შემოგვიერთდი

23.07.2013 10:56

„კომერსანტი“ 8 წამით დაგვიანების გამო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსს გამოეთიშა

ნატა ძველიშვილი

22 ივლისს თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა. კონკურსში გამარჯვებული FM 93.5 სიხშირეზე მაუწყებლობის უფლებას მიიღებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებდა რადიო „კომერსანტი“, თუმცა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, მან საბუთების შეტანა 8 წამით დააგვიანა, რის გამოც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. კონკურსი 21 ივნისს გამოცხადდა და მსურველებს საბუთების შეტანა 22 ივლისის 17:00 საათამდე შეეძლოთ.

„განაცხადების მისაღებად დრო ერთი თვე იყო. ვიდეო კამერების შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ „კომერსანტის“ წარმომადგენელი კომისიაში შემოვიდა 8 წამის დაგვიანებით. შესაბამისად, არ მოხდა მისი რეგისტრაცია“, - უთხრა Media.Ge-ს კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა.

„კომერსანტის“ დირექტორის გოგა სამუშიას განცხადებით, მათი კონკურსიდან მოხსნა რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებლების ინიციატივით მოხდა.

„რომ შევედით „ჰერთმა“ ერთგვარ საპროტესტო აქცია მოგვიწყო. გვითხრეს, რომ ბოლო წამია და დავაგიანეთ. მერე მიდიოდა დავა რამდენად სწორი იყო საათი, რითიც უნდა გვეხელმძღვანელა. ახლა კონსულტაციას გავდივარ იურისტებთან, რამდენად შეიძლება ამ საქმეზე დავა“, - აღნიშნა გოგა სამუშიამ და განაცხადა, რომ სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოახერხეს კონკურსისთვის გამოყოფილი ერთ თვიან ვადაში განაცხადის წარდგენა.

„კომერსანტის“ კონკურსიდან მოხსნა რომ რადიო „ჰერეთის“ და არა კომისიის ინიციტივით მოხდა, ადასტურებს „არტ რადიოს“ დირექტორი ირაკლი დათშიძეც, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო.  

რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე კი ამბობს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით საბუთები 17:00 საათამდე უნდა შეეტანათ და ეს მოთხოვნა ყველასათვის ერთნაირად უნდა ყოფილიყო.

„როდესაც საბუთები ჩავაბარეთ ჩვენ და „არტ რადიომ“ კანცელარიაში განგვიცხადეს რომ დასრულდა საბუთების მიღება და მონაწილეობას 5 კომპანია იღებდა. ამ დროს შემოვიდა „კომერსანტის“ წარმომადგენელი. მე გავაპროტესტე და ვუთხარი, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. საბოლოოდ იურიდიულმა დეპარტამენტმა გადაამოწმა და დადგინდა, რომ „კომერსანტმა“ 8 წამით დაიგვიანა“, - თქვა რამაზ სამხარაძემ.

საბოლოო ჯამში „კომერსანტი“ კონკურსს მიღმა დარჩა.

კონკურსში მონაწილეობას სულ 5 კომპანია მიიღებს. Media.Ge მათ შესახებ მცირე ინფორმაციას გთავაზობთ.  

შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ - ლაგოდეხში ბაზირებული რადიო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია თბილისში მაუწყებლობის უფლების მიღებას ითხოვს. ის 2011 წელს გამოცხადებულ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა მაშინ გამარჯვება შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ მოიპოვა,  FM 98.5 სიხშირე მიიღო და რადიო „ცხელი შოკოლადი“ შექმნა.

რადიო „ჰერეთის“ ერთპიროვნული მფლობელი რამაზ სამხარაძეა, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ განვითარების მენეჯერია. რადიოს კი მისი ძმა თამაზ სამხარაძე ხელმძღვანელობს

შპს „ენერჯი გრუპი“ - კომპანია მიმდინარე წლის 7 მარტს დაფუძნდა და ინგლისურენოვან ბიზნეს ჟურნალს Commercial Times -ს გამოსცემა. მისი დირექტორი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილია, მასვე ეკუთვნის კომპანიის 20 პროცენტი, დანარჩენი 80 პროცენტი კი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტს ლაშა ჩხენკელს ეკუთვნის. მათ „ენერჯი გრუპი“ 6 ივნისს თავდაპირველი მფლობელებისგან (თამარ თირქია, ანი ტაბატაძე, ქეთევან ტაბატაძე) 6 ათას 200 ლარად შეიძინეს.

ბანდურაშვილმა და ჩხენკელმა უკვე იყიდეს ტელეკომპანია TV3 (ყოფილი რეალტივი) და განაცხადეს რომ ბიზნეს არხის გაკეთებას აპირებენ.

შპს „სტერეო+“ - მისი დირექტორი და 68 პროცენტის მფლობელი დავით ზილფიმიანია, რომელიც ასევე ფლობს ტელეკომპანია „პირველ სტერეოს“ 22 პროცენტს, დირექტორის პოსტზე კი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. „პირველმა სტერეომ“ 2013 წლის 20 ივლისს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ტრანსლირება დაიწყო.

 თავად „სტერეო +“ რადიო სიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ფლობს და მაუწყებლებს სიგნალის გავცელების მომსახურებას სთავაზობს. „სტერეო +“-ის დანარჩენი წილები კი ასე ნაწილდება მარკო კუპოლეტი 10%, ვახტანგ ჭკუასელი 11% და ასევე 11 პროცენტს ფლობს ზურაბ ჭელიძე, რომელიც ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

შპს „არტ რადიო“ - დარეგისტრირდა მიმდინარე წლის 19 ივლისს. მისი დირექტორი ირაკლი დათეშიძეა, რომელიც რადიო „აფხაზეთის ხმის“ აღმასრულებელი დირექტორია. ერთპიროვნული მფლობელი კი მისი მეუღლე მარინა მეფარიშვილია.

შპს „არტ პალასი“ - კომპანიის დირექტორი ჯიმშერ მეფარიშვილია ერთპიროვნული მფლობელი კი გია ანდღულაძე, რომელსაც შპს „ლილო-მოლის“ 14 პროცენტიც ეკუთვნის. „არტ პალასი“ იურიდიულად სწორედ „ლილო მოლის“ტერიტორიაზეა რეგისტრირებული.

რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2013 წლის 25 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება. 2013 წლის 22 აგვისტოს 13:00 საათზე ჩანიშნულია ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსანტები თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ, ხოლო კონკურსი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად 2013 წლის 26 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test