შემოგვიერთდი

21.07.2013 13:58

20 ივლისიდან „მეცხრე არხი“ „პირველი სტერეოს“ სიხშირეზე ვრცელდება

გელა ბოჩიკაშვილი

20 ივლისიდან ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ „პირველი სტერეოს“ სიხშირეზე მაუწყებლობს. მაუწყებლობის დაწყების გადაწყვეტილება მხარეებმა „პირველი სტერეოს“ ლიცენზიის საერთო მაუწყებლად მოდიფიცირებიდან (19 ივლისი) მეორე დღეს მიიღეს. 

„პირველი სტერეოს“ დირექტორის, დავით ზილფიმიანის თქმით, იმის გამო, რომ „პირველი სტერეოს“ კუთვნილი ტექნიკა დაზიანებულია, არხის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება „მეცხრე არხთან“ მათი მაუწყებლობის გავრცელების შესახებ კონტრაქტი გაეფორმებინათ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც "პირველმა სტერეომ" ლიცენზიის მოდიფიცირება მოახდინა, იმის გამო, რომ ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებები არ დაერღვია, დაიწყო პარტნიორის ძიება, რომლის მიერ მომზადებულ გადაცემებსაც გადასცემდნენ - „უცვლელი პირობებით ვავრცელებთ, უსასყიდლოდ არაფერი ხდება“, - უთხრა ზილფიმიანმა Media.Ge-ს - „ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადე. ეს იცის ყველამ, მათ შორის მარეგულირებელმა კომისიამ. სრული უფლება გვაქვს კონტრაქტის საფუძველზე გავავრცელოთ „მეცხრე არხი“.

„პირველი სტერეოს“ დირექტორი ამბობს, რომ მათ „მეცხრე არხთან“ კონტრაქტი საკუთარი პროდუქტის შექმნამდე გააფორმეს - „წლის ბოლომდე გარანტირებულია, რომ ჩვენი პროდუქციით ვერ გავალთ ეთერში“.

„მეცხრე არხის“ დირექტორი, ლუბა ელიაშვილი კი აცხადებს, რომ „მეცხრე არხსა“ და „პირველ სტერეოს“ შორის კონტრაქტი ორწლიანია.

 „იყო შეთანხმება, რომ შეიცვლებოდა ლიცენზია. ერთხელ ჩვენ გავედით ტესტური სიგნალითაც. ახლა „პირველმა სტერეომ“ შეცვალა ლიცენზია და გავაფორმეთ ხელშეკრულება. მაყურებელს 2 წლის განმავლობაში შეუძლია „პირველი სტერეოს“ სიხშირეზე „მეცხრე არხის“ ყურება“, - უთხრა Media.Ge-ს ელიაშვილმა.

ელიაშვილი ამბობს, რომ „სტერეო +“-თან შედარებით „პირველი სტერეოს“ სიხშირეზე გავრცელებისთვის შეთავაზებული პაკეტი პირობებით უკეთესი იყო -„ამით „მეცხრე არხი“ „პირველი არხის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მსგავსად ეროვნული მაუწყებელი გახდა“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test