შემოგვიერთდი

19.07.2013 12:03

პრემიერმინისტრმა მთავრობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად განკარგულება გამოსცა

ნატა ძველიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ განკარგულება გამოსცა.

OGP აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინიციტივაა, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ღიაობის, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის ახალი სტანდარტების დამკვიდრებას. ობამას ინიციტიავას 2011 წელს საქართველოც შეუერთდა და ვალდებულებები აოღო. მის შესრულების პროცესს მონიტორინგს უწევს არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, რომელმაც საკუთარი რეკომენდაციები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრს ჯერ კიდევ 5 თებერვალს წარუდგინა.

ბიძინა ივანიშვილმა შესაბამისი განკარგულება 9 ივლისს გამოსცა. განკარგულებით დადგინდა OGP-ის მიზნების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა ნუსხა. კერძოდ,  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი), შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით,  2013 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშავოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს:

ა) პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციათა ნუსხის პროექტი

ბ) მოსაზრებები საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონულად გაცემის იმპლემენტაციისთვის საჭირო ღონისძიებათა შესახებ;

გ) „ღია მმართველობის პარტნიორობის“ განახლებული სამოქმედო გეგმა;

დ) მოსაზრებები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მექანიზმების შესახებ;

ე) წინადადებები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო მექანიზმების გაუმჯობესების შესახებ.

ამავე განკარგულები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით მთავრობას 2013 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს წინადადებები საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, მათ შორის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი შესრულების შესახებ საზოგადოების ინფორმირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე.

ასევე 1 სექტემბრამდე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უნდა წარადგინოს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ თანამდებობის პირთა განვრცობილი ნუსხის პროექტი, მოსაზრებები თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ეფექტური მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.

ამავე განკარგულებით, „კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“ ვალდებულია მთავრობას წარუდგინოს წინადადებები შესყიდვების ელექტრონული სისტემის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან განსახორციელებელი შესყიდვების პროცესის სრულყოფისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თაობაზე.

პრემიერ მინისტრის ამ განკარგულების შესრულების მონიტორინგს საქართველოს მთავრობა გაუწევს, რომელსაც ერთიან ანგარიშს წარუდგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.

განკარგულებით კმაყოფილები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

„ამ განკარგულებით ცხადად გამოიხატა OGP-ის პრინციპების, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი პრემიერ მინისტრის ხელში გადავიდა“, - აღნიშნაMedia.Ge-სთან საუბრისას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test