შემოგვიერთდი

25.07.2013 16:09

GNCC რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციას გაეცნო

ნატა ძველიშვილი

GNCC

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 25 ივლისს თბილისში რადიო მაუწუყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირების მიერ წარდგენილი დალუქული დოკუმენტაცია გახსნა. როგორც სხდომაზე გაირკვა, არცერთ მათგანს ხარვეზი არ დაუდგინდა და კონკურსში ხუთივე კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა შპს „არტ პალასი“, შპს „ენერჯი გრუპი“, შპს „სტერეო +“, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და შპს „არტ რადიო“.

კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, შპს „არტ რადიოსთან“ დარღვეული იყო მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლი, რომელიც მაუწყებლობის კონცენტრაციას კრძალავს. კანონის თანახმად,  „პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად, ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.“

ურთიერთდამოკიდებულება ამავე კანონში განმარტებულიa, როგორც ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ, ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს, ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის, ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს;

კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, ვინაიდან “არტ რადიოს” დირექტორი ირაკლი დათეშიძე პარალელურად არის რადიო „აფხაზეთის ხმის“ გამგეობის წევრი, ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. თუმცა, კომისიის წევრები არ დაეთანხმნენ იურიდიული დეპარტამენტის დასკვნას.

მათი აზრით, არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება, ვინაიდან თავად შპს „არტ რადიოს“ არ გააჩნია არც პირდაპირ და არც ირიბად არც აქციები და არც საწესდებო კაპიტალი „აფხაზეთის ხმაში“, გარდა ამისა, „არტ რადიო“ არ ასრულებს  „აფხაზეთის ხმისთვის“ რაიმე ანაზღაურებად სამსახურს და „არტ რადიო“ ფიზიკურად ვერ იქნება „აფხაზეთის ხმის“ თანამდებობის პირი. შესაბამისად, „არტ რადიოს“ კონკურსში მონაწილეობის უფლება მისცეს.

კომისიაში წარდგენილი დოკუმენტეციის თანახმად, შპს „არტ პალასი“ ლიცენზიის მიღების შემთხვევაში 1 წლის ვადაში გეგმავს მაუწყებლობის დაწყებას, მაუწყებლობის ხანგრძლივობა კი დღე ღამის განმავლობაში 24 სააათი იქნება. რადიო „არტ პალასის“ მფლობელის გია ანდღულაძის ინვესტიციით დაფინანსდება.

შპს „ენერჯი გრუპი“ რადიო „ზენიტის“ შექმნას გეგმავს, მაუწყებლობას კი ლიცენზიის მიღებიდან 2 თვეში გეგმავს, მაუწყებლობის ხანგრძლივობა 19 საათი იქნება. დამფუძნებლები კახა ბაინდურაშვილი და ლაშა ჩხენკელი იღებენ ვალდებულებას, რომ რადიოს პირადი სახსრებიდან დააფინანსებენ.

შპს „სტერეო +“ -ის დამფუძნებლები რადიოსთვის ჯამში 300 ათასი ლარის გამოყოფას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია რადიო მაუწყებლობის სიხშირეს მიიღებს. მაუწყებლობას 6 თვის ვადაში გეგმავენ ხანგრძლივობა კი დღე-ღამეში 12 საათი იქნება.

შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ - ლიცენზიის მიღების შემთხვევაში მაშინვე 24 საათიანი მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს. კომისიაში ჰერთმა წარადგინა შპს „კაპიტანისა“ და შპს „გუდ თრეველის“  წარმომადგენლების წერილი, სადაც ისინი პირობას დებენ, რომ 40 ათას და 30 ათასი ლარის ოდენობის სარეკლამო დროს იყიდიან, თუ ჰერეთი თბილისში მაუწყებლობის ლიცენზიას მიიღებს.

შპს „არტ რადიო“ – 24 საათიანი მაუწყებლობის დაწყებას 2 თვის ვადაში აპირებს. კომპანიის განცხადებით, რადიოს დაფინანსება მოხდება რეკლამიდან. ამ ეტაპზე კი მას გააჩნია საკმარისი რესურსი იმისა, რომ ახალ სიხშირეზე მაუწყებლობა დაიწყოს.

კონკუსში მონაწილე კომპანიებმა სამაუწყებლო კონცეფციებიც წარადგინეს, რომლის საფუძველზეც კომისიის წევრები გამარჯვებულს გამოავლენენ.

2013 წლის 22 აგვისტოს 13:00 საათზე ჩანიშნულია ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსანტები თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ, ხოლო კონკურსი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად 2013 წლის 26 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება.

გამარჯვებული კომპანია თბილისში FM 93.5 სიხშირეზე მაუწყებლობის უფლებას მიიღებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test