შემოგვიერთდი

09.07.2013 11:02

ინგა გრიგოლიას გადაცემაზე მაუწყებელი ყოველთვიურად 15 ათას ლარამდე ხარჯავს

გელა ბოჩიკაშვილი

ინგა გრიგოლია

ახალი საეთერო სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა, „პოლიტიკური კვირა“ დაიწყება, რომლის ეთერში გასვლაც 2013 წლის აპრილში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ Media.Ge-ის არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა განუცხადა.

„პოლიტიკური კვირის“ წამყვანს, ინგა გრიგოლიას მაუწყებელმა 1 წლიანი კონტრაქტი 2013 წლის 15 თებერვალს გაუფორმა, თუმცა ხელფასს ის მარტიდან იღებს. გრიგოლია Media.Ge-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მისი გადაცემა „პირველ არხზე“ 3 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამო ვადამ გადაიწია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაცის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, დიმიტრი ბერძენიშვილის მიერ Media.Ge-თვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ  გადაცემა „პოლიტიკური კვირის“ სტუდიის დეკორაცია მაუწყებელს დაახლოებით 52 ათასი ლარი დაუჯდა.

ბერძენიშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „პოლიტიკური კვირის“ მომზადებაზე 7 ადამიანი მუშაობს, რომელთა დარიცხული ყოველთვიური საერთო ანაზღაურება 14 ათას 950 ლარს შეადგენს, რაც წლის განმავლობაში დაახლოებით 179 ათას ლარს უტოლდება. მაშინ, როცა მაუწყებლის ეთერში გასული 2 პოლიტიკური ტოქშოუს  - „აქცენტებისა“ და  „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია „პოლიტიკური კვირის“ მოსამზადებლად გამოყოფილ ხარჯებზე.

დიმიტრი ბერძენიშვილის მიერ 24 აპრილს Media.Ge-თვის მიწოდებულ ინფორმაციაში წერია, რომ გადაცემის - „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ მომზადებაზე 3 ადამიანი (წამყვანი, პროდიუსერი, კორესპოდენტი) მუშაობს, რომელთა საერთო წლიური ანაზღაურება 63 ათასი ლარია. გადაცემის სტუდიის მომზადება კი, მაუწყებელს 34 ათას ლარამდე დაუჯდა.

ამავე საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემისთვის - „აქცენტები“ მაუწყებლის ბიუჯეტიდან სულ 67 ათას 500 ლარზე მეტია გამოყოფილი. „აქცენტების“ მომზადებაზე 3 ადამიანი (წამყვანი, პროდიუსერი, ანალიტიკოსი) მუშაობს. გადაცემის სტუდიის ერთჯერადი ხარჯი კი, 31 ათას ლარზე მეტია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2013-2014 წლის საეთერო სეზონის გადაცემებისა და პროგრამული პრიორიტეტების შესახებ 8 ივნისს მოხსენება სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა გააკეთა. სხდომა დახურული იყო და მას მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრები - მამუკა ფაჩუაშვილი, ზურა დავითაშვილი, დავით კანდელაკი, ემზარ გოგუაძე, ავთანდილ ანთიძე, ნატალია დვალი, ნინო დანელია და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე - ლევან გახელაძემ ესწრებოდნენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test