ჩაედო.

„სხვა საგრანტო კონკურსების პირობებსაც გავეცანი, არსად არაა მითითებული, რომ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციბს შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა. ე.ი. ესენი იცავენ მხოლოდ კანონს და სხვები არა?“ - აღნიშნა გამზარდიამ Media.Ge-თან საუბრისას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, მარიამ გოგოსასაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში უნდა დაზუსტდეს, რა სახით იღებენ მედიასაშუალებები დაფინანსებას, გრანტის სახით, თუ შემოწირულობის სახით.

„გრანტის გაცემის შემთხვევაში ორგანიზაცია სარეგისტრაციო სტატუსის მიხედვით იღებს დაფინანსებას. თუ ორგანიზაცია დარეგისტრირებულია, როგორც სამეწარმეო იურიდიულ პირი, მაშინ ის „გრანტების შესახებ“ კანონის მიხედვით, გრანტს ვერ მიიღებს“, - უთხრა გოგოსაშვილმა Media.Ge-ს.

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ მეორე საგრანტო კონკურსი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიღებული 800 ათასი ლარით პირველ აპრილსგამოაცხადა. კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციებისთვის დაახლოებით 200 ათასი ლარი გაიცემა. მაქსიმალური თანხა რისი მოპოვებაც საგრანტო კონკურსშია შესაძლებელი 40 ათასი ლარია, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა დაიხარჯოს.

გრანტების გაცემისას პრიორიტეტები კვლავ უცვლელი რჩება - ორგანიზაცია მოქალაქეების გააქტიურებისა და ინტერნეტ-მედიის განვითარებისთვის შექმნილ პროექტებს მიანიჭებს უპირატესობას. ორგანიზაციის პრიორიტეტებზე ფონდის თავმჯდომარემ, გია ნოდიამ 2013 წლის 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.

ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად“ გამოცხადებული პირველი კონკურსის გამარჯვებულები 22 მარტს გამოავლინა. მაშინ გამრჯვებულ 12 ორგანიზაციაზე 300 ათას ლარამდე თანხა გადანაწილდა. ჯამში „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მირებული 800 ათასი ლარიდან საგრანტო კონკურსისთვის 527 ათასი ლარი გამოყო.

„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტი“ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიქმნა. კონკურსის გამარჯვებულებმა - "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა" ფონდიდან 800 ათასი ლარი, ხოლო „ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდმა“ - 200 000 ლარი მიიღო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test