შემოგვიერთდი

24.07.2013 16:04

იუსტიციის სამინისტრომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფრმაციის ნუსხა შეიმუშავა

ნატა ძველიშვილი

იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას 1 აგვისტომდე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა უნდა წარუდგინოს. სია ყველა იმ ინფორმაციას მოიცავს, რაც საჯარო უწყებებმა დაუყოვნებლივ საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნონ. ეს ვალდებულება იუსტიციის სამინისტროს პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, იმ განკარგულებით დაეკისრა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ინიციატივა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

იუსტიციის სამინისტრომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ნუსხის პროექტი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე შეადგინა.  24 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ნუსხისა და მთავრობის დადგენილების პროექტი, რითიც საჯარო უწყებებს ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოქვეყნება უნდა დაევალოთ.

პროექტის თანახმად, ნუსხაში შედის რამდენიმე კატეგორიის ინფორმაცია მათ შორის:

ზოგადი ინფორმაცია საჯარო დაწესებულების შესახებ - სტრუქტურული ხე და ფუნქციების აღწერა, მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ტექსტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი ან/და სხვა სამართლებრივი აქტი) ხელმძღვანელი პირების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები.

საჯარო ინფორმაციის გვერდი - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, ადმინისტრაციული საჩივრისფორმები/ნიმუშები, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესული განცხადებების სტატისტიკა

ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ -  საჯარო დაწესებულებაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კანდიდატისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსის ჩატარების წესი, კონკურსის შედეგები, კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა

ინფორმაცია განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების  და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ - სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა, და გადარიცხული თანხების მითითებით, ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული აუქციონის შესახებ. რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები

ინფორმაციასაჯარო დაწესებულების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ - დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები, ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ, ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ, საჯარო დაწესებულების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით, უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები) შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან საჯარო დაწესებულებისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სამართლებრივი აქტები

სამართლებრივი აქტები - ნორმატიული სამართლებრივი აქტები, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა იმ აქტებისა, რომლებიც გამოცემულია პერსონალურ და საკადრო საკითხებზე, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რეესტრი.

მთავრობის დადგენილების პროექტის თანახმად, ამგვარი ინფორმაციის გამოქვეყნება ყველა საჯარო დაწესებულებას შეეხება. თუმცა პროექტიულად გამოქვეყნება უწყებას არ ათავისუფლებს იმავე, ან სხვა საჯარო ინფორმაციის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაცემისგან. საჯარო დაწესებულება პასუხს აგებს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტესა და განახლებაზე. ამავე დადგენილებით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება ელექტრონულად შესაძლებელი ხდება.

პროაქტიულად  ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები,  სპეციალურ დანართში უნდა გაიწეროს, რომელიც ჯერ შემუშავებული არ არის. დადგენილება 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს იუსტიციის სამინისტროსთან შეხვედრა 1 აგვისტომდე სურთ იმისათვის, რომ საკუთარი შენიშვნები შესთავაზონ. მაგალითად, მათი სურვილია რომ პროაქტიულად გამოქვეყნებას დაექვემდებაროს საჯარო ინფორმაციის რეესტრი, აგრეთვე უწყებებში დაცული მონაცემთა ბაზების აღწერა და ჩამონათვალი, უწყების მიერ შეგროვებული და დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია და ბიუჯეტის შესრულების ბალანსი.

IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის პროექტიულად გამოქვეყნება იმ უწყებებსაც შეეხოთ ვისზეც მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება, მაგალითად - თვითმმართველ ორგანოებსა და სასამართლოებს. „ამიტომ უნდა ვიმსჯელოთ და ჩვენი ხედვა შევთავაზოთ, ეს ვალდებულება მთავრობის დადგენილებით უნდა წარმოიშვეს, თუ სხვა ნორმატიული აქტით“, - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test